11 წლის ალექსანდრე ფეიქრიშვილი პირველი ქართველია, რომელიც „ბარსელონას“ აკადემიის მსოფლიო თასზე ითამაშებს
იტალიაში მცხოვრები 11 წლის ალექსანდრე ფეიქრიშვილი „ბარსელონას“ აკადემიამ მსოფლიო ჩემპიონატში (Barça Academy World Cup 2025) მონაწილეობისთვის შეარჩია. ჩემპიონატი მომავალი წლის 14-17 აპრილს გაიმართება ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში. ალექსანდრე ფეიქრიშვილი იტალიის U12 ნაკრების შემადგენლობაში ითამაშებს.
„ამ ზაფხულს, ივლისში „ბარსელონას“ აკადემიიდან იყვნენ ჩამოსულები დამკვირვებლები და გუშინ (18 ოქტომბერი) საღამოს მივიღეთ ესპანეთიდან წერილი, თქვენს შვილს „ბარსელონა“ მსოფლიო თასზე სათამაშოდ იწვევსო, – მეუბნება ალექსანდრეს დედა ია შარიაშვილი (ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს მას, როგორც ნიჭიერ და თვითმყოფად თვითნასწავლ მხატვარს). – არ გვჯეროდა, დავრეკეთ და გვითხრეს, რომ სიმართლე იყო. მაშინ, აკადემიის ვარჯიშების დროს კი უთხრა თავისმა მწვრთნელმა, უდიდესი ტალანტი გაქვს და ასე გააგრძელეო. სასწაულებს აკეთებდა. წამოსვლისას „ბარსელონას“ აკადემიის დამკვირვებლებმა დაუძახეს და ალექსთან ფოტო გადაიღეს, ალბათ უკვე შერჩეული ჰყავდათ… აქაც ვინ აღარ გვილოცავს, გადარეულები არიან, ჯერ კიდევ ვერ მოვდივართ გონზე. „ბარსელონას“ აკადემიას დიდი ფეხბურთელების „ინკუბატორს“ უწოდებენ. ეს გზა გაიარა ბევრმა ვარსკვლავმა, მათ შორის, მესიმ, გავიმ, იამალიმ და სხვებმა…“
11 წლის ალექსანდრე ფეიქრიშვილმა საფეხბურთო ისტორიაში თავისი პირველი ფურცელი უკვე დაწერა – იგი პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელიც „ბარსელონას“ აკადემიის მსოფლიო თასზე ითამაშებს.
ალექსანდრე იტალიაში, ქალაქ სიენაში დაიბადა 2013 წლის 23 აგვისტოს. როგორც დედამისი, ია შარიაშვილი ამბობს, 2 წლიდან იჩენდა დიდ ინტერესს ფეხბურთის მიმართ და 2021 წლის ოქტომბერში, 8 წლის ასაკში მიიყვანეს ფეხბურთზე ქალაქ პოჯიბონსის გუნდ „Upp“-ში, რომელიც ფლორენციის „ფიორენტინას“ ეკუთვნის. მწვრთნელებმა მისი გამორჩეული ნიჭიერება პირველივე ვარჯიშზე შეამჩნიეს და მაშინვე წაიყვანეს შეჯიბრზე (არავის სჯეროდა, რომ მანამდე ფეხბურთზე არასოდეს უვლია), რის შემდეგაც თავისი გუნდის მთავარი ფიგურა გახდა. ალექსანდრე 10 ნომრით თამაშობს, ფორვარდის პოზიციაზე. უყვარს დრიბლინგები და ორივე ფეხით ერთნაირად თამაშობს. წლევანდელი სეზონის დასასრულს თავისი გუნდის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს და „ოქროს ბურთი“ გადასცეს თანაგუნდელების და მწვრთნელების ხელმოწერებით.
ასევე, როგორც გუნდის კაპიტანს, მოგებული აქვს სხვადასხვა ტურნირი ტოსკანაში.
ალექსმა ამ ზაფხულში წარმატებით ჩაატარა „ბარსელონას“ აკადემიის შესარჩევი ვარჯიშები და ბევრი კომპლიმენტიც მიიღო ესპანელი დამკვირვებლებისგან. გუშინ კი გაირკვა, რომ იგი ესპანეთში მსოფლიო თასზე სათამაშოდ შეარჩიეს, რომელიც „ბარსელონას“ აკადემიის ორგანიზებით გაიმართება 2025 წლის 14-17 აპრილს. ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად „ბარსელონას“ აკადემიამ ნორჩი ფეხბურთელები, გოგონები და ბიჭები, სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის (U8-დან – U16-მდე) მთელი მსოფლიოდან, 200-მდე გუნდიდან შეარჩია (სულ 2000-მდე ფეხბურთელი). U12 ასაკობრივ ჯგუფში (2013-2014 წლებში დაბადებულები) 600 ბიჭიდან იტალიის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონატზე 15 ითამაშებს, მათ შორის, ალექსანდრეც.
ალექსანდრემ რამდენიმე კითხვაზეც გვიპასუხა:
ალექს, ელოდი, რომ „ბარსელონას“ აკადემიის მსოფლიო თასისთვის შეგარჩევდნენ?
კი, ვიცოდი, რომ შემარჩევდნენ, იმიტომ რომ ჩემს თავში დარწმუნებული ვიყავი.
როგორც აღნიშნავენ, ტექნიკურ და ლამაზ ფეხბურთს თამაშობ, თურმე სპეციალურად შენს საყურებლად მოდის ხოლმე ხალხი თქვენი გუნდის თამაშის დროს. კვარას გარდა რომელი ფეხბურთელი მოგწონს ყველაზე მეტად?
ფეხბურთის გაცდენა არ გიყვარს – იამ მითხრა, მზეში, წვიმაში, თოვლში, სიცხიანი, მაინც მიდის ვარჯიშზეო. როგორც ვიცი, სკოლაშიც კარგად სწავლობ. ზოგი ამბობს, ფეხბურთი და სწავლა ერთმანეთთან შეუთავსებელიაო. შენ როგორ უთავსებ?
დისციპლინა აუცილებელია, თუ რეჟიმში არ იქნები და დისციპლინა არ გექნება, ფეხბურთელი ვერ გახდები. სწავლა ხელს არ მიშლის, პირიქით, სწავლა აუცილებელია, რომ იაზროვნო, ფეხბურთში აზროვნება გჭირდება, სწავლა კი ტვინს ავარჯიშებს… მაგრამ თუ არჩევანის წინაშე დავდგები, ფეხბურთს ავირჩევ.
„ხვიჩა კვარაცხელიას“ გამოთქმა ძალიან გაუჭირდათ იტალიელებს (და მთელ მსოფლიოს), „ფეიქრიშვილის“ გამოთქმაც ხომ არ უჭირთ? 😀
ფეხბურთზე არა, სხვებს კი – ზოგს უჭირს, ზოგს არა.
შენი კლასელები, მეგობრები როგორ შეხვდნენ „ბარსას“ აკადემიიდან მსოფლიო ჩემპიონატზე სათამაშოდ შენს მიწვევას?
ჩვენ გუშინ საღამოს გავიგეთ და ჩემმა კლასელებმა ჯერ არ იციან. ჯერ ჩემმა მწვრთნელმაც არც იცის, ხვალ გვაქვს შეჯიბრი და რომ გაიგებს, ძალიან გაუხარდება.
ია: ფეისბუქის მეგობრებში ვინც გვყავს, მათ გაიგეს და დიდი ემოციებით დაურეკეს ალექსანდრეს, ულოცავენ, ზოგმა სიენიდან დაურეკა – ბაღში ვისთან ერთადაც დადიოდა, იმ ბავშვებმა. ორშაბათს რომ მივა სკოლაში, რა თქმა უნდა, ყველა გაიგებს და ფეხბურთზეც იქნება დიდი ემოციები…
ალექს, მამამ (იოსებ ფეიქრიშვილი – ნ. ლ.) რა თქვა, წერილი რომ მოვიდა?
თქვა, ხომ ვიძახდი, ეს ბავშვი ფენომენიაო. 😀
შენმა უფროსმა ძმამ – თემუკამ?
ძალიან ვამაყობ შენითო, მითხრა.
10 ნომრით თამაშობ, თუ იცი, რომელი ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი თამაშობდა 10 ნომრით?
კი, დავით ყიფიანი. გიორგი ქინქლაძეც.
ფეხბურთის თამაში ძალიან გიყვარს, ძალიან ნიჭიერი ხარ, მიზნები თუ გაქვს გარკვეული უკვე?
როცა ვთამაშობ, სიამოვნებას ვიღებ, თუმცა დიდი მიზნებიც მაქვს! მე ჩემს ფეხბურთს ვთამაშობ და ჩემი სტილი მაქვს, მე რომ ვინმეს მივბაძო, ალექსანდრე აღარ ვიქნები და გავაფუჭებ თამაშს. ყველამ თავისი სტილით უნდა ითამაშოს, როგორც ბუნებრივად გამოსდის – ისე, თუ უნდა, რომ რამეს მიაღწიოს.
გისურვებ, რომ დიდ წარმატებებს მიაღწიო საფეხბურთო ასპარეზზე, ჩვენ კი შენს წარმატებებს სიამოვნებით გავაშუქებთ მომავალშიც!
ნინო ლურსმანაშვილი
p. s. ეს ფოტო 2023 წლის ზაფხულშია გადაღებული, როდესაც ალექსანდრე დედასთან ერთად საქართველოში იყო ჩამოსული. მაშინ გავიცანი პირადად ჩემი რესპონდენტი, გამორჩეულად ნიჭიერი თვითნასწავლი მხატვარი – ია შარიაშვილი და მისი უმცროსი ვაჟი. ერთად სამახსოვრო ფოტოც გადავიღეთ. ფოტო ჩემს ფეისბუქზე გამოვაქვეყნე და დავწერე: დაიმახსოვრეთ ეს ბიჭი – ალექსანდრე ფეიქრიშვილი, მომავალი ვარსკვლავი!..
დაკავშირებულ თემაზე: თვითნასწავლი ქართველი მხატვარი, რომელიც ტოსკანის მზის ქვეშ „დაიბადა“
თვითნასწავლი ქართველი მხატვარი, რომელიც ტოსკანის მზის ქვეშ „დაიბადა“
კომენტარები