საფრანგეთში ქმრის მკვლელობის ბრალდებით 5 შვილის დედა, 28 წლის ქართველი ქალი დააკავეს – ახალი დეტალები
საფრანგეთის ქალაქ ტულონში ქმრის მკვლელობის ბრალდებით ქართველი ქალი დააკავეს. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს და წერს, რომ ქმრის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 28 წლისაა, სახელად ლანა, რომლის გვარის მარტო პირველ ინიციალს ასახელებენ – K. 5-ვე ბავშვი, ყველა მცირეწლოვანი, ტულონის პროკურატურამ ბავშვთა სოციალური დახმარების სამსახურის მზრუნველობის ქვეშ გადაიყვანა.
როგორც „კურიერმა“ გაარკვია, მკვლელობაში ეჭვმიტანილი ლანა ხუნწარიაა, მოკლული კი – 31 წლის მარად სურმანიძე.
ფრანგული მედიის ცნობით, 17 დეკემბერს გვიან ღამით მცირეწლოვანმა ბავშვებმა მეზობელს დაუკაკუნეს და უთხრეს, რომ მათ მშობლებს შორის „დიდი ჩხუბი“ იყო, რის შემდეგაც მეზობელი ქალი მათ ბინაში შევიდა და ძირს მწოლიარე კაცი დაინახა, რომელიც არ სუნთქავდა. მეზობელმა პოლიცია გამოიძახა. სამართალდამცველებს ახალგაზრდა კაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ. გამოძიებით დადგინდა, რომ იგი გაგუდული იყო.
მედია ასევე აღნიშნავს, რომ მკვლელობაში ბრალდებული ქალი ქმრის მიერ 2022 წლის აგვისტოში ჩადენილი ოჯახური ძალადობის მსხვერპლი იყო, თუმცა პროცედურა მას შემდეგ გაუქმდა, რაც მსხვერპლმა ძალადობის შემთხვევა უარყო.
ქმრის მკვლელობაში ბრალდებულის მეზობლებმა „კურიერს“ დაუდასტურეს, რომ წყვილს შორის კონფლიქტი საქართველოში ყოფნის დროსაც ხშირად ხდებოდა.
„მთავარ არხთან“ საუბარში ეჭვმიტანილი ქალის დედა – ეკატერინე ხარებავა აცხადებს, რომ მისი სიძე წამალზე დამოკიდებული იყო და ცოლზე ძალადობდა.
„ინვალიდი შვილი ჰყავდათ და ამის გამო წავიდნენ უცხოეთში. თურმე ჩემს შვილზე ძალადობდა, წამალდამოკიდებული გამხდარა და ფულს სთხოვდა, სულ ჩხუბი ჰქონიათ. მაგრამ ჩემი შვილი ერთი პატარა, ჭია გოგოა, ათასი დარდი და პრობლემა გამოვლილი, როგორ შეეძლო, ბიჭი გაეგუდა. არსად გაქცეულა. ადგილზე აიყვანეს ჩემი შვილი. მირჩევნია დღეს ჩემი შვილი იყოს მკვდარი, ვიდრე სიძე. არ მინდა ასეთი სირცხვილით ცხოვრება, ბავშვებს რა უნდა ვუთხრა?!
ამ ჩემს სიძეს დიდი დოზა ხომ არ ჰქონდა გაკეთებული და ამით მოკვდა. ხომ არის, რომ მერე ცუდად ხდებიან ხოლმე“.
ტულონის პროკურატურის ცნობით, ახალგაზრდა ქალმა თავდაპირველად აღიარა დანაშაული და მომხდარი დაწვრილებით აღწერა, თუმცა მოგვიანებით ყველაფერი უარყო. უწყების ინფორმაციით, წარმოშობით ქართველი წყვილის 5 ბავშვი ტულონის ბავშვთა სოციალურ სამსახურს გადასცეს. ხუთივე ბავშვი შინ იმყოფებოდა, თუმცა დაზუსტებით უცნობია, შეესწრნენ თუ არა ისინი დანაშაულს. გამოძიება მკვლელობის მუხლით დაიწყო. დაგეგმილია ეჭვმიტანილის ფსიქოლოგიური ექსპერტიზა.
ნინო ხოშტარია
კომენტარები