ნაკიანი 2024 წელი – რატომ აქვს ნაკიან წელს „ცუდი რეპუტაცია“
ნაკიან წელიწადში თებერვალი 29 დღე-ღამისგან შედგება 28-ის ნაცვლად. ახალი სტილით (გრიგორიანული კალენდრით) ნაკიანად ითვლება ყოველი წელიწადი, რომელიც 4-ზე იყოფა, გარდა ორი ნულით დაბოლოებული იმ წლებისა, რომლებიც უნაშთოდ არ იყოფა 400-ზე (მაგ., 1800, 1900, 2100). ნაკიანი წელიწადის არსებობა, ანუ ყოველი მეოთხე წლისთვის ერთი დღის დამატება, საჭიროა იმიტომ, რომ დედამიწა მზის გარშემო სრულ ბრუნს აკეთებს არა 365 დღეში, არამედ 365 დღესა და დაახლოებით 6 საათში (ჩვენი პლანეტა მზის გარშემო ეკლიპტიკურ ორბიტაზე მოძრაობს საშუალო სიჩქარით 29,765 კმ/წმ-ში, ერთი სრული ბრუნის სიგრძე 940 მლნ კილომეტრს შეადგენს). ანუ რეალურად დედამიწაზე ასტრონომიული ანუ სეზონური წელი გრძელდება არა 365 დღეს, არამედ 365 და კიდევ დაახლოებით 1/4 დღეს. შესაბამისად, ოთხი კალენდარული წლის განმავლობაში ერთი „დამატებითი“ დღე გროვდება და ამიტომაცაა ყოველ მეოთხე წელიწადში 366 დღე.
ნაკიანი წელი და ცრურწმენები
ნაკიან წელს ბევრი ცრურწმენა უკავშირდება. მას ზოგი უიღბლო და წარუმატებელ წლად მიიჩნევს და ფიქრობს, რომ ამ 366 დღის განმავლობაში ყველაზე მეტი ცუდი ამბავი ხდება. ამგვარი ცრურწმენა შესაძლოა აღმოსავლური კულტურიდან მოდიოდეს, სადაც ციფრი 4 (ნაკიანი კი ყოველი მეოთხე წელია) „სიკვდილის“ თანახმიერია.
ნაკიანი წლის ბევრი ცრურწმენა აღმოსავლეთის სლავებში წმინდა კასიანეს ხსენების დღეს უკავშირდება (ძველი სტილით – 29 თებერვალი, ახალი სტილით – 13 მარტი). ლეგენდის თანახმად, მან ქრისტეს უღალატა. კასიანემ შენდობა მიიღო, თუმცა საბოლოოდ ჯოჯოხეთის კარიბჭის მცველად გააწესეს, სადაც დასვენების უფლება მხოლოდ ოთხ წელიწადში ერთხელ აქვს და ჯოჯოხეთის ყურებით გაღიზიანებული კასიანე „დასვენების დროს“ ადამიანებს უბედურებებს მოუვლენს ხოლმე.
ღირს თუ არა დაქორწინება ნაკიან წელს
ნაკიანი წლების შესახებ ყველაზე ცნობილი ცრურწმენა არის ის, რომ არ უნდა დაქორწინდეთ. ითვლება, რომ ნაკიან წელში ქორწინება არ იქნება მტკიცე და ოჯახი მალე დაინგრევა, ამიტომ უმჯობესია დაქორწინება ერთი წლით გადადოთ.
ეს მხოლოდ ცრურწმენაა, მაგრამ თუ გული მაინც გეთანაღრებათ, შემდეგი რჩევები გაითვალისწინეთ:
- საქორწილო კაბა გრძელი უნდა იყოს და სასურველია გრძელი შლეიფიც ჰქონდეს – გრძელი კაბა ხანგრძლივ ქორწინებასთან ასოცირდება.
- საქორწილო ბეჭდის გაკეთებამდე პატარძალმა ხელთათმანი უნდა მოიხსნას – საქორწილო ბეჭდის ხელთათმანზე გაკეთება ხანმოკლე კავშირის მომასწავებელია.
- ხელის მოწერის ადგილისკენ მიმავალმა ნეფე-დედოფალმა უკან არ უნდა მიიხედოს.
- ფინანსური კეთილდღეობის მოსაზიდად ფეხსაცმელში ლითონის მონეტის ჩადება კარგი აზრია.
- საქორწილო მაგიდის სუფრა წყვილმა უნდა შეინახოს და ქორწინების ყოველი წლისთავი ამ სუფრაგადაფარებულ მაგიდასთან უნდა აღნიშნოს. ეს ერთად ცხოვრებას გაახანგრძლივებს.
ჩვენი რჩევაა, არ დაუჯეროთ ცრურწმენას და დაუჯერეთ სტატისტიკას: მსოფლიო სტატისტიკა უარყოფს, რომ ნაკიან წელს დაქორწინებული ადამიანების საქორწილო კავშირი უფრო ხშირად ირღვევა, ვიდრე ნებისმიერი სხვა წყვილისა, ამიტომ 2024 წელს დაქორწინებისა არ შეგეშინდეთ და თამამად გადადგით ეს ნაბიჯი.
როდის უნდა აღნიშნოთ დაბადების დღე, თუ 29 თებერვალს დაიბადეთ
ცრურწმენის თანახმად, ამ დღეს ბავშვის დაბადებას შესაძლოა სირთულეები ახლდეს და მას განსაცდელით სავსე ცხოვრება ჰქონდეს, თუმცა ასტროლოგები საპირისპიროს ამტკიცებენ – ამ დღეს დაბადებულებს საოცარი იმპროვიზაციისა და ფანტაზიის უნარი აქვთ, ოცნებას ხშირად აქცევენ ხოლმე რეალობად. სწორედ ასეთი ბავშვები ხდებიან ლიდერები და ცნობილი ადამიანები. მათ შეუძლიათ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინონ გარშემო მყოფებზე და სახელმწიფოების ბედზეც კი.
როდესაც კალენდარში 29 თებერვალი არ არის, 28 თებერვალი რომ დასრულდება და 12 საათს გადასცდება, პირველ წუთებზე უნდა ადღეგრძელოთ ეს ადამიანები, ამ დროს წარმოთქმულ სადღეგრძელოს საოცარი ძალა აქვს. იუბილარებზე დიდ ზეგავლენას ახდენს.
ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი გვირჩევს, 29 თებერვალს დაბადებულების რჩევებს დავუჯეროთ: ამ დღეს დაბადებული ადამიანები ძლიერი ინტუიციით გამოირჩევიან, მათ აქვთ უნარი, ძალიან სწორი და სასარგებლო რჩევა მისცენ სხვებს. ამიტომ თუკი ამ დღეს დაბადებულმა ოდესმე რამე გირჩიათ, დაუჯერეთ, თქვენთვის სასიკეთო იქნება. თავად მათ არ იციან, საიდან აქვთ ეს უნარი. „ისინი გეომაგნიტური ველის საშუალებით ქვეცნობიერად იღებენ ამ ინფორმაციას და სწორედ ეს გახლავთ მათი ერთგვარი შარმიც“, – ამბობს ცაგარელი.
ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ ნაკიანი წლის ფატალურობის შესახებ ყველა განცხადება სხვა არაფერია, თუ არა ცრურწმენა. მათი თქმით, თუ დადასტურდა და რამე ცუდი მოხდა, ამაზე საუბრობენ და თუ არ დადასტურდა, უბრალოდ, ივიწყებენ. მაგრამ უბედურების მოლოდინს თავისთავად შეუძლია უბედურება მოიზიდოს. ტყუილად არ ხდება ხოლმე, რომ ადამიანს ზუსტად ის ემართება, რისიც ეშინია.
ნაკიანი წლის „ცუდ რეპუტაციას“ არ ადასტურებს არც მეცნიერება და არც სტატისტიკა, ამიტომ უფრო სწორი იქნება, ვირწმუნოთ, რომ ჩვენი ბედნიერება ჩვენზეა დამოკიდებული და არა კალენდრის რიცხვებზე, მით უფრო, რომ კარგი ნიშნებიც არის: 29 თებერვალს ნიშნობა ან ბავშვის დაბადება ოჯახური კეთილდღეობის მომასწავებელიაო; თუ ნაკიან წელს შემთხვევით წვიმაში მოყვებით, იღბალი გაგიღიმებთო, ხოლო პირველ ცისარტყელას თუ დაინახავთ, ბედნიერი ცხოვრება გელოდებათო! ჰოდა, ჩვენც კარგი დავიჯეროთ და კარგი ამბები მოვიზიდოთ!
თამთა გურული
კომენტარები