როგორ იღებდნენ „ნატვრის ხეს“ – ნაკლებად ცნობილი დეტალები

ლიკა ქავჟარაძე, კადრი ფილმიდან „ნატვრის ხე“

თენგიზ აბულაძის „ნატვრის ხე“ ქართული (და არა მარტო) კინემატოგრაფიის ის გენიალური შენაძენია, რომელიც წლების შემდეგ კიდევ უფრო მეტ ხიბლს იძენს და ყველა თაობის მაყურებლის საყვარელ ფილმად რჩება.

„ნატვრის ხემ“ დიდი აღიარება მოუტანა როგორც თავად რეჟისორს, ისე ფილმში მონაწილე მსახიობებს. მსახიობთა გუნდი კი თენგიზ აბულაძემ მართლაც შესანიშნავი შეკრიბა: სესილია თაყაიშვილი, რამაზ ჩხიკვაძე, კოტე დაუშვილი, კახი კავსაძე, სოფიკო ჭიაურელი, გივი ბერიკაშვილი… მარიტას, გედიასა და შეთეს როლების შემსრულებლებს დიდხანს ეძებდნენ. ბოლოს რეჟისორმა არჩევანი ლიკა ქავჟარაძეზე, სოსო ჯაჭვლიანსა და ზაზა კოლელიშვილზე შეაჩერა.

„ნატვრის ხის“ გადაღებისას ლიკასა და სოსოს უკვე ნათამაშები ჰქონდათ რეზო გაბრიაძის მოკლემეტრაჟიან ფილმში „სიყვარულო, ძალსა შენსა“, მაგრამ რადგან ეს ფილმი ჯერ არ იყო გამოსული ეკრანზე, მაყურებელი მათ არ იცნობდა. რაც შეეხება შეთეს როლის შემსრულებელს, ზაზა კოლელიშვილს, ეს მისი პირველი როლი იყო კინოში.

ზაზა კოლელიშვილი: „შეთეს როლმა რადიკალურად შეცვალა ჩემი ცხოვრება. ბავშვობიდან დიდი სურვილი მქონდა, რომ მხატვარი (მოქანდაკე) გავმხდარიყავი. ამის გამო მუსიკას თავი დავანებე, თბილისში წამოვედი და მშობლების დაუკითხავად სამხატვრო სკოლაში ჩავაბარე. ერთი წლის განმავლობაში კი აკადემიაში ვიყავი – ვემზადებოდი და თან ბუტაფორიის საამქროში ვმუშაობდი. მერე რაღაც პრობლემები შემექმნა, თელავში დავბრუნდი და სწავლა თელავის პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე გავაგრძელე. პარალელურად ხელბურთში ვვარჯიშობდი (ზაზა საქართველოს და სსრკ-ის ჩემპიონია ხელბურთში, აგრეთვე, საქართველოს ჩემპიონი კრივში). ამ პერიოდს დაემთხვა ის ფაქტი, რომ ბიძაჩემმა (დედის ძმა) – გია მატარაძემ თეატრალურ ინსტიტუტში კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე ჩააბარა და ბატონი თენგიზ აბულაძის სახელოსნოში მოხვდა. ერთ დღეს დედამ თქვა, გია ჩამოდის და სტუმრები ჩამოჰყავსო. ოჯახში სტუმრების დასახვედრად მზადებას შეუდგნენ, მე კი სავარჯიშოდ წავედი. ვარჯიშის დროს დარბაზში ორი ადამიანი შემოვიდა. ერთი მათგანი, როგორც შემდეგ შევიტყვე, მეორე რეჟისორი სულიკო გაბისონია იყო, რომელსაც თან ფოტოგრაფი ახლდა. ბიჭებო, სურათები გვინდა გადაგიღოთო, გვითხრეს და გადაგვიღეს კიდეც. ფოტოებს იქვე ამჟღავნებდნენ, მეორედ რომ არ დასჭირვებოდათ ჩამოსვლა. ცოტა ხანში ცალკე გამიყვანეს, მისამართი და ტელეფონის ნომერი მთხოვეს, მეც ჩავაწერინე. ჩემი სახელი და გვარი, ცხადია, არავის არაფერს ეუბნებოდა. ეს იყო და ეს – ასე დავცილდით ერთმანეთს.

სახლში რომ დავბრუნდი, სუფრა უკვე გაშლილი დამხვდა. ის დღე არასოდეს დამავიწყდება. მაგიდასთან ისხდნენ: თენგიზ აბულაძე, რეზო კვესელავა, რეზო ინანიშვილი თავისი კოტეთი და დათოთი (რომლებიც შემდეგ ჩემი ძმაკაცები გახდნენ), გია აბულაძე, ლომერ ახვლედიანი, თუ არ ვცდები, ნანა ჯანელიძე, ასხაპ აბაკაროვი, რომელიც კოსტიუმების მხატვარი იყო და ის ორი ადამიანი, სურათები რომ გადამიღეს. როცა ბიძაჩემმა მათ ჩემი თავი გააცნო, ჩემი დისშვილიაო, „ბატონო თენგიზ, ჩვენ რომ ბიჭზე გითხარით, მოგვეწონა, ეს ის ბიჭია“, – უთხრა ერთ-ერთმა მათგანმა თენგიზ აბულაძეს. „ვაა, მაშ შენ ჩემი გიას დისშვილი ხარ?“ – კიდევ შემომხედა ბატონმა თენგიზმა. მას ერთი საოცარი თვისება ჰქონდა: თუ რაღაცით კმაყოფილი იყო, ტუჩთან თითს მიიდებდა და ჩაგაშტერდებოდა. ძალიან გამჭოლი მზერა ჰქონდა. ისე დამაკვირდა, უხერხულ მდგომარეობაში ჩავვარდი. მერე დიდხანს ვილაპარაკეთ. ბოლოს მითხრეს, სინჯებზე დაგიძახებთო. ეს იყო 1975 წლის აპრილ-მაისში. მაშინ ჩვიდმეტი წლის ვიყავი.

სექტემბერში მართლაც დამიძახეს კინოსინჯებზე. მანამდე ძალიან ბევრი გასინჯეს. მაგალითად, ვიცი, რომ მარიტას როლზე 1500 გოგონა გასინჯეს. ლიკა და სოსოც სწორედ ამ დროს გავიცანი. არ დამავიწყდება, ბიძაჩემმა რომ მითხრა, გადაწყდა, გილოცავ, „ნატვრის ხეში“ დაგამტკიცესო. ძალიან გამიხარდა. მერე უნდა გენახათ თეატრალურ ინსტიტუტში ჩემი და სოსოს ვარჯიში, სადაც ჩხუბის სცენების რეპეტიციები გვქონდა, რათა გადაღებისთვის მომზადებულები ვყოფილიყავით – დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ვუბაყუნებდით ერთმანეთს.

როგორ, მართლა ჩხუბობდით?
კინოჩხუბი აუცილებლად უნდა დაიდგას, მაგრამ ეს ისე უნდა გადაიღო, თითქოს ნამდვილად ხდება ყველაფერი. ზოგჯერ მართლაც ვურტყამდით ერთმანეთს, მაგრამ ხშირად ეს უფრო ჭუჭყი იყო, ვიდრე ის, როდესაც შენ დარტყმას ათამაშებ. ეს კინოხელოვნების ცალკე დარგია…

***

„ისეთი ჯგუფი, როგორიც „ნატვრის ხის“ გადაღებისას ბატონმა თენგიზმა შეკრიბა, არ მინახავს. თავად ბატონი თენგიზი ქცევით თუ დამოკიდებულებით ყველასთვის მაგალითი იყო. ყურადღების ცენტრში ჰყავდა ჯგუფის თითოეული წევრი, შემოქმედებითი პერსონალი იქნებოდა ეს თუ ტექნიკური. რაც კი შეეძლო, ყოველთვის ყველასთვის ყველაფერს აკეთებდა და მათგანაც მაქსიმუმს მოითხოვდა. მიუხედავად იმისა, რომ გადაღების შემდეგ ყოველდღე სუფრა იშლებოდა, ბატონი თენგიზი ნასვამი არასოდეს მინახავს. ჰა, ჰა, ორ-სამ პატარა ჭიქა ღვინოს თუ დალევდა. დილით ყველაზე ადრე მიდიოდა გადასაღებ მოედანზე. ჯგუფს მისი ლოდინი არასოდეს უწევდა. არაჩვეულებრივი პიროვნება იყო – შენიშვნის მიცემაც კი საოცრად დელიკატურად იცოდა. მახსოვს, მათრახის სცენა უნდა გადაგვეღო. ალბათ, ზედმეტი ნერვიულობისაგან არც მე გამომდიოდა რამე და არც ლიკას. გადავიღეთ რამდენიმე დუბლი, მაგრამ, ვგრძნობთ, რომ ეს ის არ არის, რაც უნდა იყოს. აქ ბიძაჩემმაც ძალიან დიდი როლი ითამაშა. ის სულ სხვანაირად „მიჩხიკინებდა“, რომ რაც შეიძლება მეტი ემოცია გამოეწვია ჩემში, რადგან ჩვენი თამაში, ძირითადად მაინც, ემოციაზე იყო დამყარებული – საჭირო ოსტატობა და პროფესიონალიზმი არ გვქონდა. „შტო ზა დეტსკიი სად! ტოჟე მნე ასკოლაკ ხორავა“, – ასეთი ფრაზა ჩაიბუტბუტა ბატონმა თენგიზმა მორიგი დუბლის გადაღებისას. იქვე ჩამოჯდა, თავი ჩაღუნა და ხმას არ იღებს. ამ დროს ბიძაჩემი მოვიდა ჩემთან და მეუბნება: „რა დაგემართა, კაცი არა ხარ, ეს როგორ ვერ უნდა გააკეთო?!“

იცით, რა დამემართა? გვერდზე გავედი და ბოღმისგან ამაკანკალა. როგორც ჩანს, ბიძაჩემმა ეს შეამჩნია, მივიდა ბატონ თენგიზთან და ეუბნება, მზად არის, ვიცი, რომ გადაიღებს და დროს ნუ დავკარგავთო. ბატონმა თენგიზმა, ამის მეტ დუბლს აღარ ვიღებთო, გამოაცხადა და დავიწყეთ. სამი კამერით იღებდნენ, რათა მასალა მაქსიმალურად აეღოთ. სიმწრისგან, ეს როგორ ვერ უნდა გავაკეთო-მეთქი, ლიკა ისე ჩავბღუჯე, მგონი, ხელები სულ ჩავულურჯე; ჩიტი მოვკალი მათრახით – თავი წავაწყვიტე; ირგვლივ თუ რამე იყო, ერთიანად დავლეწე. და ეს ყველაფერი ერთ დუბლში გადავიღეთ. სწორედ ეს კადრი შევიდა ფილმში. გადაღების შემდეგ ბატონმა თენგიზმა მითხრა: „მოდი აქ, შე მართლა ასკოლკა“, – და მეც და ლიკასაც გვაკოცა. ზოგჯერ ალბათ სტიმულისთვის ასეთი რაღაცებიც საჭიროა…

„შენ გადმომიგდე, მე გავკვანძავ!“

ლიკა ქავჟარაძე იმ დროს 16 წლის იყო. მას ხელის გულზე ატარებდა მთელი ჯგუფი, განსაკუთრებით ზაზა და სოსო…
ბიჭებმა მისი გულისთვის ლამის მთელი სოფელი გალახეს.

ზაზა კოლელიშვილი: „მთელი სოფელი არა, მაგრამ ცხრამეტი კაცი ვცემეთ – საცემები იყვნენ და იმიტომ. ძალიან უხეშად თქვეს ლიკაზე რაღაც და მის შეურაცხყოფას ვის ვაპატიებდით?! ხატივით შევცქეროდით ყველანი… სოსო ფიზიკურად ძალიან ძლიერია. „შენ გადმომიგდე, მე გავკვანძავ“, – მითხრა და დიდი ჩხუბი ავტეხეთ. მეორე დღეს ამოვიდნენ, პურ-მარილი ამოგვიტანეს და ბოდიშიც მოიხადეს – ჩვენ რაღაც სხვანაირად გვეგონაო“.

ლიკა საოცრად ბავშვური იყო, ძალიან სუფთა… როგორ არ გესიამოვნებოდა მასთან ყოფნა და ურთიერთობა?! გადაღებისას დასველებული, ლამის ითიშებოდა ხოლმე. ამიტომ ავტობუსით მოჰყავდათ და სასტუმროში ცხელ წყალს ახვედრებდნენ. ერთი იეზიდი მძღოლი გვყავდა – აბასა, კინოსტუდიაში დაბერდა. ლიკა მხოლოდ მე მაძლევდა ხელში აყვანის უფლებას. მეც აბასას ვეხვეწებოდი, სასტუმროდან შორს გააჩერე-მეთქი. ჩემთვის ეს „სასიამოვნო ტვირთი“ იყო – ნაბადს მოვასხამდი და სასტუმროში ასე ხელში აყვანილი ამყავდა.

მახსოვს, ლიკა რომ გავიცანი, რამდენიმე დღის შემდეგ პლეხანოვზე, ერთ ჩვეულებრივ სასადილოში შევედი. ძალიან მშიოდა. ვჭამ ლობიოს და, უცებ ვხედავ, ქუჩაში ლიკა მოდის. დავპატიჟებ-მეთქი, გამოვვარდი გარეთ და ვეუბნები: „ლიკა, ლობიოს ხომ არ შეჭამ?“… ძალიან შეცბუნდა, მაგრამ რას იტყოდა?! – გმადლობთო და გაიარა…“

„წამოვიდა, წამოვიდა…“

ფილმი, ძირითადად, კახეთშია გადაღებული. მას სოფელ ბოდბისხევის ნამდვილი გარემო და დეკორაციები ძალიან მოუხდა. ელიოზი რომ ოქროს თევზს ეძებს, ის ტბა სპეციალურად გააკეთეს – ექსკავატორით ამოთხარეს დიდი ორმო და მდინარიდან წყალი გადმოაგდეს. ეს კადრი სიღნაღშია გადაღებული. წნორიდან ლაგოდეხისკენ მიმავალ გზაზე, საოცრად წარმტაც ველზე გადაიღეს პირველი კადრები – გედიას თეთრი ცხენის სიკვდილი. მთელი მინდორი წითლად იყო გადაპენტილი ყაყაჩოებით, თითქოს ბუნებაც მათ სასარგებლოდ „მუშაობდა“… ლიკას სახედრით ჩამოტარების სცენას თითქმის ორი კვირის განმავლობაში იღებდნენ წვიმასა და ტალახში. მერე წვიმა აღარ მოდიოდა და ტალახის კეთება უხდებოდათ… ლიკას სახედრის ძალიან ეშინოდა და ვირზე ძლივს შესვეს – ეს ფილმში ამოსავალი მომენტია.

შეთე ტრადიციების ერთგული ტიპაჟია და სოფლის ნებას ვერ გადაუდგება, თუმცა მის ქცევაში სინანული იგრძობა. ტრადიციის წინააღმდეგ ვერ მიდის და ცოლს ვირზე სვამს, რადგან ეს პატიოსნებას სჭირდება.

ფინფანას როლის შემსრულებელი ბიჭი (ფუფალას – სოფიკო ჭიაურელს – ხიდან რომ აფსამს) თენგიზ აბულაძემ ქუჩაში დაინახა. გელა ისე კარგად მღეროდა, კარგი იყო, არ გამეცან თავიდანო, რომ ძალიან მოეწონა და ფილმში თავისივე ტანსაცმელში ჩაცმული გადაიღო. კინოსურათში სწორედ ამ ბიჭით კეთდება აქცენტები. როდესაც ფუფალა სოფლის სალაყბოზე ზის და ლაპარაკობს, იქ ერთი ასეთი სცენაა: ხიდან უნდა გადმოაფსას ფუფალას.

„მიდი, ბიჭო, ქენი“, – მთელი ჯგუფი ეხვეწებოდა. „არ მინდა, ახლა ვქენი, მოდი, ლიმონათი დამალევინეთ“, – თვითონვე მოითხოვა. ექვსი თუ შვიდი ბოთლი ლიმონათი გამოცალა. იცდიან, როდის მოუნდება რამე. ბავშვი ხეზეა ასული, გადამღები ჯგუფი ქვემოდან უყურებს. „არ გინდა?“ – „არ მინდა!“ – პასუხობს ბიჭი. ის იყო, ყველას იმედი გადაეწურა, რომ უცებ ისმის: „ბატონო თენგიზ, წამოვიდა, წამოვიდა!..“ შემდეგ, ცხადია, ეს ეპიზოდი დამონტაჟდა, მაგრამ თვითონ კადრი ნამდვილია…

***
სოსო ჯაჭვლიანი: „ნატვრის ხის“ გადაღებები ყველაზე ლამაზი პერიოდია ჩემს შემოქმედებაში. ბედნიერებაა, როდესაც 16-17 წლის ხარ და ამ დროს მთელი საქართველოს უსაყვარლეს მსახიობებთან გიწევს ურთიერთობა. იცით, როგორ გავხდი პოპულარული ამ ფილმის გადაღებისას? სიღნაღში ვიღებდით. სასტუმროში ვცხოვრობდით და იქვე, რაიკომის შენობაში ვსადილობდით ხოლმე. დილით გადაღებაზე რომ მივდიოდით, ჩემ ირგვლივ იმდენი ცნობილი მსახიობი იყო, მაგრამ რატომღაც ხალხი მე მიყურებდა. ცხადია, არ ვამჟღავნებდი, მაგრამ შინაგანად ძალიან ამაყი ვიყავი. ბავშვები სასადილოშიც კი შემომყვებოდნენ ხოლმე და იქაც მათვალიერებდნენ. ბოლოს გაირკვა რაც ხდებოდა: ეს ის ბიჭია, შვიდ პორცია შნიცელს რომ ჭამსო! – ასე აცნობდნენ ვიღაცას ჩემს თავს…“

***

„ნატვრის ხე“ ეკრანზე 1976 წელს გამოვიდა. წინასაპრემიერო ჩვენებაზე ბატონმა რეზო ჩხეიძემ მეგობრის (თენგიზ აბულაძის) თხოვნით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მიიპატიჟა. ბატონი რეზო ფილმის ჩვენების დროს უწმინდესის გვერდით იჯდა. უცებ ოხროხინეს (მღვდელი, რამაზ ჩხიკვაძე) ეპიზოდი გაახსენდა და ოფლმა დაასხა. აღარ იცოდა, რა ექნა. სწორედ ამ დროს ეკრანზე ეს კადრი გამოჩნდა და რეზო ჩხეიძემ უწმინდესის წინაშე თავის მართლება სცადა: ნაწარმოებში ასეაო. „არა უშავს, არა უშავს, ასეთებიც არიან“, – უპასუხა პატრიარქმა.

თამარ ოთიაშვილი

p. s. „ნატვრის ხე“ თენგიზ აბულაძის ტრილოგიის მეორე ფილმია და გიორგი ლეონიძის მოთხრობების მიხედვითაა გადაღებული. სცენარის ავტორი რეჟისორთან ერთად რეზო ინანიშვილია. ტრილოგიის დანარჩენი ორი ფილმია „ვედრება“ და „მონანიება“.

თენგიზ აბულაძის 90 წლისთავთან დაკავშირებით ქართულ-ესტონური ერთობლივი ძალისხმევით „ნატვრის ხის“ რესტავრირება და ციფრულ ფორმატში გადატანა მოხერხდა. რესტავრაცია, ფერებისა და ხმის კორექცია ფილმს ესტონეთში ჩაუტარდა და 2015 წელს რესტავრირებული და ციფრულ ფორმატში გადაყვანილი დაუბრუნდა საქართველოს.

კომენტარები