რას არ გაიგებ/ფაქტები

ცხელი ყავა ადამიანებს უფრო კეთილს ხდის – კვლევა

ამერიკელი ფსიქოლოგები აცხადებენ, რომ ადამიანი ცხელი ყავით სავსე ფინჯნით ხელში მარტო გარეგნულად კი არ ჩანს კეთილი, არამედ სინამდვილეშიც უფრო გულისხმიერი და სათნო ხდება.

სპეციალისტებმა მოხალისეებს სთხოვეს შეეფასებინათ ორი პიროვნება, რომელთაგან ერთს ცხელი, ხოლო მეორეს ცივი ყავა ესხა ფინჯანში… და თქვენ წარმოიდგინეთ, ადამიანს ცივი სასმლით ხელში უფრო ხშირად ცივსა და უგულოს უწოდებდნენ, ხოლო ცხელი ყავის „მსმელს“ – თბილს, კეთილსა და გულუხვს.

შემდეგ პირადად მათ – მოხალისეებს სთხოვეს, აეღოთ ცხელი და ცივი ყავით სავსე ფინჯნები, მერე კი შეერჩიათ სასაჩუქრე სერტიფიკატი თავისთვის ან მეგობრისთვის. შედეგი გაინტერესებთ? აღმოჩნდა, რომ პირველებმა, ანუ იმ მოხალისეებმა, რომლებმაც ცხელი ყავა არჩიეს, საჩუქრის მიძღვნა ახლობელი ადამიანისთვის მოისურვეს, მათ კი, ვინც ცივი ყავა მოისურვა, ეგოისტური გადაწყვეტილება მიიღეს და საჩუქარი სათავისოდ აირჩიეს.

მეცნიერებმა ახსნეს, რომ სითბოს ანდა სიცივის შეგრძნება ზრდის აქტივობას თავის ტვინის ინსულარულ ქერქში (Insular Cortex), რომელიც ადამიანებთან ურთიერთობას განსაზღვრავს და პასუხისმგებელია ნდობის ფაქტორზე. ამიტომაც, სწორედ ტემპერატურაზეა დამოკიდებული, როგორ აღვიქვამთ დანარჩენ ადამიანებს და, რაღა თქმა უნდა, პირადად ჩვენი მოქმედებებიც მათთან მიმართებაში.

და კიდევ: ტომას ჯეფერსონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ცხელი ყავა გაცილებით უფრო სასარგებლოა, ვიდრე ცივი და ამის მიზეზია ის, რომ ცხელ ყავაში მეტი ანტიოქსიდანტია – საუბარია ტიტრირებადი მჟავების გაზრდილ დონეზე, რომლებიც ხელს უწყობენ სხეულის ქსოვილების ჟანგბადით გაჯერებას. ამასთან, ექსპერტები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ სარგებლის მომტანია მხოლოდ ნატურალური ყავა. თუ ადამიანს აქვს დეპრესიისადმი მიდრეკილება, ყავას შეუძლია ხასიათი გამოუკეთოს.

დილით ნატურალური ყავის დალევა ხელს უწყობს ცირკადული რიტმის დარეგულირებას. მაგრამ ყავის ნებისმიერი ხელოვნური შემცვლელი სახიფათოა, რადგან ისინი შეიცავენ ჰერბიციდებს, პესტიციდებს და მეთილენქლორიდს – საშიშ ტოქსიკურ ნაერთებს.

ამასთან, მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ ყავა ზომიერად უნდა მოვიხმაროთ.

თამარ ოთიაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close