დღის თემავიდეოსპორტი

საქართველოს ნაკრებმა მეორე შეხვედრა ჩეხეთთან ფრედ დაასრულა და ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა (ვიდეო)

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მეორე მატჩში ჩეხეთს დაუპირისპირდა და შეხვედრა ფრედ დაასრულა – 1:1. ქართველებმა პირველ ტაიმში (დამატებით დროში, მიქაუტაძის თერთმეტმეტრიანი დარტყმით) გაიტანეს გოლი, ჩეხებმა – მეორე ტაიმში (59-ე წუთზე, კუთხურის ჩაწოდების შემდეგ) და მიუხედავად კიდევ არაერთი რეალური საგოლე მომენტისა, ანგარიში აღარ შეცვლილა.

მატჩი ჩეხეთის დიდი უპირატესობით დაიწყო. გიორგი მამარდაშვილის კართან რამდენიმე სახიფათო მომენტი შეიქმნა, თუმცა „ვალენსიას“ ქართველი გოლკიპერი ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იყო. პირველ ტაიმში ქართველთა მეკარემ 9.9-ბალიანი შეფასება მიიღო. მთლიანობაში კი ამ მატჩში მამარდაშვილმა 11-ჯერ გადაარჩინა საქათველოს ნაკრების კარი გოლისგან, რითაც ჯერჯერობით მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის რეკორდსმენია.

მეორე ტაიმის ბოლო წუთებზე ჩეხეთის ნაკრებმა დიდი უპირატესობა მოიპოვა და კიდევ არაერთი სახიფათო მომენტი შექმნა, თუმცა გოლის გატანა ჩეხებმა ვერ შეძლეს. საქართველოს დამატებული დროის ბოლო წუთზე მიეცა გამარჯვების რეალური შანსი: ჩაკვეტაძის წამოწყებულ კონტრშეტევაზე საბა ლობჟანიძეს შეეძლო მეტოქის კარის აღება და მატჩის ბედის შეცვლა, თუმცა ბურთი კარს ააცილა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს და ჩეხეთის ეროვნული ნაკრებები ისტორიაში პირველად შეხვდნენ ერთმანეთს.

ევრო 2024-ზის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში საქართველოს ნაკრები 26 ივნისს პორტუგალიას დაუპირისპირდება. მატჩი გელზერკირხენში გაიმართება.

ამ დროისთვის, 2 თამაშის შემდეგ, F ჯგუფში საქართველო ბოლო, მე-4 ადგილზეა ერთი ქულით (ბურთების შეფარდებით 2:4).

ერთი ქულა აქვს ჩეხეთსაც და მესამე ადგილს იკავებს (ბურთების სხვაობით 2:3. შეგახსენებთ, რომ ჩეხეთმა პირველი შეხვედრა პორტუგალიასთან დათმო 1:2).

ჯგუფში პირველ და მეორე პოზიციებზე თურქეთი (3:1) და პორტუგალია (2:1) არიან, რომლებიც ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრას დღეს ერთმანეთთან გამართავენ. მატჩი თბილისის დროით 20:00 სთ-ზე დაიწყება.

ნუცა ყაველაშვილი

ნახეთ მატჩის საუკეთესო მომენტები:

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close