მსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტები

აგვისტოს ცა – როდის შევძლებთ ვარსკვლავთცვენის დანახვას?

2024 წელს ყველაზე უხვი მეტეორული წვიმაა მოსალოდნელი 11-დან 13 აგვისტომდე

ადამიანს ყოველთვის ხიბლავდა ღამის ცა და განსაკუთრებით ვარსკვლავების ცვენა. ითვლება, რომ ეს მოვლენა ბედნიერების მომასწავებელია. როგორც სააგენტო epd-ს გერმანიის ქალაქ გილჩინგში მდებარე ზრდასრულთა განათლების ცენტრის ობსერვატორიის ხელმძღვანელმა მაიკლ რაპენგლუკმა განუცხადა, ვარსკვლავთცვენა თითქმის ყველა კულტურაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

წინათ, უმეტეს შემთხვევაში, ეს ბუნებრივი მოვლენა რაღაც ღვთაებრივის გამოვლინებად მიიჩნეოდა. მაგალითად, ოდესღაც ეგონათ, რომ ვარსკვლავი ცის გახსნისას ვარდება. „და თუ ღმერთების კარი ღიაა, მაშინ შეგიძლიათ გამოიყენოთ შესაძლებლობა და სთხოვოთ მათ, რაც გსურთ”, – განმარტავს ასტრონომი ერთ-ერთ უძველეს რწმენას და ნიშანს.

2024 წელს ყველაზე უხვი ვარსკვლავთცვენაა (მეტეორული წვიმა) მოსალოდნელი 11-დან 13 აგვისტომდე. ამ დროს ღამის ცაზე საათში ასამდე მფრინავ ვარსკვლავს იხილავთ. იდეალურია, თუ არ არის ღრუბლები და არც მთვარე. ასტრონომი გვირჩევს, ვარსკვლავებით შუაღამიდან მზის ამოსვლამდე დავტკბეთ. უმჯობესია ამის გაკეთება მწოლიარედ, რათა თვალთახედვაში მთელი ცა მოაქციოთ, ამასთან, საჭიროა მუდმივად კი არ იყუროთ ზემოთ, არამედ შესვენებებით, რათა ყურადღება არ მოგიდუნდეთ.

დღეს ნებისმიერმა სკოლის მოსწავლემ იცის, რომ ჩამოვარდნილი ვარსკვლავი სხვა არაფერია, თუ არა დედამიწის ატმოსფეროში მოხვედრილი მეტეოროიდი. მაგრამ მაინც, ადამიანები ვარსკვლავურ ცას სასწაულის მოლოდინში უყურებენ და ერთმანეთს საოცარ ძველ ლეგენდებს უყვებიან. ზოგი ამბობს, რომ ჩამოვარდნილი ვარსკვლავი დედამიწაზე გაგზავნილი სულია ახალშობილში ჩასასახლებლად. სხვა რწმენის თანახმად, პირიქით, ეს არის გარდაცვლილის სული და იმის ნიშანი, რომ მისი გაელვების შემდეგ დედამიწაზე ერთი ადამიანით ნაკლები იქნება.

ამ ბუნებრივი ფენომენის ინგლისური აღნიშვნა – “shooting stars”, ასევე, შეიძლება განიმარტოს, როგორც „მსროლელი ვარსკვლავები”. შესაძლოა, ოდესღაც ადამიანებს ეგონათ, რომ ჩამოვარდნილი ვარსკვლავები  – ეს ჩამოშლილი ცის ნამსხვრევებია, ან ჭურვები, რომლებსაც ღმერთები ან ბოროტი სულები ურჩებს ესროდნენ.

ვარსკვლავთცვენის მეცნიერული ახსნა

თანამედროვე კაცობრიობა უფრო პრაგმატულად უდგება ვარსკვლავთცვენას. მართლაც, ყველაფერი, რაც ცაშია, დიდი ხანია აღმოჩენილი, კლასიფიცირებული და აღწერილია. მეცნიერულად რომ ვთქვათ, ის, რასაც უახლოეს ღამეებში ვიხილავთ, არის პერსეიდები – კაშკაშა მეტეორების ნაკადი, რომელიც ყოველწლიურად აგვისტოში მოდის პერსევსის თანავარსკვლავედიდან. მეტეორები წამში 60 კილომეტრამდე მანძილს გადიან, შედარებისთვის: ამ სიჩქარით დედამიწიდან მთვარემდე მიღწევას მხოლოდ საათ-ნახევარი დასჭირდებოდა. მათი უმეტესობა მთლიანად იწვის ატმოსფეროში, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ექსპერტების აზრით, დედამიწაზე ყოველწლიურად დაახლოებით 2 ათასი ტონა მეტეორიტი ეცემა. სამეცნიერო კვლევების მთელი ისტორიის მანძილზე გერმანიაში ორმოცდაათზე ცოტა მეტი მეტეორიტი აღმოაჩინეს.

პერსეიდები წარმოიქმნება მაშინ, როდესაც დედამიწა გადის ნაწილაკების შლეიფს, რომელსაც კომეტა 109P/Swift-Tuttle-ი ტოვებს. ეს კომეტა 1862 წელს აღმოაჩინეს. ის უზარმაზარია – მისი ბირთვის დიამეტრი დაახლოებით 26 კილომეტრია, რაც თითქმის სამჯერ აღემატება ასტეროიდის ზომას, რომელმაც დინოზავრები მოკლა. მაგრამ მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მისი შეჯახება დედამიწასთან გამორიცხულია მომდევნო ათასი წლის განმავლობაში. ამიტომ, თუ სხვა კატაკლიზმები ან უბედური შემთხვევები არ მოხდა, აგვისტოს ვარსკვლავთცვენის დროს კიდევ ბევრი ადამიანი ჩაიფიქრებს სურვილს.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close