ეკონომიკასაბერძნეთი

საბერძნეთი: ვოლოსის სანაპიროზე ასიათასობით მკვდარი თევზი გამოირიყა (ვიდეო)

საბერძნეთში, ტურისტულ ვოლოსში (ცენტრალური საბერძნეთი) სანაპიროზე ასიათასობით მკვდარი თევზი გამოირიყა. მსგავსი პრობლემის წინაშე დგას აგრია, ალექსი, კრიტარია, ნეა ანქიალოსი. 

ვოლოსში მსგავსი რამ დღემდე არ მომხდარა. ტონობით გამორიყული მკვდარი თევზი ყარს და მოსახლეობა შიშობს, რომ ანტისანიტარია მათ ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნის.

ქალაქის ხელისუფლება აცხადებს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში 40 ტონაზე მეტი მკვდარი თევზი შეგროვდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, უპრეცედენტო მოვლენის მიზეზის დასადგენად დაწყებულია წინასწარი გამოძიება.

გამოძიება, რომელსაც ზედამხედველობს პროკურატურა გაუწევს, სპეციალურ ლაბორატორიებში ჩატარდება. მიზეზის დასადგენად სინჯებს იღებენ, როგორც მკვდარი თევზიდან, ისე ვოლოსის კარლას ტბის წყლიდან. ასევე, განიხილება თევზის ორგანიზმში მომწამლავი ნივთიერების შეღწევის შესაძლებლობა.

The Guardian-ის ცნობით, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ პრობლემა შარშან მომხდარმა წყალდიდობამ გამოიწვია, რომლის დროსაც ჯერ კიდევ 1962 წელს ხელოვნურად დამშრალი ახლომდებარე ტბა წყლით აივსო, შემდეგ კი წყლის დონემ ტბაში მკვეთრად იკლო, რის გამოც მტკნარ წყალში მობინადრე თევზებმა ვოლოსის პორტისკენ დაიწყეს მოძრაობა, თუმცა მარილიან წყალში მალევე დაიხოცნენ.

როგორც Guardian-ი წერს, „ნავსადგურში მოტივტივე მკვდარი თევზი წყლის ზედაპირს ვერცხლისფერი საბანივით ფარავს და საშინლად ყარს“.

„მკვდარი თევზი კილომეტრებზეა გადაჭიმული – არა მხოლოდ ვოლოსის სანაპიროზე, არამედ პაგასიტიკოსის ყურეც დაფარულია“, – განუცხადა Reuters-ს ქალაქის მრჩეველმა სტელიოს ლიმნიოსმა. ამასთან, მისი თქმით, ყურე ტურისტული ზონაა და მთელ სანაპიროზე დასასვენებელი სახლებია.

„თევზის დახოცვა ჩვენც დაგვღუპავს“, – ამბობს ადგილობრივი რესტორნებისა და ბარების ასოციაციის პრეზიდენტი სტეფანოს სტეფანოუ.

სასტუმროს მფლობელები ვოლოსში სასოწარკვეთილები არიან, რადგან მკვდარი თევზების გამო ტურისტები იქაურობას ტოვებენ. ალიკესეში მდებარე სასტუმროს მფლობელმა დიმიტრიოს კარამიცოსმა OPEN-თან საუბარში თქვა, რომ ტურისტების 99%-მა იქაურობა დატოვა. მათ არ იციან, როდის მოგვარდება პრობლემა. „გუშინ დასუფთავების პირველი ბრიგადები დავინახე 6 დღის შემდეგ“, – ამბობს იგი.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close