რაჭაში მიწისძვრა მოხდა
4 ივნისის ღამით, თბილისის დროით 02:03 საათზე (GMT – 3 ივნისი, 22:03) საქართველოში, რაჭაში მიწისძვრა მოხდა.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის თავდაპირველი ინფორმაციით, მიწისძვრა 5,4 მაგნიტუდის იყო და მისი ეპიცენტრი ონიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, 8 კილომეტრში, სოფელ ირში მდებარეობდა.
მოგვიანებით ცენტრმა ინფორმაცია დააზუსტა – მიწისძვრა 5,3 მაგნიტუდის იყო, მისი ფოკალური სიღრმე – 11 კმ.
სოციალური ქსელების მომხმარებლები წერენ, რომ ძლიერი ბიძგები იგრძნობოდა არა მარტო რაჭაში, არამედ იმერეთის ტერიტორიასა და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგ რაიონშიც. ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, თუმცა, როგორც რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ძლიერი ბიძგების შედეგად ბზარები გაუჩნდა მუნიციპალიტეტში არსებულ რამდენიმე საცხოვრებელ სახლს. ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები დაზიანებული სახლების მეპატრონეებს შეხვდნენ დაზიანებული სახლების დათვალიერებისა და მათი მეპატრონეების საჭიროებების გაცნობის მიზნით.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, კიდევ ერთი, 3,7 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა დილის 6-ის ნახევარზე (05:30 სთ) ონიდან 10 კმ-ში, სოფელ ირთან, 1 კმ-ის დაშორებით, რომლის კერის სიღრმე 7 კმ იყო.
ონთან ახლოს მიმდინარე წლის 30 მარტსაც მოხდა მოხდა სამი მიწისძვრა საათზე ნაკლები დროის მონაკვეთში: პირველი, 4,8 მაგნიტუდის მიწისძვრა 30 მარტს თბილისის დროით 17:44 საათზე დაფიქსირდა. 17:50 საათზე განმეორებითი, 4,2 მაგნიტუდის ბიძგები იყო, მესამე, 4.0 მაგნიტუდის მიწისძვრა კი 18:31 საათზე მოხდა.
ამავე თემაზე: როგორ უნდა მოვიქცეთ მიწისძვრის დროს – საყურადღებო რჩევები
კომენტარები