მიგრაციამსოფლიოnews

„არალეგალურ მიგრაციას მინიმუმამდე დავიყვანთ!“ – პოლონეთის პრემიერ-მინისტრი

პოლონეთი ახალი მიგრაციული სტრატეგიის ფარგლებში თავშესაფრის უფლების მოქმედების შეჩერებას აპირებს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის განცხადებით, პოლონეთი არ განახორციელებს იმ ევროპულ იდეებს, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებას ძირს უთხრის, ამიტომ ქვეყანა აპირებს, დროებით შეაჩეროს პოლონეთში პოლიტიკური თავშესაფრის მიღების უფლება. ამის შესახებ მან 12 ოქტომბერს „სამოქალაქო კოალიციის“ ყრილობაზე ისაუბრა. 

„პოლონეთში არალეგალურ მიგრაციას მინიმუმამდე დავიყვანთ, აღმოვფხვრით იმ პრაქტიკებს, რომლებიც, ფაქტობრივად, გვერდს უვლიდა პოლონეთის ინტერესებს, არღვევდა პოლონელი ქალებისა და მამაკაცების, ასევე, პოლონეთის სახელმწიფოს უსაფრთხოებას. ამ პრაქტიკას ნულამდე დავიყვანთ“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა.

მისივე განმარტებით, ახალი მიგრაციული სტრატეგია მინისტრთა კაბინეტს 15 ოქტომბერს წარედგინება. ამ დოკუმენტის ერთ-ერთი ელემენტი იქნება თავშესაფრის უფლების დროებითი ტერიტორიული შეჩერება.

როგორც ტუსკი ამბობს, ამ უფლებით ბოროტად სარგებლობენ ალექსანდრ ლუკაშენკა და ვლადიმერ პუტინი, აგრეთვე, ადამიანებით მოვაჭრეები, რომლებიც არალეგალურ მიგრაციას უწყობენ ხელს.

„ახალი მიგრაციული სტრატეგიის ერთ-ერთი ელემენტი იქნება თავშესაფრის უფლების დროებითი ტერიტორიული შეჩერება და მოვითხოვ, ევროპამ აღიაროს ეს გადაწყვეტილება, რადგან კარგად ვიცით, რომ ამით სარგებლობენ ლუკაშენკა, პუტინი, კონტრაბანდისტები, ადამიანებით მოვაჭრეები. ვიცით, რომ თავშესაფრის უფლებას იყენებენ თავშესაფრის უფლების არსის საწინააღმდეგოდ“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა.

პრემიერ-მინისტრის აპარატის ხელმძღვანელმა იან გრაბესმა განმარტა, რომ თავშესაფრის უფლების დროებითი შეჩერება მხოლოდ ბელარუსიდან საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობებს შეეხება.

ტუსკის განცხადება მწვავედ გააკრიტიკა საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ის ფილიალმა Amnesty Polska-მ. „ამ უფლების დაუსაბუთებელი შეჩერება, თუნდაც დროებით, მიუღებელია და სხვა საკითხებთან ერთად ეწინააღმდეგება ჟენევის კონვენციას და ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას“, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ სოციალურ მედიაში გავრცელებულ პოსტში.

ნანა ძნელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close