პირველი მედალი პარიზის ოლიმპიადაზე საქართველოს – ტატო გრიგალაშვილი ვიცე-ჩემპიონი გახდა
პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, ძიუდოს ტურნირის მეოთხე საშეჯიბრო დღეს საქართველოს დელეგაციამ პირველი მედალი მოიპოვა – მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, 24 წლის ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ფინალური ორთაბრძოლა მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონთან, იაპონელ ტაკანორი ნაგასესთან დათმო და ვერცხლის მედალს დასჯერდა.
ქართველმა ძიუდოისტმა ნახევარფინალში სამხრეთკორეელ ჯონ ჰვან ლის დამატებით დროში ვაზარით სძლია.
შეგახსენებთ, რომ ტატო გრიგალაშვილი პირველი ქართველი ძიუდოისტია, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატი ზედიზედ სამჯერ აქვს მოგებული (2022, 2023, 2024 წლებში). იგი, ასევე, სამგზის ევროპის ჩემპიონია (2020, 2022, 2024 ). დღეს მოგებული ვერცხლის ჯილდო კი ტატოსთვის პირველი ოლიმპიური მედალია.
დღეს შეჯიბრებაზე გამომსვლელი მეორე ქართველი – ოლიმპიური თამაშების დებიუტანტი ეთერ ასკილაშვილი (63 კგ) პირველ შეხვედრაში სლოვენიელ ანდრეა ლესკისთან იპონით დამარცხდა და ასპარეზობა ვეღარ გააგრძელა. ასკილაშვილის მეტოქე ანდრეა ლესკი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.
ძიუდოისტებიდან ხვალ, 31 ივლისს ლაშა ბექაური (90 კგ) იჭიდავებს, ზეგ, პირველ აგვისტოს – ილია სულამანიძე (100 კგ), 2 აგვისტოს – გურამ თუშიშვილი (+100) და სოფიო სომხიშვილი (+78).
3 აგვისტოს საქართველოს ძიუდოს შერეული ნაკრები ისტორიაში პირველად გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას.
დღეს პარიზის ოლიმპიადა იხსნება, ნახეთ ქართველი სპორტსმენების გამოსვლის განრიგი
კომენტარები