ვიდეომსოფლიოსაზოგადოება

ესპანეთში 14-სართულიან სახლში გაჩენილ ხანძარს, სულ ცოტა, 10 ადამიანი ემსხვერპლა, 15-მდე დაკარგულად ითვლება (ვიდეო)

ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად, სულ ცოტა, ათი  ადამიანი დაიღუპა.

დაღუპულთა შორის ოთხი ერთი ოჯახის წევრები არიან – მშობლები და მათი მცირეწლოვანი შვილები.

23 თებერვლის საღამოსთვის დაკარგულად ითვლება 15-მდე პირი.

ხანძარი ქალაქის ჩრდილოეთით, კამპანარის რაიონში, საცხოვრებელ კორპუსში 22 თებერვალს გაჩნდა. როგორც მედია წერს, ცეცხლმა თავდაპირველად საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულზე იფეთქა და მალევე გავრცელდა მიმდებარე შენობებზე.

ერთ-ერთი მაცხოვრებლის თქმით, ცეცხლმა 14-სართულიანი შენობა 10 წუთში მთლიანად მოიცვა. მისი აზრით, ცეცხლი სწრაფად შენობას შესაძლოა იმ მასალის გამო მოედო, რომლითაც ფასადი იყო მოპირკეთებული, თუმცა უფრო სავარაუდოა, რომ ხანძარი ასე სწრაფად ძლიერი ქარის გამო გავრცელდა.

ცეცხლის ქრობის პროცესში 20-ზე მეტი სახანძრო ეკიპაჟი მონაწილეობდა. დაშავებულია 14 პირი, მათ შორის, ექვსი მეხანძრე.

საცხოვრებელ კორპუსში დაახლოებით 450 ადამიანი ცხოვრობდა.

შემთხვევას ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესიც გამოეხმაურა.

„შეძრწუნებული ვარ ვალენსიაში მდებარე შენობაში საშინელი ხანძრის გამო. მსურს, მთავრობის სახელით სოლიდარობა, თანადგომა და თანაგრძნობა გამოვუცხადო მსხვერპლთა ოჯახებს. მინდა მადლობა გადავუხადო სახელმწიფო მოსამსახურეებს მათი ძალისხმევისთვის, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასადაც კი. ჩვენ აქ ვართ, რომ დაგეხმაროთ, გამოვხატოთ ჩვენი თანადგომა და მთლიანად ესპანური საზოგადოების  სოლიდარობა“, – განაცხადა პედრო სანჩესმა.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close