ვიდეომსოფლიოსაზოგადოება

პარიზში ამ საუკუნის ყველაზე ძვირადღირებული ქორწილი გაიმართა, სადაც მარტო ყვავილებზე მილიონი დოლარი დაიხარჯა (ვიდეო)

ქორწილში Maroon 5-ის კონცერტი ჩატარდა, ცერემონიისთვის ჯგუფის დაქირავებაც მილიონი დოლარი დაჯდა

პარიზში 26 წლის ამერიკელი მადლენ ბროკუეისა და მისი რჩეულის, იაკობ ლაგრონის ქორწილი გაიმართა, რომელიც 59 მლნ დოლარი დაჯდა. „საუკუნის ქორწილის“ ერთ-ერთი წვეულება ვერსალის სასახლეში მოეწყო, ცერემონიის რეპეტიცია კი პარიზის ოპერის თეატრში ჩატარდა, წერს Daily Mail-ი.

პატარძლის მამა აშშ-ში Mercedes-Benz-ის ავტოსალონების ქსელის და სადილერო ცენტრის მფლობელია. დედა ფლორიდაში „მერსედესის“ შვილობილი კომპანიის ვიცე-პრეზიდენტია. რაც შეეხება სიძეს, მისი მშობლების შესახებ ტიკტოკერებმა და ბლოგერებმა ინფორმაცია ვერ მოიძიეს, თუმცა ვარაუდობენ, რომ ისიც შეძლებული ოჯახიდანაა. თავად იაკობი ჯერ ქანთრის მუსიკალური ასოციაციის ტალანტების მოძიების კოორდინატორად, შემდეგ კი Ole Miss-ის საფეხბურთო გუნდის ოპერატიულ ასისტენტად მუშაობდა. რას საქმიანობს ამჟამად იაკობ ლაგრონი, უცნობია.

პარიზული საქორწილო დღესასწაული ხუთ დღეს გაგრძელდა.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ამერიკელი წყვილი და მათი მაყარი პარიზში კერძო რეაქტიული თვითმფრინავით ჩაფრინდა. მათ თან ახლდათ პროფესიონალთა უზარმაზარი გუნდიც. Daily Mail-ის ინსაიდერების თქმით, წყვილს ჰყავდა პირადი მძღოლი, რამდენიმე პარიკმახერი და ვიზაჟისტი, სტილისტები, რომლებმაც ახალდაქორწინებულთა დიზაინერული კოსტიუმების მთელი გარდერობი ჩამოიტანეს, პროფესიონალი ფოტოგრაფებისა და ვიდეოგრაფების პერსონალი, რომლებიც, ფაქტობრივად, წყვილის ყოველ ნაბიჯს იღებდნენ.

დღესასწაული დახურული ვახშმით დაიწყო შანელის ბუტიკში – Chanel Haute Couture Suite-ში, სადაც მადლენმა და მისმა მეგობრებმა შამპანური და ფრანგული ტკბილეულობა დააგემოვნეს, შემდეგ კი ფრანგული ბრენდის ესკიზების მიხედვით საკუთარი ხელჩანთები შექმნეს.

„საუკუნის ქორწილს“ წინ უძღოდა სარეპეტიციო ვახშამი პარიზის ოპერაში, ღამე ვერსალის სასახლეში და წვეულება ტრიუმფალური თაღის ქვეშ. თავად ქორწილის ჩატარების ადგილი კი გასაიდუმლოებული იყო. ის კერძო ბაღში, ღია სივრცეში გაიმართა, საიდანაც, მექორწილეების მიერ გამოქვეყნებული ფოტოებით თუ ვიმსჯელებთ, ეიფელის კოშკის შესანიშნავი ხედი იშლება.

ქორწილში ჯგუფ Maroon 5-ის კონცერტი ჩატარდა, რომელმაც საქორწილო ცეკვისთვის სიმღერა სპეციალურად დაწერა. სწორედ Maroon 5-ის სიმღერაზე შეასრულა ნეფე-პატარძალმა საქორწილო ცეკვა. ჯგუფის დაქირავება წყვილს 1 მლნ დოლარი დაუჯდა.

ახალდაქორწინებულთათვის მოეწყო დრონების შოუ – ჰაერში გამოისახა ასო „M“, რომელშიც ჩაქსოვილი იყო „J“ – მადლენისა და იაკობის (Jacob) სახელების პირველი ასოები.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close