საბერძნეთისაქართველოსპორტი

რა თანხას გამოიმუშავებს საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გასვლით? – ბერძენ ფეხბურთელებს 4,5 მილიონი ევროს დარიცხვას უკვე დაჰპირდნენ

26 მარტს საქართველო და საბერძნეთი ერთმანეთს ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საგზურისთვის დაუპირისპირდებიან

26 მარტს „დინამო არენაზე“ საქართველო და საბერძნეთი ერთმანეთს ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საგზურისთვის დაუპირისპირდებიან, რომელიც გერმანიის 10 ქალაქში ჩატარდება 14 ივნისიდან 14 ივლისამდე. საბერძნეთის ეროვნული ნაკრები თბილისში 24 მარტს, საღამოს ჩამოვიდა. 26 მარტს საქართველოს ნაკრებს ხვიჩა კვარაცხელიაც შეუერთდება, რომელმაც წინა თამაში „ლუქსემბურგთან“ დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა. 

როგორი მოლოდინებია თამაშამდე ერთი დღით ადრე?

თბილისის „დინამოს“ ლეგენდარულმა თავდამსხმელმა ვლადიმერ გუცაევმა საქართველოს შანსები შეაფასა და თქვა: „საბერძნეთი ლუქსემბურგზე ძლიერი გუნდია, მაგრამ მოგების შანსი გვექნება, ბოლომდე თუ დავიხარჯეთ“.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ მდივანს დავით მუჯირსაც გამარჯვების იმედი აქვს და მიაჩნია, რომ 2020 წლისგან განსხვავებით ამჯერად ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოვიპოვებთ. მის იმედებს ისიც ამყარებს, რომ თამაში თბილისშია და საქართველოში თამაში ყველა გუნდს უჭირს. „საბედნიეროდ, გვაქვს ის ფუფუნება, რომ ჩვენი გულშემატკივარი დაესწრება ამ თამაშს. ჩვენი გულშემატკივრის მხარდაჭერით, ჩემი აზრით, შეიძლება ობიექტური ბოლომდე ვერ ვიყო, მაგრამ, მგონია, რომ ამ შეხვედრაში ფავორიტები ვართ და გავიმარჯვებთ“, – განაცხადა მუჯირმა.

სა­ბერ­ძნეთ­თან მატ­ჩის წინ ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ამაც გა­ა­კე­თა განცხადება: „ ვფიქ­რობ, კარგ კონ­დი­ცი­ებ­ში ვარ და იმე­დია, ნაკ­რებს გა­მარ­ჯვე­ბა­ში და­ვეხ­მა­რე­ბი. არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, გოლს ვინ გა­ი­ტანს, მთა­ვა­რია, გა­მარ­ჯვე­ბა მო­ვი­პო­ვოთ. გა­ი­მარ­ჯვებს ძლი­ე­რი და იმე­დი მაქვს, რომ ეს ჩვე­ნი გუნ­დი იქ­ნე­ბა. მე­ტო­ქეს პა­ტივს ვცემთ, ვი­ცით მათი სიძ­ლი­ე­რე, მაგ­რამ არ მგო­ნია, ვინ­მეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ­დე­ნი გულ­შე­მატ­კივ­რის წი­ნა­შე ფი­ნა­ლის თა­მა­ში გა­უ­ხარ­დეს“, – თქვა კვა­რამ.

როგორც ბერძნული მედია წერს, ბერძენ ფეხბურთელებს „სამშაბათს თამაში მოუწევთ სტადიონზე, რომელიც გავარვარებული ღუმელის მსგავსი იქნება.

ბერძნული გამოცემა Sport24-ის შეფასებით, საბერძნეთს შეუძლია ევროპის ჩემპიონატზე გასვლა და ამას იმსახურებს, მაგრამ საქართველოსაც კარგი გუნდი ჰყავს.

ყველა შუქი ახლა ხვიჩა კვარაცხელიასკენაა მიმართული. „ნაპოლის“ სუპერვარსკვლავი საუკეთესოა ქართულ ფეხბურთში, მაგრამ საქართველოს ნაკრები მარტო კვარადონა არ არის, რაც მათ ლუქსემბურგთანაც დაამტკიცეს. ქართველებს კარგი გუნდი ჰყავთ და კვარაცხელია, უბრალოდ, დესერტია. საქართველოს ნაკრებს მსოფლიო დონის მოთამაშე ჰყავს და მას დაეყრდნობა“, – წერს Sport24.gr.

რა თანხას გამოიმუშავებენ გუნდები ევროპის ჩემპიონატზე გასვლით?

ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში ყველა ქვეყნის ეროვნული ფედერაცია უეფა-სგან 9 მილიონ ევროს მიიღებს. საბერძნეთის ფედერაცია ფეხბურთელებს ამ თანხის ნახევრის (4,5 მილიონი ევრო) დარიცხვას ჰპირდება.

უშუალოდ ევროპის ჩემპიონატზე თითოეული გამარჯვებისთვის უეფა 1,5 მილიონ ევროს იხდის, ხოლო ფრის შემთხვევაში ნაკრებს 750 ათასი ევრო ერგება.

რაც შეეხება ფინალურ სტადიას, მერვედფინალში გასვლისთვის ნაკრები 2 მილიონ ევროს იღებს, მეოთხედფინალურ სტადიაზე მოხვედრის შემთხვევაში – 3,25 მილიონს, ნახევარფინალურ ეტაპზე უეფა 7 მილიონ ევროს იხდის, ფინალში გასვლისთვის გუნდები 7 მილიონ ევროს მიიღებენ, ხოლო ტურნირში გამარჯვებისთვის 10 მილიონია გამოყოფილი.

მთლიანად ტურნირის საპრიზო ფონდი 371 მილიონ ევროს შეადგენს.

სტატისტიკა

საქართველო და საბერძნეთი ერთმანეთს ისტორიაში სულ 9-ჯერ შეხვდნენ, საიდანაც 2 მატჩი ფრედ დასრულდა, ხოლო 7-ჯერ ბერძნებმა გაიმარჯვეს; ბურთების ჯამური შეფარდებაა 6-17.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ პლეი ოფის ნახევარფინალში ლუქსემბურგს უმასპინძლა ბორის პაიჭაძის სახელობის  ეროვნულ სტადიონზე („დინამო არენა“) და მეტოქე ბუდუ ზივზივაძის დუბლით დაამარცხა 2-0.

საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებების მატჩი „დინამო არენაზე“ 21:00 საათზე გაიმართება.

26 მარტს, თბილისის მერის თქმით, რესპუბლიკის მოედანზე დიდი ეკრანი ისევ დამონტაჟდება და გულშემატკივრებს, რომლებიც სტადიონზე წასვლას ვერ შეძლებენ, საშუალება ექნებათ, მოედნიდან ადევნონ თვალი თამაშს.

ამასთან, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, 26-იდან 27 მარტის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი 02:00 საათამდე იმუშავებს.

მანანა ბანძელაძე

ამავე თემაზე: საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატს ერთი ნაბიჯი აშორებს (ვიდეო)

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close