პატარა ქართველი უფლისწული, რომლის ძარღვებში ევროპელი მონარქების სისხლიც ჩქეფს
მუხრანელი ბაგრატიონების ესპანური შტოს მემკვიდრე ბაგრატ ბაგრატიონი უკვე სამი წლისაა. ახლახან მისი მშობლების, პრინც იოანე (ხუან) ბაგრატიონ-მუხრანელის და ქრისტინე ბაგრატიონ-მუხრანელის ქორწინებიდან 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოქვეყნებულმა უფლისწულის ფოტომ დიდი მოწონება დაიმსახურა.
ბატონიშვილ იოანეს შვილი არის როგორც ქართველი მეფეებისა და ბაგრატიონების დინასტიის, ისე ვროპის სხვადასხვა ქვეყნის მეფეების და ევროპული სამი სხვადასხვა დინასტიის – ბურბონების, ჰაბსბურგებისა და ვიტელსბახების შთამომავალი.
ცნობილია, რომ ბაგრატის დიდმა პაპამ, ბატონიშვილმა ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელმა თავისი მეორე ქორწინებით საქართველოსა და ევროპის დიდი სამეფო დინასტიები ერთმანეთს დაუკავშირა.
„ჩვენი შვილი გაიზრდება, როგორც ჩვეულებრივი ბავშვი, რადგან ყველა ბავშვი ერთნაირია, მათ სჭირდებათ სიყვარული, ყურადღება და მზრუნველობა, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. მე ბავშვობიდან გამიმართლა, რადგან შესანიშნავი მშობლები მყავდა, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს, რომ ჩემთვის მათი ღირებულებები გადმოეცათ. 12 წლის ასაკში გამგზავნეს შვეიცარიის სკოლა „ბო სოლეილში“, სადაც მყავდა მეგობრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და სხვადასხვა კულტურიდან. მე მჯერა, რომ ბავშვისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ჯანმრთელ და მოსიყვარულე გარემოში აღზრდა, რათა მათ მივცეთ თავდაჯერებულობა და სწორი ცხოვრებისეული მიმართულება“, – ამბობდა ერთ-ერთ ინტერვიუში იოანე ბაგრატიონ-მუხრანელი და პირობას დებდა, რომ მისი შვილი გაიზრდებოდა ქართული ტრადიციების შესაბამისად და, ასევე, მჭიდრო კავშირი ექნებოდა თავის ესპანურ და ევროპულ ფესვებთან.
როგორც ჩანს, ასეც არის. ბაგრატი საქართველოში დაიბადა და აქვე იზრდება. იოანემ პირველ შვილს მამის, ბაგრატ ბაგრატიონ-მუხრანელის სახელი დაარქვა.
ქრისტინე ბაგრატიონ-მუხრანელი მეუღლესთან, პრინც ხუან ბაგრატიონ-მუხრანელთან ერთად გადაღებულ ფოტოებს სოციალურ ქსელში აზიარებს ქორწინებიდან 10 წლის იუბილეზე. წყვილი საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მილოცვებს იღებს.
ფოტოებს შორისაა ულამაზესი პატარა პრინცის ფოტოც.
ქრისტინე წერს:
„10 წელი ერთად!
სიყვარული და ბედნიერება ყოველი წუთი!“
ბოლშევიკების რეპრესირების შედეგად ევროპაში გადასახლებული ბაგრატიონ-მუხრანელების სამეფო ოჯახის მეთაური, ბატონიშვილი ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელი 1946 წელს მეორედ დაქორწინდა ესპანეთისა და ბავარიის პრინცესაზე, ინფანტა მარია დე ლას მერსედეს ბავარია ი დე ბურბონზე, რომელიც იყო ესპანეთის მეფე ალფონსო მეცამეტის დის, მარია-ტერეზას შვილი. მათ შეეძინათ ორი შვილი – მარიამი და ბაგრატი. იოანე არის ბაგრატისა და კარმენ დე ულოა ი სუელვესის შვილი. ევროპული მხრიდან იოანე ბავარიის პრინც ლუი-ფერდინანდისა და ესპანეთის პრინცესა მარია დე ლა პაზის შვილთაშვილია, ასევე, ესპანეთის მეფე ალფონსო მეთორმეტისა და ავსტრიის ერცჰერცოგინიას – მარია-ქრისტინა ჰაბსბურგის შვილთაშვილი. ბაგრატი სწორედ ამ შტოს გამგრძელებელია.
ქართველმა პრინცმა და ცნობილმა მოდელმა ქრისტინე ძიძიგურმა 2014 წელს ესპანეთში იქორწინეს. წყვილი ქორწინების შემდეგ საქართველოში დასახლდა. 2018 წელს მათ მეორე ქორწილი გადაიხადეს და სვეტიცხოველში ჯვარი დაიწერეს. ქორწილს ევროპული სამეფო ოჯახებიდან მაღალი რანგის სტუმრები ესწრებოდნენ.
ამავე თემაზე: ბაგრატიონთა ესპანური შტო მემკვიდრეს ელოდება
ნათლისღებას სამეფო ოჯახში მატებაა – დაიბადა ბაგრატ ბაგრატიონი
კომენტარები