ისტორიაპოლიტიკასაქართველო

„სულხან-საბას მოგზაურობა ევროპაში გორიდან დაიწყო“ – გორელი ისტორიკოსი

„ამ ქალაქიდან დაიწყო სულხან-საბა ორბელიანის მოგზაურობა ევროპაში, რაც ერთხელ კიდევ მიგვანიშნებს გორის დიდ მნიშვნელობაზე მე-18 ს. პირველი მეოთხედის ქართლის სამეფოში“, – წერს გორელი ისტორიკოსი ელდარ მამისთვალიშვილი თავის წიგნში „ორის ისტორია“.

ელდარ მამისთვალაშვილის თქმით, სულხან-საბა ორბელიანი გორში დასახლდა ვახტანგ მეექვსის ოჯახთან ერთად. ჯერ კიდევ 1712 წელს ვახტანგ VI ირანს გაემგზავრა. ვახტანგმა დედოფალი და შვილები გორში დატოვა. ირანის ამალაში იყო სულხან-საბაც. იმავე წლის ბოლოს ვახტანგმა თავისი ბიძა და აღმზრდელი უკან დააბრუნა. სულხან-საბაც ვახტანგის ოჯახთან ერთად დაბრუნდა გორში.

ელდარ მამისთვალაშვილი წერს, რომ სულხან-საბა გორში შეხვდა ფრანგ აბატ ჟან რიშარს, რომელიც ირანიდან იყო ჩამოსული. აბატმა საბას მეფის წერილი გადასცა. რიშარი ვახტანგ მეფეს ირანიდან იცნობდა, სადაც მისი მესაიდუმლე იყო.

ელდარ მამისთვალიშვილი ფიქრობს, რომ სწორედ ამ წერილის შემდეგ გადაწყვიტა სულხან-საბამ ევროპაში გადაწყვიტა, რათა ქვეყნის გადარჩენის მიზნით იქ მხარდამჭერები მოეძებნა.

ევროპაში სულხან-საბას მოგზაურობაზე ვრცლად წერს კიდევ ერთი მეცნიერი სულხან სალაძე.

„მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად ორბელიანი ქართლის სამეფოდან იყო, მას მარსელში, პარიზსა თუ რომში გამართულ შეხვედრებზე იღებდნენ, როგორც საქართველოს წარმომადგენელს და არა, როგორც ცალკე აღებული ქართლის სამეფოს დიპლომატს. საფრანგეთში სულხან-საბას დიპლომატიურ მისიას სამი ძირითადი მიზანი ჰქონდა:

ერთი, რომის პაპ კლიმენტი XI-ის და საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ის მხარდაჭერის მოპოვება ირანში, ფაქტობრივად, ტყვეობაში მყოფი ვახტანგ VI დასახსნელად;

მეორე, კათოლიკობის გავრცელება-გაძლიერების საკითხის განხილვა და მისიონერული მხარდაჭერის მოპოვება;

მესამე – საქართველოს გავლით, ირან-ინდოეთის მიმართულებით, საფრანგეთისთვის ახალი საინტერესო სავაჭრო გზის შეთავაზება“, – წერს მეცნიერი სულხან სალაძე.

ევროპაში მოგზაურობისას სულხან-საბა ორბელიანს გვერდით მუდამ ორი ადამიანი ახლდა – ფრანგი მისიონერი ჟან რიშარი და დასავლეთ საქართველოს კათოლიკოსის წარმომადგენელი, ქართველი დავით ბერი, რომელიც ფრანგულ წყაროებში მოხსენიებულია, როგორც დავით მეგრელი (“David Mingrelien”).

ევროპაში დიპლომატიური მისიით გამგზავრების წინ სულხან-საბა ორბელიანმა და ჟან რიშარმა ორმოცი დღე დასავლეთ საქართველოში დაყვეს, სადაც, ძირითადად, დასავლეთ საქართველოს კათოლიკოსთან – გრიგოლთან იმყოფებოდნენ. სწორედ კათოლიკოს გრიგოლის წარმომადგენელი იყო დავით ბერი, რომელიც ორბელიანსა და რიშართან ერთად 1713 წლის აგვისტოში ევროპაში გაემგზავრა.

ხანგრძლივი მოგზაურობის, არაერთი ქვეყნისა და ქალაქის გავლის შემდეგ, 1714 წლის იანვარში სულხან-საბა, ჟან რიშარი და დავით ბერი მარსელში ჩავიდნენ, იმავე წლის მარტში კი – პარიზში, სადაც საბამ სასტუმროში დაბინავების ნაცვლად მონასტერში ცხოვრება აირჩია.

ისტორიკოსების ცნობით, 1714 წლის აპრილ-მაისში საფრანგეთის მეფე ლუი XIV-სთან გამართული ორი შეხვედრის და საფრანგეთის სამეფო კარის წარმომადგენლებთან არაერთი საქმიანი საუბრის შემდეგ, იმავე წლის ივნისის შუა რიცხვებში სულხან-საბა ორბელიანი მარსელიდან რომში გაემგზავრა.

მთელი იმ ხნის განმავლობაში, რაც იგი რომში იმყოფებოდა, აგრძელებდა მიმოწერას საფრანგეთის მეფის კართან. წერილების შინაარსი იგივე იყო: დახმარება ვახტანგ VI-ის ირანიდან დასახსნელად, მისიონერების გაგზავნის საკითხის გადაწყვეტა და ახალი სავაჭრო გზის ამოქმედება.

„სამწუხაროდ, საფრანგეთის მეფის კარზე გადაწყვეტილებების მიღება ჭიანურდებოდა, რასაც, ბიუროკრატიასთან ერთად, ისიც ემატებოდა, რომ, როგორც ჩანს, საფრანგეთში სულხან-საბას დიპლომატიური მისიით ყოფნის შესახებ ირანშიც იცოდნენ. მარსელსა და პარიზში მყოფი ირანის წარმომადგენლები ყველაფერს აკეთებდნენ საიმისოდ, რომ საფრანგეთსა და საქართველოს შორის მათ ზურგს უკან არაფერი მომხდარიყო“, – წერს სულხან სალაძე.

საფრანგეთის მეფის გარდაცვალების შემდეგ მალევე ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთის სამეფო კარის გეგმები შეიცვალა. მმართველობას ჩამოშორდა ბევრი პირი, რომლებიც საქართველო-საფრანგეთის თანამშრომლობის იდეას იზიარებდნენ და მხარს უჭერდნენ.

„არავინ იცის, რომ არა ლუი XIV-ის გარდაცვალება, მომავალში როგორ განვითარდებოდა საქართველო-საფრანგეთის ურთიერთობები, მაგრამ საფრანგეთის მეფის სიკვდილი რომ ვახტანგ VI-ის და სულხან-საბას ყველა გეგმას თავდაყირა აყენებდა, ნათელი იყო. კონსტანტინოპოლიდან დაწყებული რთული და მტანჯველი გზის დასრულების შემდეგ საქართველოში დაბრუნებულ სულხან-საბას წინ არანაკლებ მძიმე დღეები ელოდა. და მაინც, სულ იმაზე მეფიქრება, როგორ განვითარდებოდა საქართველოს ევროპული მომავალი, 1715 წლის პირველ სექტემბერს ლუი XIV რომ არ გარდაცვლილიყო“, – აღნიშნავს სულხან სალაძე.

წყარო: qartli.ge

დაკავშირებულ თემაზე: როგორ გაიარა იტალიაში დამოუკიდებელი საქართველოს პირველმა ელჩმა რომის პაპის ყოფილ სასახლეში სულხან-საბას ნაკვალევზე

ბეგლარ თავართქილაძე: „მე ვიჯექი იმავე ოთახში და ვუყურებდი იმავე კარს, რომელიც სულხან-საბასთვის არ გაიღო…“

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close