მოგზაურობამსოფლიოკრიმინალი

ამერიკელმა მგზავრმა ბორტზე სტიუარდესას უკბინა, რის გამოც თვითმფრინავი უკან – ტოკიოში დაბრუნდა

ბორტზე მყოფმა ბევრმა მგზავრმა მომხდართან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ინციდენტმა „ზომბებზე ფილმის დასაწყისი“ გაახსენა

იაპონური ავიაკომპანია ANA-ს თვითმფრინავი, რომელიც აშშ-ში მიფრინავდა, უკან, ტოკიოში გაბრუნდა მას შემდეგ, რაც ნასვამმა მგზავრმა ბორტგამცილებელს უკბინა, – ამის შესახებ ავიაკომპანიამ ხუთშაბათს, 18 იანვარს განაცხადა.

„თვითმფრინავი წყნარი ოკეანის თავზე მიფრინავდა, როდესაც ძლიერი ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა მგზავრმა სტიუარდესას ხელზე უკბინა, რის გამოც პილოტი იძულებული იყო, ტოკიოს „ჰანედას“ აეროპორტში დაბრუნებულიყო“, – უთხრა NBC News-ს All Nippon Airways-ის წარმომადგენელმა, თუმცა მთვრალი მამაკაცის ვინაობა არ გაუმჟღავნებია.

ANA-ს თვითმფრინავი, რომლის ბორტზე 159 მგზავრი იმყოფებოდა, ტოკიოს „ჰანედას“ აეროპორტიდან სამშაბათს აფრინდა ადგილობრივი დროით 07:24 სთ-ზე და სიეტლში 10 საათის შემდეგ უნდა ჩაფრენილიყო, თუმცა აფრენიდან 3 საათის შემდეგ უკან, ტოკიოს აეროპორტში დაბრუნდა.

ბორტზე მყოფმა ბევრმა მგზავრმა მომხდართან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ინციდენტმა „ზომბებზე ფილმის დასაწყისი“ გაახსენა.

ANA-ს წარმომადგენლის ცნობით, ეჭვმიტანილი პოლიციას გადასცეს, სტიუარდესამ კი მსუბუქი დაზიანებები მიიღო. გავრცელებული ცნობით, მკბენარა მგზავრმა პოლიციას განუცხადა, რომ „საერთოდ არაფერი ახსოვს“.

სტიუარდესაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი 55 წლის მამაკაცი აშშ-ის მოქალაქეა. იაპონური გამოცემა Asahi Shimbun-ი პოლიციის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ იგი თავდასხმის ბრალდებით დააკავეს.

nbcnews-ის ინფორმაციით, ეს თვითმფრინავში კბენის პირველი შემთხვევა არ არის. სამოქალაქო ავიაციის ფედერალური ადმინისტრაციის (FAA) მონაცემებით, 2022 წლის ივლისში American Airlines-ის რეისის ეკიპაჟის წევრებს, რომელიც დალასიდან შარლოტაში, ჩრდ. კაროლინაში მიფრინავდა, ერთ-ერთმა მგზავრმა ქალმა დაარტყა, უკბინა და შეაფურთხა.

ამავე წყაროს ცნობით, 2022 წლის ივლისშივე Delta Air Lines-ის ბორტზე, რომელიც ლას-ვეგასიდან ატლანტაში მიფრინავდა, ერთ-ერთმა მგზავრმა ქალმა სხვა მგზავრის მოხვევა და კოცნა სცადა და მგზავრს რამდენიმეჯერ უკბინა.

ეს ქალები, შესაბამისად, 81 950 და 77 272 დოლარით დაჯარიმდნენ, რაც  FAA-ს მიერ გამოწერილი ჯარიმების რეკორდია აშშ-ში.

2017 წელს კი დააკავეს მამაკაცი, რომელმაც სტიუარდესას უკბინა ჩრდილოეთ კაროლინის აეროპორტში გადმოხტომის წინ.

2 იანვარს Japan Airlines-ის თვითმფრინავი ტოკიოს „ჰანედას“ საერთაშორისო აეროპორტში სანაპირო დაცვის თვითმფრინავს შეასკდა. Japan Airlines-ის ცეცხლმოდებული ლაინერიდან 379-ვე მგზავრი და ეკიპაჟი უსაფრთხოდ გამოიყვანეს, თუმცა სანაპირო დაცვის თვითმფრინავის ბორტზე 5 ადამიანი დაიღუპა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close