იტალიასაზოგადოება

როგორ აპირებენ იტალიაში ძაღლის განავლით პატრონის იდენტიფიცირებას, რათა ქუჩები დაბინძურებისაგან „იხსნან“

იტალიის ბოლცანოს ავტონომიური პროვინციის ხელმძღვანელობა ქალაქ ბოლცანოსა და მის შემოგარენში ქუჩების სისუფთავისთვის ბრძოლას ახალი ტექნოლოგიების დახმარებით აპირებს. ისინი შინაური ცხოველების დნმ-ის მონაცემთა ბაზას ქმნიან, რათა გააკონტროლონ ძაღლების პატრონები, რომლებიც ცხოველების ფეკალიებს ქუჩებში ტოვებენ.

პროვინციის ხელისუფლება 40 000-მდე ძაღლის დნმ-ის მონაცემის შეგროვებას გეგმავს. მას შემდეგ, რაც ეს ეტაპი დასრულდება, სისტემა სრულფასოვნად ამუშავდება და დნმ-ის ტესტით მიაგნებენ პატრონებს, რომლებიც თავიანთი ოთხფეხა მეგობრების განავალს ქუჩაში დატოვებენ – ისინი 50-დან 500 ევრომდე დაჯარიმდებიან.

ქალაქის მთავრობამ უკვე შეაგროვა 10 000-მდე ძაღლის მონაცემები. დნმ-აღრიცხვა სავალდებულოა და თუ ძაღლის პატრონი მასზე უარის იტყვის ის 1050 ევრომდე თანხით დაჯარიმდება.

ეს მეთოდი არა მარტო იმისთვისაა საჭირო, რომ ძაღლის პატრონებმა, კეთილი ინებონ და, თავიანთი შინაური ცხოველების ფეკალიები თავად აიღონ და ქუჩაში არ დატოვონ, არამედ იმისთვისაც, რომ ცხოველების მიმართ აგრესიისა და მკვლელობების შემთხვევების დამნაშავეებს მიაკვლიონ.

ვეტერინარები პროვინციისა და მუნიციპალიტეტების ადგილობრივ ხელისუფლებებთან ერთად თანამშრომლობენ, რათა ძაღლების პატრონებს თავიანთი ოთხფეხა მეგობრების გენეტიკური მონაცემების ჩაბარება გაუადვილონ. მუნიციპალიტეტებს ვადა ჰქონდათ, 15 იანვრამდე გამოეყოთ შენობები ამ მიზნით. რეგისტრაციაში მუნიციპალიტეტებიც იქნებიან ჩართულები.

ნანა ძნელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close