მსოფლიოეკონომიკა

რას მიიჩნევენ კარგ ხელფასად ევროპის დედაქალაქებში?

კარგი ხელფასი მრავალი ფაქტორის, მათ შორის, პროფესიის, განათლების, გამოცდილების, ცხოვრების წესისა და პიროვნული მოლოდინის მიხედვით შეიძლება განსხვავდებოდეს.

Economic Research Institute-ის კვლევით დირექტორს კრის ჩეისტინს მიაჩნია, რომ საშუალოს ზემოთ ნებისმიერი ხელფასი შეიძლება აღიქმებოდეს, როგორც „კარგი“.

საშუალოზე მაღალი ხელფასი საშუალებას გაძლევს, დაფარო ძირითადი ხარჯები და საკმარისად დაგრჩეს პირადი საჭიროებებისთვის, მაგალითად, მოგზაურობისა და გართობისთვის, რომ არაფერი ვთქვათ დანაზოგებზე.

გთავაზობთ Euronews Business-ის გამოთვლებს, თუ რა მიიჩნევა კარგ ხელფასად ევროპის დედაქალაქებში. მაჩვენებლები დასაქმების სააგენტოების მონაცემებსა და ექსპერტების შეფასებებს ეფუძნება.

ბერლინი საშუალო გამოცდილების მქონე პროფესიონალებს წელიწადში 40 000-დან 60 000-მდე ევროს სთავაზობს

Talentup-ის თანახმად, გერმანიაში წლიური ხელფასი 64 000-დან 70 000-მდე ევროა. გადასახადების გამოკლებით, წელიწადში ეს დაახლოებით 40 000-43 000 ევროს ნიშნავს, თვეში კი – 3300-3600 ევროს.

სხვადასხვა პროფესიის შედარებისას თვალსაჩინოა, რომ ხელფასები ოდნავ მეტია ბერლინში, ვიდრე გერმანიის სხვა ქალაქებში. უშუალოდ ბერლინში საშუალო გამოცდილების პროფესიონალების ხელფასი 40 000-დან 60 000-მდე ევროა წელიწადში.

„მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ბერლინში ცხოვრების ხარჯები გაიზარდა, ის მაინც უფრო დაბალია სხვა მთავარ ევროპულ დედაქალაქებთან, მაგალითად, ლონდონთან და პარიზთან შედარებით“, – ამბობს ManpowerGroup UK-ის მმართველი ხელმძღვანელი მაიკლ სტული.

ლონდონში საშუალო გამოცდილების პროფესიონალები 50 000-დან (€59,455) 70 000-მდე გირვანქა სტერლინგს (€83 235) გამოიმუშავებენ

HousingAnywhere-ის თანახმად, დიდ ბრიტანეთში ყოველთვიური საშუალო ანაზღაურება 2297 გირვანქა სტერლინგია (€2725).

ONS-ის თანახმად, ლონდონში ყოველკვირეული მედიანური შემოსავალი დიდი ბრიტანეთის საშუალო მაჩვენებელს 23%-ით აღემატება, შესაბამისად, დედაქალაქში კარგ შემოსავლად თვეში 3643-დან 4815-მდე ევრო უნდა მიიჩნეოდეს. წლიური შემოსავალი კი 50 000-დან (€59 455) 70 000-მდე გირვანქა სტერლინგს (€83 235) უნდა აღწევდეს.

საფრანგეთში კომფორტული ცხოვრებისთვის ერთ ადამიანს 3200 ევრო სჭირდება

HousingAnywhere-ის მიხედვით, 2024 წელს საფრანგეთში ყოველთვიური საშუალო ანაზღაურება 2587 ევროა, ხოლო მედიანური ხელფასი – 1940 ევრო.

როგორც წესი, ქვეყანაში კომფორტული ცხოვრებისთვის საჭირო კარგი ხელფასი ერთ ადამიანზე 3200 ევრო, ხოლო სამწევრიან ოჯახზე 5600 ევროა.

პარიზში ცხოვრება რადგან უფრო ძვირია, კომფორტული ცხოვრებისთვის თვეში საშუალოდ 3400 ევროს ოდენობის ხელფასი დასჭირდებათ.

ესპანეთში კარგ ხელფასად 2700 ევრო მიიჩნევა

HousingAnywhere-ის მონაცემებით, 2024 წელს ესპანეთში საშუალო ხელფასი 2250 ევროა, გადასახადების გარეშე კი – 1785 ევრო.

გადასახადების გამოკლებით, ქვეყანაში კომფორტული ცხოვრებისთვის ერთი ადამიანის თვიური ხელფასი დაახლოებით 2700 ევროა, ხოლო ვისაც ოჯახის შენახვაც უწევს, მისთვის ხელფასი 4000 ევროს აღწევს.

იმის გათვალისწინებით, რომ დედაქალაქ მადრიდში საშუალო ხელფასი 18%-ით მეტია ეროვნულ საშუალოზე, მარტოხელა ადამიანისთვის კარგი ხელფასი, მინიმუმ, 3185 ევრო უნდა იყოს.

მადრიდში საშუალო გამოცდილების პროფესიონალი უნდა მოელოდეს, რომ, გადასახადების ჩათვლით, წელიწადში 35000-დან 55000-მდე ევროს გამოიმუშავებს.

ირლანდიაში კომფორტული ცხოვრებისთვის თვეში 4100-დან 6000-მდე ევროა საჭირო

Instarem-ის თანახმად, ირლანდიაში კომფორტული ცხოვრებისთვის კარგ ხელფასად თვეში 4100-დან 6000-მდე ევრო მიიჩნევა.

ქვეყანაში სრულ განაკვეთზე დასაქმებულთა საშუალო ხელფასი თვეში 3220 ევროა.

რომში ხელფასები ჩრდილოეთ ევროპის დედაქალაქებს ჩამორჩება

ManpowerGroup-ის მიხედვით, საშუალო გამოცდილების მქონე მუშაკებისთვის კარგი წლიური ხელფასი, როგორც წესი, 35 000 ევროდან 50 000 ევრომდე მერყეობს.

მართალია, რომში ხელფასები ჩრდილოეთ ევროპის ქალაქებთან შედარებით დაბალია, მაგრამ ეს ნაწილობრივ ცხოვრების დაბალი ხარჯებითაა დაბალანსებული.

Explorer-ის თანახმად, რომში კარგი ხელფასი 3750 ევროდან 5690 ევრომდე მერყეობს.

Explorer-ის მონაცემებით, სხვა დედაქალაქებში ხელფასები ასეთია:
  • ათენი: 2250-3410 ევრო;
  • ჰელსინკი: 4510-6830 ევრო;
  • კოპენჰაგენი: 5400-8180 ევრო;
  • სტოკჰოლმი: 3900-5900 ევრო.

აღსანიშნავია, რომ ევროკომისიის რეგიონული და ურბანული პოლიტიკის გენერალური დირექტორატის 2023 წლის კვლევა წარმოაჩენს, რომ ოჯახების ფინანსური კმაყოფილების თვალსაზრისით, ევროპის ქალაქებში ცხოვრების ხარისხს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებებია.

ოჯახის ფინანსური მდგომარეობით კმაყოფილი ადამიანების პროცენტული მაჩვენებლები 39%-დან (ათენი) 87%-მდეა (ლუქსემბურგში). ზოგადად, კმაყოფილება უფრო მაღალია ევროკავშირის ჩრდილო-დასავლურ ქვეყნებში მდებარე ქალაქებში.

ოჯახის ფინანსური მდგომარეობით კმაყოფილების ხარისხი ყველაზე მაღალი ამ ქვეყნებშია:

  1. ლუქსემბურგი – 87%;
  2. ოსლო – 85%;
  3. კოპენჰაგენი – 83%;
  4. სტოკჰოლმი – 82%;
  5. ბერლინი – 79%;
  6. ვენა – 79%;
  7. პრაღა – 76%;
  8. ამსტერდამი – 75%;
  9. ჰელსინკი – 75%;
  10. პარიზი – 74%.

forbes.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close