ისტორიაკულტურასაქართველო

როგორი იქნება წმინდა მიწაზე ქართული კულტურის ცენტრი – მშენებლობის პროექტი უკვე დამტკიცებულია (ფოტოები)

მეუფე დავითის თქმით, სამუშაოები სწრაფი ტემპით წარიმართება

იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში, მდინარე იორდანეზე, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ, 4 000 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთზე ქართული კულტურის ცენტრის მშენებლობის პროექტი დამტკიცებულია.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამთავრობო კომისიის მუშაობას პირადად ხელმძღვანელობს და მთავრობის ადმინისტრაციაში 17 ნოემბერს გამართულ კომისიის სხდომაზეც მთავრობის მეთაურმა მინისტრებს კონკრეტული დავალებები მისცა.

სამთავრობო კომისიამ პროექტზე მომუშავე ჯგუფის წევრებისგან დეტალური ინფორმაცია მოისმინა უკვე შესრულებული და სამომავლო სამუშაოების შესახებ. დაიგეგმა ცენტრის მშენებლობის შემდგომი ღონისძიებები. პროექტის საბოლოო ვარიანტი უკვე გადაეცა იორდანიის მხარეს და მიმდინარეობს ადაპტაციის პროცესი საინჟინრო ასოციაციასთან შეთანხმებით. შეირჩევა სამშენებლო კომპანია.

ქართული კულტურის ცენტრში, სასულიერო ცენტრის გარდა, იქნება საგამოფენო დარბაზები, ხატწერის და საგალობლების წარმოდგენის სივრცეებიც. ცენტრი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქართველი მეცნიერებისთვისაც, რომლებიც წმინდა მიწაზე ქართველების მოღვაწეობას იკვლევენ. კომისიის წევრი, ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე) ამბობს, რომ ქართული კულტურის ცენტრის მშენებლობას რამდენიმე წელი დასჭირდება. მისი თქმით, სამუშაოები სწრაფი ტემპით ჩატარდება.

2022 წლის ზაფხულში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ორდღიანი ვიზიტით იორდანიაში იმყოფებოდა, სადაც საქართველოსთვის მდინარე იორდანესთან მიწის გადმოცემასთან დაკავშირებულ ოფიციალურ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

4 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთის გადმოცემის შესახებ ცნობილი გასული წლის 19  იანვარს – უფლის ნათლისღების დღეს გახდა. ირაკლი ღარიბაშვილმა მემორიალური ქვა, რომელზეც მისი და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ხელმოწერებია, საზეიმო ვითარებაში გახსნა. პრემიერს იერუსალიმის პატრიარქმა და იორდანიის მართლმადიდებელი ეკლესიის არქიეპისკოპოსმაც უმასპინძლეს.

საქართველოს მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილზე მიწა იორდანიის მეფე აბდულა მეორის და პრინც ღაზის გადაწყვეტილებით გადმოეცა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის კურთხევით, ამ ადგილზე ქართული კულტურის ცენტრი აშენდება.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close