სპორტი

მედიის ცნობით, რუდი გარსია „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს, ლუჩანო სპალეტი კოლეგას იცავს

იტალიის ჩემპიონატის მე-12 ტურში საკუთარ მოედანზე „ემპოლისთან“ (0:1) წაგების შემდეგ რუდი გარსია „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს, – ინფორმაციას La Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს.

„კვირას „მარსელისა“ და „ლიონის“ ყოფილმა მწვრთნელმა შემადგენლობაში გადატრიალება ხვიჩა კვარაცხელიას სათადარიგოთა სკამზე დაყენებით სცადა. თუმცა დამატებულ დროში ვიქტორ კოვალენკომ ჯვარს აცვა ნეაპოლელები და „ემპოლიმ“ 1:0 მოიგო.

წვიმიან ამინდში მოქმედი ჩემპიონი გაბრაზებული გულშემატკივრის თვალწინ სერია A-ს ერთ-ერთ აუტსაიდერთან დამარცხდა. ეს ლიგაში „ნაპოლის“ ზედიზედ მესამე წაგება იყო დიეგო არმანდო მარადონას სახელობის სტადიონზე. ეს რუდი გარსიას გათავისუფლების ნიშნავს. ფრანგ მწვრთნელს ამ წარუმატებლობის შემდეგ თანამდებობა დაატოვებინეს. ამ ინფორმაციას ოფიციალურად მალე დაადასტურებენ“, – წერს La Gazzetta dello Sport-ი.

ანალოგიურ ინფორმაციას ავრცელებს ფრანგული გამოცემა L’Equipe, სადაც აღნიშნულია, რომ „ემპოლისთან“ წაგება გარსიასთვის ფატალური გამოდგა.

„რუდი გარსიას „ნაპოლის“ მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლებენ. „ემპოლისთან“ საშინაო მარცხი რუდი გარსიასთვის საბედისწერო გამოდგა და მისთვის ამ გუნდში მუშაობის ეპოქა დასრულდა. მომავალი კვირიდან გუნდს აღარ ავარჯიშებს 59 წლის ფრანგი მწვრთნელი, რომელიც იტალიის ჩემპიონის, „ნაპოლის“ ჩასაბარებლად ლუჩანო სპალეტის ნაცვლად ნეაპოლში ზაფხულში ჩავიდა. კლუბის პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა მისი გადაყენება ჯერ კიდევ ერთი თვის წინ გადაწყვიტა, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრა. ჩემპიონთა ლიგაზე ბერლინის „უნონიონთან“ ფრემ (1:1) და ახლა ამ წარუმატებლობამ „ნაპოლის“ პრეზიდენტი აიძულა, ეს გადაწყვეტილება მაინც მიეღო“, – წერს ფრანგული გამოცემა.

თავად კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა მატჩის მეორე დღეს რომში, მრგვალ მაგიდასთან, რომელზეც „სპორტული რეფორმის ახალი პერსპექტივების“ შესახებ დისკუსია გაიმართა,  „ნაპოლის“ წაგებაზე ერთადერთი, თქვა, რომ ეს იყო შერცხვენა („ლაქის მოცხება“) და „არასწორი და დაუჯერებელი წაგება“.

ფრანგი მწვრთნელის, რუდი გარსიას გათავისუფლების შესახებ კითხვაზე კი ლაურენტისმა უპასუხა: “No comment” (უკომენტაროდ).

12 ნოემბერს აუტსაიდერ „ემპოლისთან“ მატჩის სენსაციური შედეგით დასრულების შემდეგ ნეაპოლელი გულშემატკივრები რუდი გარსიას უსტვენდნენ და წასვლისკენ მოუწოდებდნენ.

„ნაპოლის“ ვარდნაზე ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ამჟამად იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმაც გააკეთა კომენტარი:

„მიმძიმს რეიტინგში „ნაპოლის“ ამ პოზიციაზე ყოფნა, რადგან ახლოს ვარ ამ მოთამაშეებთან და ჩემი აზრები მათკენ არის მიმართული. ვიცი, რამხელა ძალისხმევას დებენ ისინი თავიანთ პროფესიაში“, – თქვა მან.

ამასთან, სპალეტიმ „ნაპოლიში“ თავისი შემცვლელი, ახალი (თუ უკვე ყოფილი) მწვრთნელი რუდი გარსიაც დაიცვა პრესკონფერენციაზე, რომელიც ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე იტალიის ნაკრების ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩის წინ გაიმართა.

„…გარსიას დიდ პატივს ვცემ, მან აჩვენა, რომ პატივსაცემი და გაწონასწორებული პიროვნებაა.

პირველივე წუთიდან დაიწყო მისი ყოფილ გუნდთან შედარება, რაც არასწორი იყო. ვფიქრობ, რომ მართებული არ არის, მწვრთნელმა ყოველთვის წარსულთან გააკეთოს შედარება, ყველა მწვრთნელს საკუთარი იდეები და ისტორია აქვს. მასზე უნდა ვიმსჯელოთ იმის მიხედვით, თუ ვინ არის და შეეცადა თუ არა გუნდის გაუმჯობესებას. … „ნაპოლიმ“ გასულ სეზონში დიდი წარმატებას მიაღწია და დიდი ემოციები გამოიწვია,  ეს წარსული მშვენიერია და  მშვენიერი ისტორიის ნაწილია, რომელიც ჩვენმა ფეხბურთმა უნდა გააგრძელოს“, – დაასკვნა სპალეტიმ.

მისივე თქმით, „ნაპოლის“ გასული სეზონის შედეგის შენარჩუნება ნებისმიერ მწვრთნელს გაუჭირდებოდა.

რუდი გარსიას გათავისუფლების შესახებ ოფიციალურ განცხადებას კლუბი, სავარაუდოდ, მალე გააკეთებს. არსებული ინფორმაციით, გარსია უკვე საფრანგეთში დაბრუნდა. ვინ იქნება იტალიის მოქმედი ჩემპიონის ახალი მწვრთნელი, ამასაც მალე შევიტყობთ.

რაც შეეხება  მორიგ შეხვედრას, „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონატის მე-13 ტურის მატჩს ბერგამოში გამართავს „ატალანტასთან“, რომელიც სატურნირო ცხრილში მეხუთე პოზიციაზეა 20 ქულით და მე-4 ადგილზე მყოფ „ნაპოლის“ ერთი ქულით ჩამორჩება.

მანამდე კი ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ითამაშებს 16 და 19 ნოემბერს, მარცხენა ფლანგის ნაცვლად, ამჯერად ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე.

საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე 16 ნოემბერს თბილისში შოტლანდიას უმასპინძლებს (თბილისის დროით  21:00 სთ), ხოლო 19 ნოემბერს ვალიადოლიდს ესტუმრება და ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება (23:45 სთ).

ნუცა ყაველაშვილი

„ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონატში „ემპოლისთან“ დამარცხდა, კვარა მოედანზე მხოლოდ მეორე ტაიმში, 54-ე წუთზე შევიდა (ვიდეო)

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close