9 მაისს შვედეთის ქალაქ მალმეში ევროვიზიის სიმღერის კონკურსის მეორე ნახევარფინალი გაიმართა. საქართველოს წარმომადგენელი ნუცა ბუზალაძე მე-11 ნომრად წარდგა და შეასრულა საკონკურსო სიმღერა Firefighter. ნუცამ მოლოდინები გაამართლა და იმ 10 ქვეყნის წარმომადგენელს შორის მოხვდა, რომლებიც მეორე ნახევარფინალიდან ფინალში გადავიდნენ. 2017 წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოს წარმომადგენელი ფინალში იმღერებს.
საქართველოსთან ერთად მეორე ნახევარფინალში მაყურებლის წინაშე წარდგნენ საბერძნეთის, მალტის, ნიდერლანდების, შვეიცარიის, ისრაელის, სომხეთის, ნორვეგიის, ბელგიის, ავსტრიის, ესტონეთის, დანიის, სან მარინოს, ალბანეთის, ჩეხეთის და ლატვიის წარმომადგენლები. აგრეთვე, სცენაზე იმღერეს საფრანგეთის, იტალიისა და ესპანეთის წარმომადგენლებმაც, რომლებიც ფინალში უკონკურსოდ გადადიან.
მეორე ნახევარფინალიდან ფინალში, აგრეთვე, მოხვდნენ ლატვია, ავსტრია, ნიდერლანდები, ნორვეგია, ისრაელი, საბერძნეთი, ესტონეთი, შვეიცარია და სომხეთი.
ფინალური კონკურსი 11 მაისს გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ შვედეთის ქალაქი მალმე ევროვიზიის ფესტივალს უკვე მესამედ მასპინძლობს – ამ ქალაქში ევროფესტივალი 1992 და 2013 წლებშიც ჩატარდა. საერთო ჯამში კი შვედეთში ევროვიზიის კონკურსი მეშვიდედ ტარდება.
ნახეთ ნუცას გამოსვლა ნახევარფინალში:
კომენტარები