fbpx
საზოგადოებასაბერძნეთი

თამთას შეყვარებულის ბიძა ყველაზე მდიდარი ბერძენია – FORBES-ის რეიტინგი

გამოცემა FORBES-ის პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში 5 ბერძენი მაგნატიც არის შესული.  

Forbes-ის ვერსიით, ამ დროისთვის ყველაზე მდიდარი ბერძენია ბანკირი, გემთმფლობელი და ნავთობის მაგნატი სპიროს ლაცისი 3 მილიარდი აშშ დოლარის ქონებით. მას რეიტინგში 840-ე ადგილი უჭირავს. სპიროს ლაცისმა უზარმაზარი ოჯახური ქონების მართვის სადავეები მამის – იანის ლაცისის გარდაცვალების (2003 წ.) შემდეგ გადაიბარა.

სხვათა შორის, სპიროს ლაცისი საბერძნეთში მოღვაწე ქართველი მომღერლის, თამთას შეყვარებულის – პარის კასიდოკოსტას-ლაცისის ბიძაა (მისი დედის – მარიანა ლაცისის ძმა).

ლაცისის ოჯახი ეწევა ნაოსნობას ბრიტანული კომპანია Latsco-ს (London) Ltd. მეშვეობით, რომელიც 2006 წელს არის დაარსებული; საბანკო საქმიანობას, უძრავი ქონების და ნავთობის ბიზნესს; ლაცისის ოჯახი ფლობს ნავთობკომპანია Hellenic Petroleum-ის 45,5%-ს და ბერძნული კომპანია Lamda Development-ის აქციების 50,9%-ს.

ოჯახს აქვს 43,8%-იანი წილი EFG International-ში (კერძო საბანკო ჯგუფი ციურიხში), რომელიც თავის საქმიანობას შვეიცარიული კომპანია EFG Bank European Financial Group-ის მეშვეობით ახორციელებს. ლაცისის ოჯახი მართავს ბერძნულ კომპანია PrivatSea-საც, რომელიც სუპერიახტებს ემსახურება.

მეორე ადგილი ბერძნებს შორის და 915-ე ადგილი Forbes-ის რეიტინგში ამ დროისთვის უკავია სტავროს ნიარხოსის უფროს ვაჟიშვილს – ფილიპ ნიარხოსს 2,8 მილიარდი აშშ დოლარის ქონებით. მას, სხვა ყველაფერთან ერთად, მემკვიდრეობით ერგო საკუთარი მამის ხელოვნების ნიმუშების კოლექციის დიდი ნაწილი და ფლობს ვან გოგის ყველაზე დიდ კერძო კოლექციას, მათ შორის, გენიალური მხატვრის ცნობილ პორტრეტს მოჭრილი ყურით.

მესამე ადგილზეა არისტოტელის მისტაკიდისი (ტელისი) 1,8 მლრდ დოლარის ქონებით. მან ქონება ლითონის და ნედლეულის სექტორში საქმიანობით დააგროვა.

შემდეგ მოდის ვარდის ვარდინოიანისი 1,6 მლრდ დოლარით; იგი არის Motor Oil Hellas-ის და Vegas Oil and Gas-ის თავმჯდომარე და საკონტროლო პაკეტის მფლობელი აქციონერი.

„ფორბსის“ რეიტინგშია, აგრეთვე, ივან სავიდისი 1,6 მლრდ ქონებით, თუმცა იგი ბერძენ მილიარდერებს შორის არ იძებნება, არამედ „ფორბსს“ რუს მილიარდერებს შორის ჰყავს შეყვანილი. მისი საქმიანობის სფეროდ გამოცემას მოკლედ უწერია „აგრობიზნესი“. როგორც ცნობილია, ივან სავიდისი საქართველოში, წალკის რაიონში, ბერძნულ სოფელ სანტაშია დაბადებული 1959 წელს, თუმცა სკოლა როსტოვის ოლქში დაამთავრა და რუსეთში ცხოვრობდა. ამჟამად იგი რუსეთის და საბერძნეთის მოქალაქეა.

2012 წელს ივან სავიდისმა ბერძნული საფეხბურთო კლუბის, ΠΑΟΚ-ის საკონტროლო პაკეტი შეიძინა. 2018 წლის მარტში საფეხბურთო მატჩის დროს იგი პისტოლეტით ხელში მოედანზე შევარდა, რის გამოც საბერძნეთის ჩემპიონატის მატჩებზე დასწრება 3 წლით აეკრძალა, თუმცა უფლება აქვს დაესწროს  ПАОК-ის მატჩებს ევროკლუბებში.

ნიკო აბაშიშვილი

დაგაინტერესებთ: „პაოკის“ შეიარაღებული პრეზიდენტი საფეხბურთო მოედანზე შევარდა და მსაჯს ემუქრებოდა

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close