მსოფლიოსაზოგადოება

ვატიკანმა კათოლიკურ ეკლესიაში ტრანსგენდერი ადამიანების მონათვლა, ნათლიობა და ჯვრისწერისას მეჯვარეობა დაუშვა

,

კათოლიკურმა ეკლესიამ ტრანსგენდერ ადამიანებს უფლება მისცა, მოინათლონ ან თვითონ მონათლონ სხვა ადამიანი. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ვატიკანის ახალი დოქტრინა მათ ჯვრისწერის დროს მეჯვარის ფუნქციის შესრულების უფლებასაც ანიჭებს. ამასთან, დოქტრინაში აღნიშნულია, რომ ეს დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, „თუ საჯარო სკანდალის ან მორწმუნეებს შორის დეზორიენტაციის რისკს არ გაზრდის“.

ვატიკანის განახლებული პოზიცია ამ საკითხზე ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც ბრაზილიელმა ეპისკოპოსმა ხოსე ნეგრიმ ვატიკანის რწმენის დოქტრინის დიკასტერიას 6 კითხვა მისწერა ლგბტ ადამიანებთან, მათ ქორწინებასა და ნათლობასთან დაკავშირებით.

გასულ ოთხშაბათს უწყებამ თავის საიტზე განათავსა პასუხების 3 გვერდი, რომელსაც ხელს აწერს დიკასტერიის მეთაური – არგენტინელი კარდინალი ვიქტორ მანუელ ფერნანდესი, პაპ ფრანცისკეს თანხმობით. როგორც ცნობილია, პაპს არაერთხელ განუცხადებია, რომ ეკლესია ღია უნდა იყოს ყველასთვის, მათ შორის, ლგბტ პირებისთვისაც.

პაპმა, აგრეთვე, გარკვევით თქვა, რომ ეკლესია ჰომოსექსუალობას მიიჩნევს „ისეთივე ცოდვად, როგორც ქორწინების გარეშე შემდგარ ნებისმიერ სექსუალურ აქტს“, რადგან კათოლიკური სწავლება ქორწინებას განმარტავს, როგორც „მამაკაცსა და ქალს შორის ერთობას შვილების გაჩენის მიზნით“.

დოკუმენტი 31 ოქტომბერს მზად იყო, თუმცა მხოლოდ ახლაღა გახდა საჯარო.

ვატიკანის რწმენის დოქტრინის დიკასტერიამ ბუნდოვანი პასუხი გასცა კითხვას, შეძლებენ თუ არა ერთსქესიანი წყვილები აყვანილი შვილის ან სუროგატი დედის მიერ გაჩენილი ბავშვის მონათვლას კათოლიკურ ეკლესიაში. ვატიკანი აცხადებს, რომ სასულიერო პირის გადაწყვეტილება ასეთი ბავშვის მონათვლის თაობაზე უნდა ემყარებოდეს „საფუძვლიან იმედს, რომ იგი განათლებას კათოლიკური რელიგიის მიხედვით მიიღებს“.

ასეთივე ბუნდოვანი და არაერთმნიშვნელოვანია პასუხი კითხვაზე, შეუძლია თუ არა ადამიანს, რომელიც მისივე სქესის პირთან იმყოფება ქორწინებაში, საეკლესიო ნათლობის დროს ნათლია იყოს. ამის პასუხად ნათქვამია, რომ ადამიანი „რწმენის შესაბამისად უნდა ცხოვრობდეს“.

კათოლიკური სამღვდელოებისთვის რწმენის დოქტრინის განახლებული დოკუმენტი მოჰყვა პაპ ფრანცისკეს მიერ წინა თვეში გაკეთებულ განცხადებას, რომ ერთსქესიან წყვილებს შეუძლიათ მიიღონ კურთხევა მღვდლისაგან, რადგან ასეთ [მათგან კურთხევის] თხოვნას „მოძღვრის გულმოწყალებით“ უნდა მიუდგნენ.

თუმცა პაპმა დასძინა, რომ კათოლიკური ეკლესია ერთსქესიანთა ურთიერთობებს ძველებურად ცოდვად მიიჩნევს და ერთსქესიანთა ქორწინებებს არ აღიარებს.

ნანა ძნელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close