კინო/ფილმებიჩვენი ფავორიტიარტისტი

სოსო ჯაჭვლიანის ბედისწერა და დაუვიწყარი მოგონებები

4 თვის წინათ, 8 თებერვალს მსახიობი, რეჟისორი და სპორტსმენი სოსო ჯაჭვლიანი გარდაიცვალა. 5 ივნისი მისი დაბადების დღეა – 66 წლის გახდებოდა.

სოსო ჯაჭვლიანი ქართველმა მაყურებელმა თენგიზ აბულაძის „ნატვრის ხით“ გაიცნო, თუმცა 17 წლის სოსოს ამ დროს უკვე ნათამაშევი ჰქონდა რეზო გაბრიაძის მოკლემეტრაჟიან ფილმში „სიყვარულო, ძალსა შენსა“. სხვათა შორის, მისი პარტნიორი მაშინაც ლიკა ქავჟარაძე იყო. მას შემდეგ ორმოცდაათზე მეტ ფილმში („ნატვრის ხე“, „ძმა“, „სიბრძნის კარავი“, „სამი ალიყური“, „ფესვები“, „თეთრი ბაირაღები“, „უძინართა მზე“, „სვანი“, „მაიტა ნასოსი“ და სხვა) ითამაშა და პოპულარული მსახიობიც გახდა, მაგრამ, როგორც თავად ამბობდა, მესტიაში დაბადებულ-გაზრდილი ბიჭი ვერასოდეს წარმოიდგენდა, ოდესმე კინოში თუ გადაიღებდნენ. არც თეატრალურ ინსტიტუტში აპირებდა სწავლის გაგრძელებას. ძიუდოთი იყო გატაცებული და ჩაირიცხა კიდეც ფიზკულტურის ინსტიტუტში, ფიქრობდა, მსოფლიო ჩემპიონი გავხდები და ქვეყანა გამიცნობსო. მსოფლიო ჩემპიონი მართლაც გახდა, მაგრამ არა ძიუდოში, არამედ მკლავჭიდში. იყო საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი და პარალელურად ქართულ კინემატოგრაფშიც მოღვაწეობდა, დამდგმელი რეჟისორია ფილმებისა: „ჩემი პირველი სიყვარული“, „მანიაკები? ფანატიკები?“, „სვანი“, „მაიტა ნასოსი“ (რეჟ. გიორგი კაჭარავასთან ერთად). საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრიც (2012-2016) იყო და, რაც მთავარია, საოცარი გულწრფელობით გამოირჩეოდა. იგი ცხოვრებაში ბებიის შეგონებით მოქმედებდა: „ტყუილი არასოდეს თქვა და არ გაუკეთო სხვას ის, რაც შენ რომ გაგიკეთონ, გეწყინება, და ყველაფერი რიგზე იქნება“.

Nostal.ge სიყვარულით გაიხსენებს მსოფლიო ჩემპიონობაზე მეოცნებე სვან ბიჭს, რომელმაც თავისი შემოქმედებით ამქვეყნად უკვდავი სახელი დატოვა.

მსოფლიო ჩემპიონობაზე მეოცნებე სვანი ბიჭი კინოში

„ეს ბედისწერაა, სხვას ვერაფერს დავარქმევ. ფიზკულტურის ინსტიტუტში რომ არ შემეტანა საბუთები, ალბათ საერთოდ ავცდებოდი კინოს. იქ მნახა პირველად რეზო გაბრიაძემ. ათას ხუთასი ბიჭი გასინჯეს მაშინ და, ბედი არ გინდა, კაცო?! – მე ამირჩია… თუმცა მთავარი რამ მანამდე მოხდა: ბოლო გამოცდაზე ქიმიაში ჩავიჭერი, რაღას ვიზამდი?! ისღა დამრჩენოდა, საბუთები გამომეტანა და სვანეთში დავბრუნებულიყავი. იქვე სპორტდარბაზი იყო. გადავწყვიტე, ჯერ იქ მივსულიყავი და ჩემი სპორტული ფორმა წამომეღო. იმ დროს ეზოში შემოვიდა მანქანა, რომელშიც სპორტკომიტეტის მაშინდელი თავმჯდომარე ვახტანგ ბალავაძე და ცნობილი სპორტსმენი, მსოფლიო ჩემპიონი  გურამ საღარაძე ისხდნენ. ბატონ გურამს სპეციალობაში ძალიან მოვწონებივარ და ბალავაძისთვის უთქვამს, ერთი სვანი ბიჭია, ძალიან კარგი მონაცემები აქვსო. მანქანიდან რომ გადმოვიდნენ, საღარაძემ დამინახა და, რადგან ჩემი სახელი არ იცოდა, ეი, სვანი, სვანი, მოდი აქო, დამიძახა. მივედი. „აი, ეს არის ჩვენი სტუდენტი, წეღან რომ გეუბნებოდი“, – უთხრა ბალავაძეს. რა სტუდენტი, ბატონო გურამ, ქიმიაში ორიანი მივიღე-მეთქი… რა ქიმია, ეგენი გიჟები ხომ არ არიან, წამოდი, ერთი, გავიგოთ რა ხდებაო, გაგიჟდა ბალავაძე, როცა მაისური ამიწია და კუნთები შემიმოწმა… ორ წუთში ორიანი სამიანად გადამიკეთეს… ასე ჩავირიცხე ფიზკულტურის ინსტიტუტში.

ალბათ იკითხავთ, სადაა აქ კინოო?! სულ ერთი წამით ადრე რომ გამევლო იმ ადგილას, ან დამეგვიანა, გურამ საღარაძე ვერ დამინახავდა, იმ წელს ინსტიტუტში ვერ მოვეწყობოდი და ალბათ ვერც რეზო გაბრიაძე შემხვდებოდა სადმე. ბატონი რეზო ჩემი ნათლიაა კინოში – პირველად მან გადამიღო თავის ფილმში „სიყვარულო, ძალსა შენსა“. ფილმი ჯერ ეკრანზე გამოსული არ იყო, მაგრამ ბატონ თენგიზ აბულაძეს მასალა ნანახი ჰქონდა და, როგორც ჩანს, ისე მოეწონა, რომ მე და ლიკა ქავჟარაძე „ნატვრის ხეში“ გედიასა და მარიტას როლებზე დაგვამტკიცა. „ნატვრის ხის“ გადაღებები ყველაზე ლამაზი პერიოდია ჩემს შემოქმედებაში. იცით, რა ბედნიერებაა, როცა 16-17 წლის ხარ და ამ დროს მთელი საქართველოს უსაყვარლეს მსახიობებთან გიწევს ურთიერთობა?! ეს ბედნიერება „ნატვრის ხის“ შემდეგაც  არაერთი ფილმის გადაღებისას მხვდა წილად და ამით ძალიან ვამაყობ…“

ასრულებული სურვილი

„ბავშვობაში მესტიაში ვიზრდებოდი და საკმაოდ ცელქი ვიყავი – ხან რომელ გმირს ვასახიერებდი, ხან რომელს, თუმცა რეჟისურა და მსახიობობა რა იყო, საერთოდ არ ვიცოდი. მეგონა, მსახიობები იბადებიან და მერე მუდმივად არსებობენ-მეთქი. ეს რომ მცოდნოდა, თავიდანვე თეატრალურ ინსტიტუტში ჩავაბარებდი. ერთ საინტერესო ისტორიას გიამბობთ, რომელიც ბავშვობაში შემემთხვა. ერთხელ ჩემს საწოლ ოთახში ჩიტი შემოფრინდა, დავიჭირე, დედაჩემმა იფიქრა, არ მოკლასო და მითხრა: ამ ჩიტს რა სურვილსაც ჩაუთქვამ, ყველაფერს გისრულებს, ოღონდ გაუშვიო. დიდი ამბით ჩავუთქვი სურვილი და გავუშვი. მეორე დღეს ისევ შემოფრინდა ე ჩიტი, ისევ დავიჭირე, სხვა სურვილიც ჩაუთქვი, იმასაც შეგისრულებსო, მითხრა დედაჩემმა. არა, მე მარტო ერთი სურვილი მინდა ამისრულოს და იმას ვუთქვამ-მეთქი, ვუპასუხე, ჩიტს ფეხზე ძაფი გამოვაბი და გავუშვი. მესამეჯერაც მოფრინდა ეს ჩიტი, ძაფით ვიცანი. ისევ ჩავუთქვი ჩემი სურვილი და იცით, რას ვუთქვამდი? – „შესანიშნავ შვიდეულში“ კრისი რომაა, ისე მაცხოვრა-მეთქი! სვანეთში ეს ფილმი რომ გადიოდა, იმდენჯერ ვნახე (ჩემი კლასელი იყო გამშვები, მეშვიდე-მერვე კლასში ვიქნებოდი მაშინ), რომ მთელი ტექსტი ზეპირად ვისწავლე, არადა რუსული არ ვიცოდი…

კრისი ხომ კოვბოია, ჰოდა, ჩემი პირველი როლიც რეზო გაბრიაძის ფილმში ზუსტად ასეთია: ცხენი მყავს, ვინჩესტერი მაქვს, შლაპა მახურავს და ასე შემდეგ. ამას გინდა დამთხვევა დაარქვით და გინდა სურვილის ასრულება, მაგრამ ფაქტია, რომ ჩემს ცხოვრებაში ასეთი შემთხვევა მოხდა…“

„დოდოს უთქვამს, სოსოსნაირი მკლავები მქონდაო…“

დოდო აბაშიძეს ვენაცვალე, ლომი კაცი იყო, ვაჟკაცი… „ფესვები“ სპეციალურად მისთვის დაიწერა. ფილმში მისი გმირის ახალგაზრდობას ვთამაშობ. ჩემს როლზე შვიდი-რვა მსახიობი გასინჯეს. ერთ-ერთი კინოსინჯის დროს წელს ზევით გაგვხადეს და ისე გადაგვიღეს რაღაც სცენაში. დოდოს ეს სცენა რომ აჩვენეს და ჰკითხეს, ვის შეარჩევო, თურმე უთქვამს, სოსოსნაირი მკლავები მქონდაო…

დოდო აბაშიძეზე მე ყველაზე მაგარი მოგონება მაქვს, რომელიც სწორედ „ფესვებს“ უკავშირდება. ფილმის გადასაღებად  პარიზში მივფრინავდით. ჯერ მოსკოვში ჩავფრინდით (1986 წელია) და ერთი-ორი კვირა იქ ვცხოვრობდით სასტუმრო „კოსმოსში“. მაშინ ყოფილ საბჭოთა კავშირში „მშრალი კანონი“ იყო გამოცხადებული. ერთ დღეს სასტუმროს ფოიეში ვსხედვართ ჯგუფის წევრები, „კოკა-კოლა“ გვაქვს ღვინის ბოთლებში ჩასხმული და რაღაცებს ვმაიმუნობთ. ამ დროს გავიხედე და კარებში შემოდის ვიღაც მაღალი, ორმეტრიანი მუტრუკი. თან ყვირის და ძალიან გამომწვევად იქცევა. მორიგემ ტელეფონის ყურმილი აიღო – ახლავე მილიციაში დავრეკავო. მე შემოვტრიალდი და ვეუბნები: ტყუილად დარეკავთ-მეთქი. რატომო? იმიტომ, რომ საბჭოთა კავშირის გმირია-მეთქი. აა, ამიტომ იქცევა ასეო?- მორიგემ ყურმილი დადო, ეს კაცი კი ჩვენთან მოვიდა. დოდო მოეწონა ძალიან – მამაჩემს ჰგავხარ, ისიც შენნაირი თეთრია, აუ, რა მაგარი კაცი ხარო! – ეუბნებოდა. მერე გადაეკიდა, მოდი, ხელი გადავწიოთო. დოდოს ინფარქტი ახალი გადატანილი ჰქონდა, ხელშიც კი არაფერს ვაჭერინებდით, ისე ვუფრთხილდებოდით, რა ხელის გადაწევაზე იყო ლაპარაკი?! დოდომ ჩემზე უთხრა, აგერ ჩემი ბიჭი, იმას გადაუწიეო. ეს პატარა ბიჭია, გინდა თუ არა, მე და შენ გადავწიოთო, არ შვრებოდა. დაიწყეს ხელის გადაწევა, მე მსაჯი ვიყავი. ათჯერ გადასწიეს და ათჯერვე დოდომ გადაუწია. ის კაცი 30-35 წლის იქნებოდა, დოდო კი სამოცს გადაცილებული იყო, თანაც ინფარქტგადატანილი. მაშინ მკლავჭიდი საქართველოში ახლად ყალიბდებოდა, ამიტომ ვამბობ, რომ დოდო აბაშიძე იყო პირველი, რომელმაც საერთაშორისო ასპარეზზე ვიღაცას ხელი გადაუწია, ამაზე კარგი მოგონება რა გინდათ?! ის კაცი კი, როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, მართლა საბჭოთა კავშირის გმირი აღმოჩნდა. ჩერნობილის ტრაგედიის დროს იმ პირველი ჯგუფის წევრი იყო, რომელიც იქაურების დასახმარებლად ჩავიდა, მაშინ კი მოსკოვში იყო ჩამოსული „საგრიალოდ“. ჩერნობილში მეც ვარ-მეთქი ნამყოფი, როცა ვუთხარი, ძალიან გაუკვირდა. ბატონმა ოთარ კობერიძემ დოვჟენკოს კინოსტუდიასთან ერთად თავისი ფილმი „ელოდეთ მეკავშირეს“ სწორედ ჩერნობილში გადაიღო, ამ ფილმში მე მთავარ როლს ვთამაშობ.

კინორეჟისორი  სოსო ჯაჭვლიანი და უარი მოგებულ გრანტზე

მე რომ კინოსარეჟისორო ფაკულტეტი დავამთავრე, მთლად დაიქცა ქვეყანა (1991 წელი იყო)… რას გადავიღებდი მაშინ?! მხოლოდ რამდენიმე წლის წინ გადავიღე მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ჩემი პირველი სიყვარული“, რომლის სცენარიც 25 წლის წინათ დავწერე. კინოცენტრს ჰქონდა გამოცხადებული კონკურსი მოკლემეტრაჟიან ფილმებზე – თემა პირველი სიყვარული უნდა ყოფილიყო. ჩემმა ცოლმა (ირმა ფირცხალაიშვილი – თ. ო.) მითხრა, ხომ წერ რაღაცებს, ყოველი შემთხვევისთვის მიიტანეო. კონკურსი იწურებოდა, მე კი მეორე დღეს კანადაში მივფრინავდი მსოფლიო ჩემპიონატზე. ზაზა ურუშაძეს დავურეკე, რომელიც მაშინ კინოცენტრის ხელმძღვანელი იყო და ვკითხე, ხვალ რომ ერთი პატარა სცენარი მოგიტანოთ ჩაიბარებ-მეთქი? კიო, მიპასუხა. „ჩემი პირველი პროფესია“ – ასე ერქვა ჩემს პირველ სცენარს, რომელიც წლების წინათ მქონდა დაწერილი. მასში მხოლოდ ერთი სიტყვა – „პროფესია“ შევცვალე და მივიტანე. სცენარმა კონკურსში გაიმარჯვა და მთავრობამ (მაშინ შევარდნაძის მთავრობა იყო) ფული მომცა გადასაღებად, მაგრამ რაღაც-რაღაც საკითხებში კინოცენტრის ხელმძღვანელობასთან ვერ შევთანხმდი და ეს ფული „დო კაპეიკა“ ჩავაბარე სახელმწიფოს. მე ალბათ პირველი რეჟისორი ვარ ამ მთავრობაშიც, იმ მთავრობაშიც და კომუნისტებშიც, რომელმაც მოგებულ გრანტზე უარი თქვა. ამის შემდეგ მე და ჩემმა ძმამ დავაარსეთ კინოსტუდია „თეთნულდი“ და ფილმიც გადავიღეთ, თანაც კინოფირზე, რაზეც ზოგ-ზოგიერთებს ეცინებოდათ და ჩვენს ზურგს უკან შაყირობდნენ, არ მოინდომა ამ სვანმა ფილმის კოდაკზე გადაღებაო? ამ ფილმმა უკვე არაერთ კინოფესტივალში მიიღო მონაწილეობა და პრიზებიც აიღო. ყველაზე მეტად იცით, რომელი პრიზი მომწონს? ჟურნალისტებისა და კინომცოდნეების პრიზი: „დიდი კინო პატარა ფორმატში“, რომელიც მინსკის საერთაშორისო კინოფესტივალზე გადმოგვცეს“.

სოსო ჯაჭვლიანს „თეთნულდში“ გადაღებული აქვს, ასევე, ფილმები: „ფანატები? მანიაკები?“, „სვანი“, „მაიტა ნასოსი“ .

მსახიობი, სპორტსმენი თუ კინორეჟისორი?

„ჩემთვის მთავარი ადამიანობაა… ყველანაირი პროფესია, წოდება და დიპლომები, ბოდიში და, ფეხზე მკიდია…უამრავი დიპლომი მაქვს სპორტშიც და რეჟისურაშიც, მაგრამ ეს დიპლომები ჩემთვის  არაფერს ნიშნავს. შეიძლება ოქსფორდისა და კემბრიჯის უნივერსიტეტები გქონდეს დამთავრებული და აბსოლუტურად არაფერს წარმოადგენდე. მე მინახავს განათლებულები – გამოშტერებულები და გაუნათლებლები – ბრძენები… მოკლედ, მე ის ვარ, რაც ჩემს საზოგადოებას, ქართველ ხალხს ჰგონია, რომ ვარ, და რა საქმესაც მეტ-ნაკლებად კარგად ვაკეთებ… ქართველ ხალხს სიწყნარე სჭირდება, დამშვიდება და მერე კინოსაც გადავიღებთ, სპორტშიც გავიმარჯვებთ, ხელოვნებაშიც, მეცნიერებაშიც… საერთოდ, მინდა ისეთ საქართველოში ვიცხოვროთ, სადაც ხალხს სამსახურიც ექნება და ხელფასიც ეყოფა. მერე ვნახოთ, რომელ ამპლუაში უკეთესად ვიგრძნობ თავს…“

თამარ ოთიაშვილი

დაკავშირებულ თემაზე: ფესვები“ – ქართველი ემიგრანტის დაუვიწყარი ისტორია

როგორ აუხდა დოდო აბაშიძეს სანდრო ახმეტელის წინასწარმეტყველება 

ოგორ იღებდნენ „ნატვრის ხეს“ – ნაკლებად ცნობილი დეტალები

კინოფილმ „ფესვების“ ცნობილი მელოდიის უბადლო შესრულება – ანრი ჯოხაძემ ერთი სიმღერით მთელი ოჯახი გააერთიანა (ვიდეო)

კინოფილმ „ფესვების“ ცნობილი მელოდიის უბადლო შესრულება – ანრი ჯოხაძემ ერთი სიმღერით მთელი ოჯახი გააერთიანა (ვიდეო)

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close