ქართველები უცხოეთშიჩვენი ფავორიტიინტერვიუ

ბეგლარ თავართქილაძე: „მე ვიჯექი იმავე ოთახში და ვუყურებდი იმავე კარს, რომელიც სულხან-საბასთვის არ გაიღო…“

როგორ გაიარა იტალიაში დამოუკიდებელი საქართველოს პირველმა ელჩმა რომის პაპის ყოფილ სასახლეში სულხან-საბას ნაკვალევზე

ბატონი ბეგლარ თავართქილაძეა ის პიროვნება, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს და იტალიის ურთიერთობების სათავესთან დგას – საქართველოს პირველი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიაში, რომის „ლა საპიენცას“ უნივერსიტეტის დოქტორი, რომის სასამართლოს ექსპერტი, იტალიის იურიდიულ მთარგმნელთა ასოციაციის პრეზიდენტი – მისი რეგალიების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს… მხოლოდ იმას დავუმატებთ, რომ ბატონი ბეგლარი არის რომის ქართული სათვისტომოს – „კოლხეთის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, რომელიც ემიგრანტთა იურიდიული დახმარების მიმართულებით საქმიანობს.

„მე ვიჯექი იმავე ოთახში [სადაც სულხან-საბა], ვუყურებდი იმავე კარს, რომელიც პირველად საქართველოს წარგზავნილისთვის უნდა გაღებულიყო და იმ კარს იქით მყოფი იტალიის უმაღლესი წარმომადგენლისთვის ქართული რწმუნების სიგელი გადამეცა“, – იხსენებს ბატონი ბეგლარი დღეს, როდესაც სულხან-საბას „ნაკვალევზე“ გაიარა კვირინალეს საპრეზიდენტო სასახლეში…

როგორ იწყებოდა საქართველო-იტალიის ურთიერთობები გასული საუკუნის 90-იან წლებში, როგორ აფასებს პირველი ელჩი დღეს არსებულ სიტუაციას და რას ურჩევს ქართველ ემიგრანტებს? – ჩვენი საუბარი, საკითხის აქტუალურობიდან და ქართველი ემიგრანტების დაინტერესებიდან გამომდინარე, „სანატორიას“ თემით დაიწყო:

ბატონო ბეგლარ, სანამ თქვენი, როგორც იტალიაში საქართველოს პირველი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, საქმიანობაზე და სხვა საინტერესო საკითხებზე ვისაუბრებდეთ, რადგან ჩვენი თანამემამულეებისთვის ყველაზე აქტუალური ამჟამად „სანატორიას“ თემაა, დავიწყოთ თქვენი ორგანიზაციის – ასოციაცია „კოლხეთის“ ღონისძიებიდან, რომელიც ნეაპოლში 21 ივნისს ჩაატარეთ…

პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ ის გარემოება, რომ ასოციაცია „ნინო და საქართველომ“ (ხელმძღვანელი – ქალბატონი ნინო ლაფაჩიძე) დაგვითმო თავისი ოფისი და, ასევე, ჩვენი თანამემამულეები შეკრიბა იმისათვის, რომ მათ საშუალება ჰქონოდათ კონსულტაციები უშუალოდ ადვოკატისგან მოესმინათ, რისთვისაც მადლობას ვუხდით მას. 30-ზე მეტმა ქართველმა ემიგრანტმა მიიღო კონსულტაცია ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე.

შეხვედრა ნეაპოლში 21 ივნისს. მარცხნიდან: ბეგლარ თავართქილაძე, ნინო ლაფაჩიძე, ბექა თავართქილაძე

ძირითადი პრობლემები ეხებოდა იტალიაში არალეგალურად მომუშავე საქართველოს მოქალაქეების ლეგალიზაციას „სანატორიას“ საფუძველზე, შესაბამისად, მათი საქმიანობის, სამუშაო კონტრაქტების ლეგალიზაციას. ძალიან ბევრი, თითქმის 90% არიან ისეთი მანდილოსნები, რომლებმაც ჰუმანიტარული დახმარება სთხოვეს იტალიის მთავრობას, მიიღეს უარი, შემდეგ გაასაჩივრეს ეს უარი და ახლა ეძებენ გზას იმისათვის, რომ „სანატორიას“ საფუძველზე გააკეთონ მოთხოვნა, ან გააკეთებინონ მოთხოვნა თავიანთ დამქირავებელს და როგორმე შეძლონ ქვეყანაში ოფიციალურად ცხოვრება.

არის კატეგორია, რომელიც საერთოდ სამუშაოს გარეშე დარჩა, როგორც კი დამქირავებლებს მოსთხოვეს, რომ მათ ლეგალიზაციაზე განაცხადი შეეტანათ – მოგეხსენებათ, განაცხადს აკეთებს არალეგალური მიგრანტის დამქირავებელი იტალიის მოქალაქე, ან სხვა ნორმატივით გათვალისწინებული იტალიის ტერიტორიაზე მცხოვრები უცხოელი, იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტროში. ამ განაცხადით იგი სთხოვს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ მისცეს ამა და ამ პიროვნებას იტალიაში ცხოვრების ნებართვა, იმდენად, რამდენადაც დამქირავებელს უნდა, რომ ეს პიროვნება აიყვანოს სამუშაოდ და ოფიციალურად გაუფორმოს სამუშაო კონტრაქტი, ან უნდა უკვე არსებული კონტრაქტის ლეგალიზაცია.

ძალიან ბევრი, ვინც სთხოვა თავის დამქირავებელს ლეგალიზაცია, საერთოდ გამოუშვეს სამსახურიდან. რატომ? ძირითადი მიზეზი არის ეკონომიკური საკითხი, რადგან ლეგალურად გაფორმებული კონტრაქტი გაცილებით უფრო ძვირი უჯდება დამქირავებელს გასამრჯელოს მინიმალური ზღვრითაც კი, ვიდრე ამჟამად აძლევენ ანაზღაურებას არალეგალურად მომუშავეებს.

აქედან გამომდინარე, ნეაპოლში გამართულ შეხვედრაზე მოსულმა ადამიანებმა მიიღეს კონსულტაციები, რა უნდა გაეკეთებინათ, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ, რა გზები არსებობს მათი პრობლემების მოსაგვარებლად. მათ, ვინც ქუჩაში აღმოჩნდა, ვინც სამსახურიდან გამოუშვეს, აქვთ უფლება, მოითხოვონ ის დაკლებული თანხა, რაც მათთვის უნდა გადაეხადა დამქირავებელს – რამდენი უნდა გადაეხადა და რამდენი გადაუხადეს ფაქტობრივად, ამის სხვაობა. შეხვედრისას ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ მიუხედავად ქვეყნის ტერიტორიაზე მათი არალეგალურად ყოფნისა, მათ შეუძლიათ, ადვოკატის დახმარებით მოითხოვონ ამ განსხვავების მიღება.

ასეთ შემთხვევაში ემიგრანტი, რომელიც სამსახურიდან გამოუშვეს, „სანატორიას“ საფუძველზე ლეგალიზაციის მოთხოვნას ვეღარ შეიტანს, ხომ?

ბუნებრივია, ვერ შეიტანს, როდესაც საუბარია პერმესოს პირველ აღებაზე, მოთხოვნა აუცილებლად უნდა გააკეთოს დამქირავებელმა, ინტერნეტით იტალიის შსს-ს საიტზე. საკმაოდ რთული პროცედურაა: ჯერ უნდა აიღო სპეციალური კოდი, შეავსო სპეციალური ფორმა და შეიტანო გადასახადი, იმ კოდის შემდეგ უნდა შეხვიდე შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურ გვერდზე და გააკეთო ეს განაცხადი.

თავიდან მხოლოდ ონლაინ ხდება განაცხადის და საჭირო დოკუმენტების წარდგენა, მაგრამ შემდეგ განმცხადებელმა აუცილებლად უნდა წარადგინოს ორიგინალებიც, როდესაც კვესტურაში გამოიძახებენ.

კიდევ რა საკითხებზე იყო საუბარი თქვენს შეხვედრაზე?

სასიამოვნოდ მინდა ერთი ფაქტი აღვნიშნო, რომ პრობლემური საკითხების გარდა, იყო თემაც, როდესაც სტუდენტებს სურთ იტალიაში სწავლის გაგრძელება, როგორ, რა გზით შეიძლება მათ ეს გააკეთონ. ამ საკითხთან დაკავშირებით მათმა ახლობლებმა, მშობლებმა ნეაპოლში გამართულ შეხვედრაზე ძალიან საჭირო კონსულტაციები და ინფორმაციები მიიღეს.

ბატონო ბეგლარ, ჩვენს ძირითად თემაზე ვისაუბროთ: თქვენ იყავით დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ელჩი იტალიაში. როგორ იწყებოდა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები?

როდესაც საუბარია პირველ ელჩობაზე, ერთ ფაქტს მინდა რომ ხაზი გავუსვა – ჩემს იმ გრძნობას, რომელიც დამეუფლა კვირინალეს საპრეზიდენტო სასახლეში, როდესაც კრედენციალის გადაცემის ცერემონიალზე მივდიოდი პრეზიდენტ სკალფაროსთან. ახლანდელი საპრეზიდენტო სასახლე რომის პაპის ყოფილი სასახლეა – სწორედ ის, სადაც სულხან-საბამ გაიარა ყველა ოთახი, მაგრამ საბოლოოდ რომის პაპის ოთახის კარი არ გაიღო და ქართველი ელჩი ხელცარიელი დაბრუნდა საქართველოში. მე ვიჯექი იმავე ოთახში, ვუყურებდი იმავე კარს, რომელიც პირველად საქართველოს წარგზავნილისთვის უნდა გაღებულიყო და იმ კარს იქით მყოფი იტალიის უმაღლესი წარმომადგენლისთვის ქართული რწმუნების სიგელი გადამეცა.

ეს კორიდორი არის დაახლოებით 900 მეტრი, სადაც ყოველ ოთახში დგანან კორაციერები – პრეზიდენტის სასახლის მცველები; გინახავთ ალბათ, ქუდები რომ ახურავთ სპეციალური კუდებით… და ყოველი ოთახის გავლისას ისინი გესალმებიან, ფეხი-ფეხს ურტყამენ – სპეციალური სამხედრო მისალმებაა. მე მეგონა, რომ ბოლომდე ვერ გავივლიდი ამ კორიდორს, ისეთი გრძელი და ისეთი მძიმე აღმოჩნდა ფსიქოლოგიურად ჩემთვის. და საბოლოოდ ის კარი პირველად ჩემთვის გაიღო, როგორც საქართველოს წარმომადგენლისთვის.

მას შემდეგ ჩემი ცხოვრების კრიტერიუმი და ფილოსოფია სრულიად შეიცვალა. გადავწყვიტე, რომ ჩემი თავისთვის არ უნდა მიმეცა უფლება, ერთი წამით მაინც შემეწყვიტა ფიქრი და ზრუნვა ჩემს ქვეყანაზე, ჩემს ერზე, ჩემს ხალხზე.

რაც შეეხება პირველ თვეებს, ძალიან ძნელი იყო პირველი ნაბიჯები არა მარტო კვირინალეს სასახლეში, არამედ მის გარეთაც. საელჩო, სადაც ოჯახური შემადგენლობით ვცდილობდით, საქმე გაგვეკეთებინა, თუნდაც წერილი დაგვეწერა ან ვერბალური ნოტა გაგვეგზავნა, რთულ პირობებში მუშაობდა: კადრები არ იყო, ტექნიკური საშუალება არ იყო, არაფერი არ იყო…

საქრთველოს საელჩო რომში, სანტ’ეჯიდიოს მოედანზე. პირველი ელჩი – ბეგლარ თავართქილაძე

საელჩო რომელ ქუჩაზე მდებარეობდა მაშინ?

ამაში გაგვიმართლა: პრინცმა ორსინიმ (რომელიც, სამწუხაროდ, წელს გარდაიცვალა) თავისი სასახლე დაუთმო საელჩოს, რომის ერთ-ერთ შესანიშნავ უბანში – ტრასტევერეზე, პიაცა სანტ’ეჯიდიოზე (Piazza Di Sant’Egidio). რამდენიმე ხნის შემდეგ საელჩომ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ მოედანზე – პიაცა დი სპანიაზე (Piazza di Spagna) დაიდო ბინა.

პირველ წლებში, ოჯახური საშუალებებით, რაც გვქონდა, როგორც შეგვეძლო, ძალას არ ვიშურებდით მიღებების ან შეხვედრების გასამართად, თუნდაც იგივე, ელემენტარულად, წერილის დაწერისთვის ან საკონსულო ფუნქციის შესასრულებლად… ძალიან გვიჭირდა, მაგრამ ენთუზიაზმით ვახერხებდით, საქმე გვეკეთებინა.

რომელი წლები იყო?

1994 წელს პრეზიდენტმა შევარდნაძემ დამნიშნა საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად – დანიშვნის ბრძანებულება ახლაც თან მაქვს – და 1995 წლის თებერვალში უკვე გადმომეცა რწმუნების სიგელი.

რომელ წლამდე იყავით ელჩი?

1998 წლამდე.

საქართველოს საელჩო რომში, სპანიის მოედანზე; პირველი ელჩი – ბეგლარ თავართქილაძე

იტალიაში მაშინ ალბათ ძალიან ცოტა იყო ქართველი, მით უმეტეს, არალეგალურად…

არალეგალურად იმ დროისთვის ძალიან ძნელი იყო იტალიაში ჩამოსვლა, იმიტომ რომ, ჯერ ერთი, ვიზალიბერალიზაციაზე საუბარიც არ იყო, თანაც პოსტსაბჭოურ პერიოდში საქართველოსათვის ჯერ ისევ მკაცრი სავიზო რეჟიმი მოქმედებდა. ასე რომ, რომში, მთლიანობაში, ვთქვათ, ერთი წლის განმავლობაში საელჩოდან 20-30 ქართველთან მქონდა კონტაქტი, ისიც ვინც ჩამოსული იყო სასწავლებლად, ან ჩვენი გამოჩენილი თანამემამულეები – სხვადასხვა ღონისძიებაზე. ჩვენი ძირითადი საქმიანობა მაინც იყო საქართველოს გაცნობა და იტალიის მხრიდან ჰუმანიტარული დახმარებების გაწევა ჩვენი ქვეყნისთვის.

საქართველოზე თუ ჰქონდათ მაშინ ინფორმაცია?

მაგალითად, მე ვიყავი, ბეგლარ თავართქილაძე, დაბადებული საქართველო/საბჭოთა კავშირში და ჩემი შვილი – ბექა იყო ამერიკის მოქალაქე, იმიტომ რომ ის დაბადებული იყო „ჯორჯიაში“ (საქართველო ჯორჯიის შტატი ეგონათ). აი, ასე გვიცნობდნენ…

ეკონომიკური ურთიერთობები როგორ იწყებოდა?

ჩვენთვის მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქცია იყო ქართული ღვინო… აქცენტი კეთდებოდა ამ პროდუქტებზე, მიუხედავად იმისა, რომ იტალია თვითონ, მოგეხსენებათ, ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში ღვინის წარმოების მხრივ.

ძალიან დიდი როლი ითამაშა 1996 წელს საქართველოს პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის ჩამოსვლამ რომში, ეს იყო საქართველოს პრეზიდენტის პირველი სახელმწიფო ვიზიტი იტალიაში. მაშინ 11 ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, აქედან ოთხი იყო ჩარჩო ხელშეკრულება, დანარჩენი – სამინისტროებს შორის. ძალიან მნიშვნელოვანი იურიდიული საფუძველი შეიქმნა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებისათვის და ამან ხელი შეუწყო, რასაკვირველია, შემდეგ იტალიასთან კომერციული და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას.

გაიმართა შეხვედრა, ასევე, ადვოკატ ანიელისთან (ჯოვანი ანიელი ან, უბრალოდ, „ავვოკატო“ – იტალიელი მეწარმე, კომპანია „ფიატის“ მთავარი აქციონერი და აღმასრულებელი დირექტორი, ტურინის „იუვენტუსის“ მფლობელი; დაიბადა ქალაქ ტურინში 1921 წლის 12 მარტს და გარდაიცვალა 2003 წლის 24 იანვარს 82 წლის ასაკში – რედ. შენიშვნა), მას სერიოზულად სურდა საქართველოში ინვესტიციების განხორციელება, სპეციალურად ამ შეხვედრისთვის ჩამოფრინდა ტურინიდან რომში, მაგრამ, მოგეხსენებათ, „ადვოკატი“ მალე გარდაიცვალა და ვერ მოხდა მისი გეგმების რეალიზება.

როგორც ვიცი, თქვენ იტალიაში მანამდეც ცხოვრობდით, ვიდრე ელჩად დაგნიშნავდნენ…

1986 წელს საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ლიმიტით წავედი იტალიაში 6 თვით. ეს იყო გაცვლითი პროგრამა საბჭოთა კავშირისა და იტალიის მეცნიერებათა აკადემიებს შორის და ამ ექვსი თვის განმავლობაში კარგი ურთიერთობები დავამყარეთ – გაფორმდა სამეცნიერო ხელშეკრულება საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბიოქიმიის ინსტიტუტსა და რომის „ლა საპიენცას“ უნივერსიტეტს (ბიოლოგიის ფაკულტეტს) შორის.

შემდეგ გაგრძელდა ურთიერთობა, გაცვლითი პროგრამები, უფრო სწორად, ერთობლივი პროგრამა იყო, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბიოქიმიის ინსტიტუტსა და რომის „ლა საპიენცას“ და პერუჯის უნივერსიტეტებს შორის.

მე სადოქტორო კონკურსი მოვიგე – სხვათა შორის, პირველი საბჭოთა მეცნიერი ვიყავი, რომელმაც სრული დოქტორის ხარისხი მიიღო იტალიაში, „ლა საპიენცას“ უნივერსიტეტში (რომი). დავამთავრე თუ არა დოქტორანტურა და მივიღე დოქტორის ხარისხი, დავინიშნე ელჩად.

მერე უკვე 2003 წლიდან 2012 წლამდე ვიყავი პერსონა ნონგრატა, იმდენად, რამდენადაც მაშინდელ ხელისუფლებას ძალიან არ ვეპიტნავებოდი. 9 წლის განმავლობაში საქართველოში არ ჩამოვსულვარ. უბრალოდ, იმაზე მწყდებოდა გული, რომ მამაჩემის საფლავზე არ შემეძლო მისვლა და ეს იყო ჩემთვის ყველაზე დიდი ტრავმა, მაგრამ, საბედნიეროდ, ყველაფერი წარმავალია, განსაკუთრებით – ცუდი. ხელისუფლებები იცვლება, ქვეყანა კი რჩება…

ბეგლარ თავართქილაძე მეუღლესთან, მარინა სამადაშვილთან ერთად

როდის ჩამოხვედით საქართველოში?

2012 წლის 21 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებიდან 20 დღის შემდეგ ჩამოვედი საქართველოში.

დღეს როგორ შეაფასებდით ამჟამინდელ ურთიერთობას საქართველოსა და იტალიას შორის და როგორ ფიქრობთ, რა შეიძლებოდა უფრო მეტი ან უფრო უკეთ გაკეთებულიყო?

ჩემი აზრით, ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის გაცილებით უკეთესია, ვიდრე, ზოგადად, საქართველოს ურთიერთობა ევროკავშირთან, იმიტომ რომ საქართველოსა და იტალიას შორის მაინც უფრო სხვა დამოკიდებულებაა, თუნდაც იგივე კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით, გაცილებით ახლოს ვართ და ერთმანეთის უფრო უკეთ გვესმის. ეს არ არის მარტო არქიტექტურა ან მხოლოდ მუსიკა… დღეს კარგი ელჩი გვყავს იტალიაში – თავისი გამოცდილებით, თავისი კულტურით, თავისი მომზადებით ნამდვილად შესანიშნავი წარმომადგენელია ჩვენი ქვეყნისა კონსტანტინე სურგულაძე. ამდენად, მე კმაყოფილი ვარ იმ ურთიერთობებით, რაც დღეს ჩვენს ორ ქვეყანას შორის არსებობს.

რა შეიძლებოდა მეტი? ჩემი აზრით, აქცენტი უნდა გაკეთდეს – განსაკუთრებით ამ ეტაპზე, წელს – ტურისტული საკითხის უფრო მეტ პოპულარიზაციაზე. მთავრობამაც უნდა შეუწყოს ხელი იმას, რომ მოხდეს საქართველოს ტურისტული პოტენციალის უფრო მეტად წარმოჩენა, უფრო მეტი რეკლამა ევროპის ქვეყნებში და იტალიაში, მათ შორის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „დეილი ტელეგრაფის“ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველო დაასახელეს ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად, როგორც სანიტარიული, ისე კრიმინალური ფონის თვალსაზრისით და ამ ფაქტორს აუცილებლად სჭირდება სათანადო ყურადღება.

რაც შეეხება არალეგალურ ემიგრაციას (არაოფიციალურად ამბობენ, რომ 50 ათასი ქართველია იტალიაში, თუმცა რეალურად ალბათ ბევრად მეტია და მათი დიდი ნაწილი ქვეყანაში არალეგალურად იმყოფება), რაც ყველაზე მტკივნეული თემაა ამ ეტაპზე: იტალიაში არალეგალურად მყოფ საქართველოს მოქალაქეებს რა სახის დახმარება შეიძლება გაუწიოს უფრო მეტად საელჩომ? კარგად ვიცით, რომ ისინი ნამდვილად მძიმე პირობებში იმყოფებიან, ხშირად ირღვევა მათი უფლებები, განსაკუთრებით ეპიდემიის დროს გაუჭირდათ, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, ბევრმა სამუშაოც დაკარგა…

მეც ვიზიარებ იმ აზრს, რომ მარტო 50 000 არ არის. განსაკუთრებით ნეაპოლის შეხვედრის შემდეგ საერთოდ გაოგნებული წამოვედი: 21 ივნისს თავი მეგონა დასავლეთ საქართველოში.

რაც შეეხება საელჩოს მუშაობას: როგორც ყოფილი ელჩი (ბუნებრივია, ძალიან ინტრიგანულ განწყობაზეა ყველა ყოფილი არსებულთან დაკავშირებით), უფრო მეტად კრიტიკული თვალით ვუყურებ, მაგრამ ერთი რამის თქმა შემიძლია მხოლოდ, რომ იმდენად ზღვა არის სამუშაო და ისეთი წნეხის ქვეშ უხდებათ მუშაობა, არ არსებობს, 50% უკმაყოფილო არ იყოს – იმიტომ, რომ დრო არ ჰყოფნით, რომ პასუხი გასცენ ამდენ ადამიანს (ჩვენი ორგანიზაციის გამოცდილებითაც ვხედავთ ამას, რაც ახლანდელ „სანატორიასთან“ არის დაკავშირებული. უარეს დღეშია საელჩო). აქედან გამომდინარე, ნუ დავემდურებით. ყველაფერი შეიძლება მოხდეს, შეიძლება ვიღაცას რაღაცაზე ცუდად უპასუხეს, დაუდევრად მოექცნენ, სათანადო ყურადღება არ გამოიჩინეს ცალკეულ შემთხვევებში, რაღაც მოხდა… მაგრამ ფაქტია, რომ 24 საათი ისინი მუშაობენ ქართველებისთვის.

რა შეიძლება გააკეთოს საელჩომ უფრო მეტი? რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არის მათი უფლებების დაცვა… ელემენტარული უფლებების დაცვა. ხალხი მუშაობს თვეში 30 დღე გამოუსვლელად, ან დღეში აქვთ ერთი-ორი საათი დასვენება. იცით, ჩემი აზრით, მთავარი რა არის? იყვნენ კარგად ინფორმირებულნი თავიანთ უფლებებთან დაკავშირებით. მერე, მართალია 80% ამჯობინებს ისევ, რომ მძიმე მდგომარეობაში იმუშაონ და ათი ევროთი მეტი ანაზღაურება აიღონ და გაგზავნონ საქართველოში, იმიტომ რომ ათასნაირი პრობლემა აქვთ, მაგრამ ეს უკვე მათი არჩევანი იქნება. ამიტომ, პირველ რიგში, ცოდნა იმისა, რა შეუძლია არალეგალურად მყოფ ემიგრანტს და რა არ შეუძლია, ძალიან მნიშვნელოვანია. მერე არჩევანი თვითონ გააკეთოს ადამიანმა, მაგრამ უნდა იცოდეს: რომ მუშაობს 14 საათი დღეში, უნდა იმუშაოს მხოლოდ 8, დანარჩენ საათებზე უნდა გადაუხადონ ზედმეტი თანხა… და ბევრია ასეთი საკითხი.

ბევრს ჰგონია, რომ რადგან არალეგალია, არაფრის უფლება არ აქვს. არა, კანონი ყველასთვის ერთია! განსაკუთრებით – თუ ადმინისტრაციულ დანაშაულებებზეა საუბარი, იქ მოსამართლე არ კითხულობს, გაქვს თუ არა ქვეყანაში ცხოვრების უფლება. ესეც არ იცის, ბუნებრივია, ბევრმა ქართველმა მომუშავემ, ამიტომ, პირველ რიგში, რაც უნდა გაკეთდეს, ხალხის უფლებები უნდა იყოს აუცილებლად დაცული. ამისათვის საჭიროა თუნდაც იგივე საკონსულო სამსახურების გახსნა: კარგია საპატიო საკონსულოები, მაგრამ უმჯობესია გენერალური ან ჩვეულებრივი საკონსულო იყოს ისეთ ქალაქებში, სადაც განსაკუთრებით ბევრი ქართველია: ნეაპოლი, ბარი, ფლორენცია, მილანი… უფრო აქტიურად უნდა მოხდეს ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენლობის და არა მარტო დიპლომატიურის, თუნდაც იგივე ასოციაციების მხარდაჭერა.

ერთ რამეს ვიტყვი ჩემი მხრიდან: მნიშვნელოვანია, რასაკვირველია, ეკონომიკური მხარდაჭერა ამ ასოციაციებისთვის, მაგრამ მორალურ მხარდაჭერასაც მნიშვნელობა აქვს, ხომ? თუნდაც მარტო იმაზე აქცენტის გაკეთება, რომ საქართველოში ჩვენ თვითონ გვიჭირს… რა გიჭირს, მადლობის თქმა?! მაგას ხომ ფული და ბანკი არ სჭირდება? სჭირდება მხოლოდ სურვილი, რომ ვიღაცას მადლობა გადაუხადო.

საზოგადოება „კოლხეთი“, რომლის ხელმძღვანელიც ბრძანდებით, რომელ წელს დააარსეთ და, ძირითადად, რა საკითხებზე მუშაობთ?

ჩვენი ასოციაცია „კოლხეთი“ დაარსდა 2006 წელს, ათი პიროვნება იყო მისი დამფუძნებელი, ამჟამად რვა დამფუძნებელია. ძირითადი საქმიანობა არის ქართველთა ინტეგრაცია იტალიაში და მათი უფლებების დაცვა. უმთავრესად, იურიდიულ მომსახურებაზე გვაქვს აქცენტი გაკეთებული, იმდენად რამდენადაც ეს ხელგვეწიფება. სანამ ბექა (თავართქილაძე – რედ.) იქნებოდა რომის ადვოკატთა ფორუმის სრულუფლებიანი წევრი, მანამდეც გვყავდა იტალიელი ადვოკატები, რომლებიც ასევე უსასყიდლოდ უწევდნენ კონსულტაციას და ამ შემთხვევაში თარჯიმნის როლს მე ვასრულებდი.

მიმაჩნია, რომ ახლა და მაშინაც, ადამიანს ყველაზე ძალიან რაც აკლდა და აკლია სხვა ქვეყანაში, ეს არის მისი უფლებების დაცვის გარანტია. ძირითადი მიზანი ჩვენი სათვისტომოსი იყო და არის იურიდიული მომსახურება.

სენატის სიგელი „ოქროს ლომი“ ქართველთა ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის გადაეცა სათვისტომოს ხელმძღვანელს ბეგლარ თავართქილაძეს იტალიის სენატის ერთ-ერთ ულამაზეს დარბაზში

როგორც თქვით, აპირებთ კიდევ ჩაატაროთ შეხვედრები, ნეაპოლში გამართული შეხვედრის მსგავსად.

დიახ, ვაპირებთ სხვა ქალაქებშიც, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი გვთხოვს: ჩამოდით ფლორენციაში, ბარიში, რეჯო კალაბრიაში…

დაბოლოს, რა იქნება თქვენი რჩევა ან სურვილი ქართველებისთვის, რომლებიც იტალიაში იმყოფებიან?

ქართული ანდაზები არის ძალიან ბრძნული და თქვენს მკითხველს ალბათ ყველაზე კარგად უპასუხებს, თუ ვიტყვი, რომ „რომელ ქვეყანაშიც ხარ, იმ ქვეყნის ქუდი უნდა დაიხურო“. მე არ ვამბობ, იმ ქვეყნის გული გადაინერგე-მეთქი. ქართული გამონათქვამი ამბობს, იმ ქვეყნის ქუდი დაიხურეო. ჩვენც თუ დავიხურავთ იმ ქუდს და არ ვეცდებით, რომ ქართული კრიტერიუმებით ვიცხოვროთ იტალიურ საზოგადოებაში, ალბათ უფრო გაგვიიოლდება ცხოვრება.

ესაუბრა ნინო ლურსმანაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close