ქართველები უცხოეთშიიტალიაკრიმინალი

იტალიაში საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს ქურდობის ბრალდებით

იტალიის დედაქალაქ რომში საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს ქურდობის ბრალდებით. ინფორმაციას La Repubblica ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პონტე-მილვიოს რაიონის პოლიცია მათ გარკვეული დროის განმავლობაში უთვალთვალებდა, რის შემდეგაც ჩხრეკა ჩაატარა სახლში, სადაც საქართველოს მოქალაქეები ცხოვრობდნენ. სახლიდან პოლიციამ მოპარული ნივთები ამოიღო, მათ შორის, ვერცხლისა და ოქროს სამკაულები, ძვირფასი საათები, ნახატები, ფოტოაპარატები, გასაღებები და ქურდობისთვის საჭირო მრავალი იარაღი, მათ შორის, კარის საკეტის გასახსნელი ორი სპეციალური მოწყობილობა – ე. წ. Mickey Mouse Decoder-ი, რომელსაც შეუძლია თითქმის ნებისმიერი ევროპული ცილინდრული საკეტის გაღება (მისი ფასი 450 ევროა) და, აგრეთვე, „ბულგარული გასაღები“, რომელიც ორმაგფრთიან საკეტებს აღებს. მისი ფასი 350 ევროა.

ამოღებულია, ასევე, Tanfoglio-ს მარკის 9×21 კალიბრის პისტოლეტი სავაზნე კოლოფთან და 13 პატრონასთან ერთად, რომელიც გასული წლის სექტემბერში ოსტიაში ერთ-ერთი სახლიდან მოიპარეს. საქართველოს მოქალაქე 42 წლის  მამაკაცი დააპატიმრეს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით. იგი რეგინა კოელის ციხეში გადაიყვანეს და წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მას 3 სხვა თანამემამულესთან ერთად, ასევე, მოპარული ნივთების მიღებასა და შეცვლილი გასაღებების და კარის გამხსნელი მოწყობილობების დაუსაბუთებლად ფლობას ედავებიან, – აღნიშნულია პოლიციის განცხადებაში.

„ლა რეპუბლიკა“ გასაღებების გამხსნელ სპეციალურ მოწყობილობებზეც წერს, რომელსაც ქურდები აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან აქტიურად იყენებენ სახლების ძარცვისას. Topolino decoder-ის სახელური დისნეის ცნობილი გმირის, მიკი მაუსის ყურებს წააგავს, ამიტომაც დაარქვეს მას მეტსახელად Mickey Mouse Decoder-ი მისმა გამომგონებელმა ბულგარელმა ხელოსნებმა. მოწყობილობა საშუალებას იძლევა, ყოველგვარი ხმაურის და გატეხის ნიშნების გარეშე გააღოთ კარების უმეტესობა ევროპული ცილინდრული საკეტებით, რომლებიც პერფორირებული გასაღებებით იღება. ის შეუცვლელი სამუშაო ინსტრუმენტი გახდა სახლების მძარცველებისთვის მთელ ევროპაში.

გამოცემის ცნობით, „მიკი მაუსის დეკოდერი“ მხოლოდ ერთ-ერთია იმ მრავალ მოწყობილობათაგან, რომელიც აღმოსავლეთ ევროპელმა ქურდებმა შეიტანეს იტალიაში. მაგ., რუსეთიდან არის იმპორტირებული Pandora Code Grabber-ი, პატარა მოწყობილობა, რომელსაც შეუძლია გახსნას ბაზარზე არსებული ბევრი მანქანის კარი გასაღების გარეშე, ასევე, გახსნას ავტოფარეხები, ჟალუზები და ავტომატური კარები. Pandora იჭერს ელექტრონული საკეტის სიხშირეებს და ისე იმეორებს, რომ კარებს უმტკივნეულოდ აღებს, დაუზიანებლად. Pandora-ს ერთ-ერთი პირველი ვერსია ისტორიულ Nintendo Gameboy-ს ეფუძნებოდა,  უკანასკნელი ვერსიები კი გასაღების ბრელოკის ზომისაა და დაახლოებით 7 ათასი ევრო ღირს.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close