საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი თურქეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართა და მძიმე ბრძოლაში დამარცხდა ანგარიშით 3:1.
საქართველოს ნაკრების პირველი, ისტორიული გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა 32-ე წუთზე და ანგარიში გაათანაბრა. მანამდე, 25-ე წუთზე გიორგი მამარდაშვილის კარი მერტ მულდიურმა აიღო ეფექტური გოლით.
თურქებმა მალევე, 28-ე წუთზე მეორე გოლიც გაიტანეს, თუმცა ვიდეოჩანაწერის გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ თურქი ფეხბურთელი თამაშგარე მდგომარეობაში იყო და შეხვედრის არგენტინელმა მსაჯმა გოლი გააუქმა.
მიქაუტაძის გოლმა 32-ე წუთზე თამაშის იმპულსი შეცვალა, პირველი ტაიმის ბოლო 15 წუთში თურქეთის ნაკრები მოულოდნელად ქართველთა შეტევების ტალღების მოგერიებაში იყო. გიორგი ჩაკვეტაძემ და ხვიჩა კვარაცხელიამ შესვენებამდე საუკეთესო მხრიდან წარმოაჩინეს თავი და თურქეთის ნაკრებს პირველი ტაიმის დასრულების მაუწყებელმა მსაჯის სასტვენის ხმამ შვება მოჰგვარა.
პირველი ტაიმი საყაიმო ანგარიშით დასრულდა – 1:1.
მეორე ტაიმში თურქები თავიდანვე გააქტიურდნენ და იმის მიუხედავად, რომ ქართველების კონტრშეტევების მოგერიება უხდებოდათ, ბურთზე კონტროლი მაინც დაიბრუნეს. თურქებმა 65-ე წუთზე ისევ მოახერხეს მეტოქის კარის აღება – თურქეთის ნაკრების და მადრიდის „რეალის“ 19 წლის ნახევარმცველმა არდა გიულერმა მეკარიდან მარჯვენა მაღალ კუთხეში შორიდან ძლიერი ეფექტური დარტყმით მიზანს მიაღწია და ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი (19 წლის და 114 დღის) გახდა, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე თავის სადებიუტო მატჩში გოლი გაიტანა.
თურქები მეორე ტაიმში შედარებით უფრო ხისტად თამაშობდნენ და 2 ყვითელი ბარათიც დაიმსახურეს. ერთი ყვითერლი ბარათი კი სოლომონ კვერკველიამ მიიღო. მსაჯმა ძირითად დროს 6 წუთი დაამატა. საქართველოს ნაკრები ბოლო წუთებზე განსაკუთრებით გააქტიურდა, ჩვენმა ბიჭებმა არაერთი საგოლე მომენტიც შექმნეს, თუმცა იღბალი აშკარად არ იყო საქართველოს ნაკრების მხარეს – ბურთი ორჯერ მოხვდა ძელს, მთელი მატჩის მანძილზე კი – სამჯერ. ბოლო წუთზე, როდესაც კუთხურს ხვიჩა კვარაცხელია აწვდიდა, მეტოქის საჯარიმოში მეკარე გიორგი მამარდაშვილიც ჩავიდა, თუმცა ჩაწოდება თურქმა მეკარემ მოიგერია, ბურთს ქერემ აქთურქოღლუ დაეუფლა და ცარიელ კარში ბოლო წამებზე მესამე გოლი გაიტანა.
საბოლოოდ თურქეთმა გაიმარჯვა 3:1. სხვათა შორის, ეს იყო თურქების პირველი გამარჯვება ევროპის ჩემპიონატების პირველ მატჩში. მანამდე, 5 ევროპის ჩემპიონატზე თურქებმა ყველა პირველი შეხვედრა დათმეს.
საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 22 ივნისს ჩეხეთის წინააღმდეგ გამართავს, ხოლო 26 ივნისს პორტუგალიას დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები F ჯგუფში თამაშობს. სულ 24 გუნდი 6 ჯგუფშია განაწილებული. თითო ჯგუფიდან ორი საუკეთესო გადის პლეი ოფზე. ამ 12 გუნდის გარდა მერვედფინალში თამაშის შანსი აქვს ჯგუფებში მესამე ადგილზე გასულ 4 გუნდსაც, რომლებსაც სხვებზე უკეთესი შედეგები ექნებათ.
ამ დროისთვის თურქები F ჯგუფში პირველ ადგილზე არიან სამი ქულით, საქართველოს ნაკრებმა კი ბოლო ადგილზე გადაინაცვლა.
დღეს იმართება F ჯგუფის კიდევ ერთი შეხვედრა ჩეხეთისა და პორტუგალიის ნაკრებ გუნდებს შორის.
ნუცა ყაველაშვილი
p. s. მატჩის დაწყებამდე ერთი საათით ადრე სტადიონ „სიგნალ იდუნა პარკზე“ დაძაბული ვითარება შეიქმნა – ქართველ და თურქ გულშემატკივრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა პირდაპირ ტრიბუნებზე. სააგენტო „როიტერსის“ ინფორმაციით, ფიზიკურ დაპირისპირებაში ორივე მხრიდან 40-მდე ადამიანი მონაწილეობდა.ისინი ერთმანეთს მუშტებით ურტყამდნენ და სხვადასხვა საგანს ესროდნენ. საბოლოოდ ფანებს შორის გერმანული სპეცრაზმი ჩადგა და ვითარებაც განიმუხტა.შეხვედრის დაწყების წინ ეროვნული ჰიმნები აჟღერდა. საქართველოს ჰიმნის დროს თურქი გულშემატკივრები უსტვენდნენ, რაზეც მატჩის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვიოლი სანიოლმა გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ ეს „ნამდვილად არ იყოს ღირსეული საქციელი“.
p. s. და კიდევ ერთი „პირველად“ – საქართველოს ჰიმნი ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე პირველად აჟღერდა.
კომენტარები