მსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტები

ფუფუნების საგნების ბრენდის, Hermès-ის მემკვიდრე ქონებას მებაღეს უტოვებს – უცნაური მემკვიდრეების ისტორიები

მოდის სახლ Hermès-ის მემკვიდრე, რომლის ქონებაც $11 მილიარდადაა შეფასებული, გეგმავს, გარდაცვალების შემდეგ სიმდიდრის ნაწილი თავის 51 წლის მებაღეს დაუტოვოს. თუმცა ნიკოლა პუეში ერთადერთი სულაც არაა, რომელსაც მემკვიდრეობასთან დაკავშირებით მსგავსი უცნაური გადაწყვეტილება მიუღია.

შვეიცარიული გამოცემა Tribune de Genève-ის თანახმად, პუეში, რომელსაც მეუღლე და შვილები არ ჰყავს, მებაღესა და მის ოჯახს თავისი სიმდიდრისა და უძრავი ქონების პორტფელის დაახლოებით ნახევარს უტოვებს. პუეშის ქონების წმინდა ღირებულება $11.5 მილიარდია, მებაღეს კი სიმდიდრის ნახევრის დატოვებამდე, მილიარდერმა უკვე გადასცა უძრავი ქონება მაროკოში და ვილა შვეიცარიაში, რომელთა ჯამური ღირებულება $6 მილიონია.

პუეში ტიერი ერმესის მეხუთე თაობის მემკვიდრეა, ადამიანის, რომელმაც 1837 წელს ძვირად ღირებული მოდის სახლი Hermès-ი დააარსა. Hermès-ი მსოფლიოში მეორე ყველაზე ძვირად ღირებული ფუფუნების საგნების ბრენდია, პუეში კი კომპანიაში 5%-იან წილს ფლობს.

მილიარდერის გადაწყვეტილება საკმაოდ იშვიათია, თუმცა წარსულში მემკვიდრეობასთან დაკავშირებით მსგავსი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევები მაინც არსებობს – მათ შორის „ულტრამდიდრების“ მიერაც. მაგალითისთვის, 2007 წელს, წარმოშობით პორტუგალიელმა კაცმა, სახელად ლუის კარლოს დე ნორონა კაბრალ დე კამარამ თავისი საბანკო ანგარიშები, 12-ოთახიანი ბინა ლისაბონში, სახლი პორტუგალიაში, ძვირად ღირებული მანქანა და ორი მოტოციკლი 70-კაციან ჯგუფს დაუტოვა, რომელთა სახელებიც გარდაცვალებამდე ათწლეულზე მეტი ხნით ადრე სატელეფონო წიგნში შემთხვევით ამოიკითხა.

კანადელმა ადვოკატმა კი, 1920-იან წლებში, თავისი ქონების სოლიდური ნაწილი ტრასტს გადასცა, რომელიც მისი გარდაცვალებიდან 10 წელიწადში ლიკვიდირებული იქნებოდა და გადაეცემოდა ტორონტოელ ქალს, რომელმაც შეძლო ყველაზე მეტი შვილის გაჩენა 1926 წლიდან 1936 წლამდე – სქემით, რომელსაც „Great Stork Derby“ უწოდეს, საბოლოოდ ოთხმა დედამ ისარგებლა და თითოეულმა $110,000 მიიღო (დღეს დაახლოებით $2.4 მილიონის ეკვივალენტი).

ვისკონსინელმა კაცმა, სახელად არჩიბალდ მაკარტურმა, 1900-იანი წლების დასაწყისში გარდაცვალებისას ოჯახის თითოეულ წევრს  მხოლოდ $5 დაუტოვა. დარჩენილი თანხა კი – დღევანდელი გათვლებით დაახლოებით $3 მილიონი – დაუტოვა ადამიანს, რომელსაც პარკში დაუმეგობრდა.

მიჩიგანის ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა თავისი ქონება ოჯახს დაუტოვა, თუმცა ქონების მიღებას მემკვიდრეები მისი გარდაცვალებიდან ერთი საუკუნის გასვლის შემდეგ შეძლებდნენ. ანდერძში შეტანილი დებულების გამო, ველინგტონ ბერტის $110-მილიონიანი ქონების მიღება 12-მა პირმა მხოლოდ 2010 წელს შეძლო, მისი შვილიშვილის გარდაცვალებიდან 21 წლის შემდეგ. მიმდინარე წლის დასაწყისში კი მულტიმილიონერმა, რომლის ვინაობაც უცნობია, გადაწყვიტა, მთელი თავისი ქონება – $3.8 მილიონი – დაეტოვებინა ქალაქისთვის, რომელშიც ათწლეულების განმავლობაში ცხოვრობდა.

იყო შემთხვევებიც, როდესაც მდიდრებმა თავიანთი ქონების შინაური ცხოველებისთვის დატოვება გადაწყვიტეს. მაგალითად, 2007 წელს გარდაცვლილმა ლეონა ჰელმსლიმ $12 მილიონად შეფასებული სატრასტო ფონდი თავის მალტეზეს ჯიშის ძაღლს დაუტოვა. მოსამართლემ საბოლოოდ დაადგინა, რომ ეს გაცილებით მეტი იყო, ვიდრე ძაღლის მოსავლელად საჭირო ფინანსები და თანხა $2 მილიონამდე შეამცირა.

Chanel-ის კრეატიულმა დირექტორმა კარლ ლაგერფელდმა კი სიკვდილამდე თავის კატას, შუპეტს, თავისი $300-მილიონიანი ქონებიდან დაუდასტურებელი რაოდენობის თანხა უსახსოვრა. მემკვიდრეობის გარდა, შუპეტმა სამოდელო საქმიანობით წლების განმავლობაში მილიონობით დოლარიც გამოიმუშავა. $3.3 მილიონი დაუტოვა შინაურ ცხოველებს “Star Trek“-ის შემქმნელის ქვრივმა, ხოლო გინესის მსოფლიო რეკორდებში, როგორც ყველაზე მდიდარი კატა, შედის ბლეკი, რომელმაც მემკვიდრეობით თავისი ანტიკვარიატით მოვაჭრე მფლობელისგან – ბენ რეასგან $12.5 მილიონი მიიღო.

forbes.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close