„დიდთა შორის უდიდესი“ ბერძენი გარდაიცვალა (ვიდეო)
გარდაიცვალა ნავთობის მაგნატი და გემთმფლობელი, მილიარდერი ვარდის ვარდინოიანისი. იგი „დიდითა შორის უდიდეს“ ბერძენთა სიაში მოხვდა და არა მხოლოდ Vardinoyannis Group-ის ხელმძღვანელი, არამედ ყველაზე გავლენიანი ბერძენი ბიზნესმენი იყო. ვარდის ვარდინოიანისი (ბერძნ. Βαρδής Βαρδινογιάννης) 4 დეკემბერს 91 წლისა გახდებოდა.
ვარდინოიანისმა თითქმის 50 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საბერძნეთის ეკონომიკაში. მან აქტიური წვლილი შეიტანა ბერძნული მრეწველობის და გემთმიმოსვლის განვითარებაში, ასევე მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ქველმოქმედებაში.
ვარდის ვარდინოიანისი 1933 წელს დაიბადა კრეტაზე, რეთიმნოს ეპისკოპიში, ფერმერების ოჯახში.
იგი დაწყებით სკოლაში სწავლობდა მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც კრეტა გერმანელებმა დაიკავეს. ომის შემდგომ წლებში ვარდინოიანისი ათენში წავიდა, სადაც საბერძნეთის საზღვაო აკადემიაში ჩაირიცხა. მან აკადემია 1955 წელს დაამთავრა საბერძნეთის საზღვაო ძალების ოფიცრის წოდებით. მოგვიანებით იგი სამსახურიდან დაითხოვეს და შორეულ კუნძულზე გადაასახლეს, რადგან ეწინააღმდეგებოდა ხუნტას (ე. წ შავი პოლკოვნიკების ხუნტა), რომელიც საბერძნეთს 1967-1974 წლებში მართავდა.
ვარდინოიანისი 1970-იან წლებში ოჯახურ ბიზნეს შეუერთდა და მის გაფართოებას შეუწყო ხელი, ბიზნესი კიდევ უფრო გაძლიერდა Aramco-სთან თანამშრომლობით 1990-იან წლებში. ვარდინოიანისმა და მისმა ნათესავებმა თავიანთი ინტერესები მთელ მსოფლიოში გაავრცელეს და ბევრ წარმატებულ კომპანიას აკონტროლებენ სხვადასხვა სექტორში. მათი ინტერესები მოიცავს ნავთობის მრეწველობას, გადაზიდვებს, საბანკო საქმეს, მედიას, უძრავ ქონებას, სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიას, საგამომცემლო საქმეს და ქველმოქმედებას. 2015 წლის მონაცემებით, ვარდინოიანისების ოჯახი 98 კომპანიაში ფლობდა წილებს საბერძნეთსა და მის ფარგლებს გარეთ.
1990 წლის 20 ნოემბერს ტერორისტულმა ჯგუფმა „17 ნოემბრის რევოლუციური ორგანიზაცია“ მისი მოკვლა ცადა. როდესაც ხელის ყუმბარმტყორცნიდან არამართვადი 3 რაკეტა ესროლეს, ვარდის ვარდინოიანისი თავის დაჯავშნილ „მერსედესში“ იჯდა და ძლიერი ჯავშნის წყალობით გადარჩა.
მეგობრობა კენედის ოჯახთან
ვარდის ვარდინოიანისი და მისი მეუღლე მარიანა ბილ კლინტონთან და მსოფლიოს სხვა ლიდერებთან ერთად რობერტ კენედის ლიდერთა საბჭოს თანადამფუძნებლები არიან. რობერტისა და ეტელ კენედების ქალიშვილის, რორი კენედისა და მარკ ბეილის ქორწილი ვარდინოიანისის სასახლეში გაიმართა, ათენის პრესტიჟულ რაიონში – ეკალიში. რორის უფროსი დის, კორტნი კენედის ქორწილი კი 1993 წელს ვარდინოიანის კუთვნილ მდიდრულ იახტაზე – Varmar-ზე გადაიხადეს.
ვარდინოიანისს და მის მეუღლეს – მარიანა მპურნაკის ხუთი შვილი ჰყავთ, მათ შორის, იანის ვარდინოიანისი. იგი ასევე არის გემების მაგნატის, საფეხბურთო კლუბ პანათინაიკოსის პრეზიდენტის, იორღოს ვარდინოიანისის ძმა.
ვარდინოიანისი იყო MOTOR OIL (HELLAS) კომპანიების ჯგუფის ერთ-ერთი დამფუძნებელი, რომელიც ნავთობის გადამუშავებას, ნავთობით ვაჭრობას, ასევე ელექტროენერგიის, განახლებადი ენერგიის წყაროების წარმოებასა და მიწოდებას ეწევა.
ბოლო წლებში მედია წერდა კონფლიქტზე MOTOR OIL-სა და კირიაკოს მიცოტაკისის მთავრობას შორის, რომელმაც ზემოგების მქონე ნავთობკომპანიების დაბეგვრა გადაწყვიტა.
ვარდის ვარდინოიანისი ათენში გარდაიცვალა 2024 წლის 12 ნოემბერს. მისი ქონება გარდაცვალების მომენტში 2,3 მილიარდ აშშ დოლარად იყო შეფასებული.
ნინო ბაჯელიძე
დაკავშირებულ თემაზე: თამთას შეყვარებულის ბიძა ყველაზე მდიდარი ბერძენია
კომენტარები