მსოფლიოეკონომიკასპორტი

გერმანია 11 ევროს ნომინალის მონეტას გამოუშვებს

11 ევროს ნომინალის უნიკალური ვერცხლის მონეტას გამოუშვებს გერმანია 2024 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის ფეხბურთში. მონეტის წონა 14 გრამი იქნება, დიამეტრი კი – 30 მმ. მონეტა გაყიდვაში მაისში გამოვა.

ევრო – 2024 გერმანიის 10 ქალაქში ჩატარდება 14 ივნისიდან 14 ივლისამდე. გერმანია გაერთიანების შემდეგ პირველად უმასპინძლებს მთავარ ევროპულ ტურნირს ფეხბურთში უეფას შემადგენლობაში შემავალ ეროვნულ ნაკრებებს შორის.

სწორედ ამ ღონისძიებისთვის მზადების ფარგლებში გადაწყვიტა ქვეყნის ხელისუფლებამ სამახსოვრო ვერცხლის მონეტის გამოშვება ორი ჭედური ვარიანტით: არაცირკულირებული და სარკისებური ბზინვარებით.

მონეტის წინა მხარის – ავერსის დიზაინი კიოლნელმა მხატვარმა დეტლეფ ბერმა შექმნა. მასზე გამოსახულია ბერლინში ოლიმპიური სტადიონის სახურავი, სადაც ევრო-2024-ის ფინალი ჩატარდება, აგრეთვე, სტილიზებული საფეხბურთო მოედანი კუთხის დროშებით და ცენტრში ბურთით, რომელიც ხელშესახებად გამოიყურება. მონეტაზე ფერადი ელემენტები გერმანიის ეროვნული დროშის ფერების მინიშნებას იძლევა. ციფრები – 1 და 0 ასახავს ჩემპიონატის ჩატარების 10 ადგილს: ბერლინი, კიოლნი, მიუნხენი, ფრანკფურტი, ჰამბურგი, დორტმუნდი, ლაიფციგი, გელზენკირხენი, შტუტგარტი და დიუსელდორფი.

მონეტის უკანა მხარის – რევერსის დიზაინი ბერლინელმა ლორენც კრიოსმანმა შეიმუშავა – გერმანული არწივი, წარწერა „გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა“, ევროგაერთიანების 12 ვარსკვლავი და „500 სინჯის ვერცხლი“. სამახსოვრო მონეტის გლუვ  კიდეზე კი აწერია: „ევროპის გულში გაერთიანებულები“.

ექსკლუზიური მონეტის ნომინალური ღირებულება 11 ევროა – საფეხბურთო გუნდის ფეხბურთელების რაოდენობის შესაბამისად. სარკისებური ბზინვარების მქონე ვერსია, ცხადია, უფრო ძვირი იქნება. გერმანიის ფედერალური ადმინისტრაციული უწყების საიტზე მითითებულია მისი ფასი – 29,95 ევრო. ორივე ვერსია 111 111 ტირაჟით გამოვა და გაყიდვაში 8 მაისიდან იქნება, თუმცა მსურველებს წინასწარ შეუძლიათ შეკვეთის გაფორმება.

როგორც „დოიჩე ველე“ წერს, გერმანიის საფეხბურთო კავშირთან (DFB) თანამშრომლობით შექმნილი 11 ევროს ნომინალის მონეტა გერმანიის ისტორიაში პირველია.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close