რამ გამოიწვია ტორნადო კახეთში და მოსალოდნელია თუ არა მისი გამეორება საქართველოში?
25 ივნისს კახეთი უჩვეულო მოვლენის მომსწრე გახდა. „აქაურობა არის იავარქმნილი“, – თქვა ალავერდელმა მიტროპოლიტმა მას შემდეგ, რაც მე-11 საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი – ალავერდის ტაძარი მნიშვნელოვნად დაზიანდა. ხალხი შეესწრო სტიქიას, რაც მანამდე მხოლოდ ფილმებში ენახა.
რა ვიცით ტორნადოზე? არის თუ არა მოსალოდნელი მისი განმეორება საქართველოში და სად? შეიძლება მისი პროგნოზირება? როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ქარბორბალას სიახლოვეს მოვხვდით? „რადიო თავისუფლება“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსს დოდო გვაზავას ესაუბრა.
რა იყო ის, რაც ალავერდში ვიხილეთ?
ეს ამინდის ფენომენია, ქარის ერთ-ერთი სახე, რომელიც ვერტიკალურად, ზამბარისებურად მოძრაობს. მსგავსი რამ წარმოიქმნება მაშინ, როცა ძალიან ცხელი ჰაერის მასები შედარებით ცივი ჰაერის მასებს ეხება.
ანუ ძირითადად ზაფხულში ხდება?
დიახ, ზაფხულში. საქართველო მთაგორიანია და ამიტომ მიწა სხვადასხვაგვარად თბება. ქარბორბალა მიწის ზედაპირიდან იწყებს მოძრაობას, დიდი სიჩქარით ტრიალებს და თავის გზაზე რაც შეხვდება, მოისვრის. ამ ტრიალის დროს თანდათან ჩაცხრება კიდეც.
რამდენად ხშირია?
საქართველოში ძალიან იშვიათია და ძალიან რთულად პროგნოზირებადი. შარშანაც მოხდა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში. იქაც გადაცხელებული იყო ჰაერი, შავი ზღვიდან კი შედარებით ცივი ჰაერის მასები შემოდიოდა, ასეთ დროს უცაბედად წარმოიშვება ხოლმე და დაახლოებით ოც წუთში ჩადგება.
წელიწადში ერთხელ თუ მოხდება, მაგრამ ისეთ ადგილებშია, სადაც სადამკვირვებლო ქსელი არ გვაქვს, ჯერ კიდევ წინა მთავრობის დროს დაიხურა.
ამერიკაში, იაპონიაში, სადაც ოკეანეებია, ტორნადო გაცილებით ადვილად პროგნოზირებადია. იქ ოკეანეების ზედაპირზე წარმოიშობა ღრმა ციკლონი, რომელიც ხმელეთისკენ მიდის. რამდენიმედღიანია და მთლიანად ანგრევს ქალაქებს. ალავერდშიც რომ რამდენიმე დღე გაგრძელებულიყო, აქაც იგივე იქნებოდა, მაგრამ ამხელა ძალა არ ჰქონდა, არ უმოძრავია. ერთ ადგილას წარმოიქმნა და იქვე ჩაცხრა.
ანუ კახეთში რაც მოხდა, ესეც ტორნადო იყო?
კი, ესეც ტორნადოა, იგივე ქარბორბალა, ქარის სახეობა, რომელიც მოძრაობს ვერტიკალურად და არა ჰორიზონტალურად. ეს ტორნადო ხმელეთზე წარმოიშვა და ამიტომაც უფრო არაპროგნოზირებადია, ვიდრე ოკეანის ზედაპირზე წარმოქმნილი ტორნადოები.
იმ დღეს ძლიერი ქარი კი ვიწინასწარმეტყველეთ, მაგრამ ცოტა სხვა სახე მიიღო. კავკასიის ქედზე ჰაერის სხვადასხვა მასების აკუმულირება ხდება. ამ მასების ერთმანეთთან შეჯერებამ წარმოშვა ეს პროცესი, რომელიც საქართველოსთვის იშვიათია.
გააგრძელე კითხვა აქ: radiotavisupleba.ge
მსგავს თემაზე: საბერძნეთი, სანტორინი: ვრცელდება ვიდეო, როგორ სწევს ტორნადო სახლს ჰაერში (ვიდეო)
ფანტასმაგორიული ღრუბლები საბერძნეთში, რომლებიც, ჩვეულებრივ, ქარიშხალს ან ტორნადოს მოასწავებენ
ფანტასმაგორიული ღრუბლები საბერძნეთში, რომლებიც, ჩვეულებრივ, ქარიშხალს ან ტორნადოს მოასწავებენ
კომენტარები