მსოფლიოხელოვნება

პიკასოს ტილო „სოთბიზე“ 140 მლნ დოლარად გაიყიდა – თუმცა ის „რეკორდსმენი“ არ არის

პაბლო პიკასოს ტილო „ქალი საათით“ ოთხშაბათს, 8 ნოემბერს Sotheby’s აუქციონზე ნიუ-იორკში 139.9 მლნ აშშ დოლარად გაიყიდა. 

ეს არის სიდიდით მეორე თანხა, რაც კი ოდესმე გადაუხდიათ პიკასოს ნამუშევრებში.

1932 წლის აგვისტოში შექმნილი ტილოს (შესრულებულია ზეთის საღებავებით, 130 x 97 სმ) სიუჟეტი სინამდვილეში საკულტო ესპანელი მხატვრის ერთ-ერთ მუზას და საყვარელს, ფრანგ მხატვარს – მარი-ტერეზა ვალტიერს ეკუთვნის.

პიკასოს ეს ნამუშევარი მდიდარი ნიუიორკელი კოლექციონერის – ემილი ფიშერ ლანდაუს საკუთრება იყო, რომელიც მიმდინარე წლის დასაწყისში გარდაიცვალა 102 წლის ასაკში. ლანდაუს ხელოვნების ნიმუშების კოლექცია, რომელიც მათ შორის სხვა ცნობილი მხატვრების (ჯონსი, კიონიგი, როტკო, უორჰოლი) ნამუშევრებსაც მოიცავს, ნიუ-იორკში Sotheby’s შტაბ-ბინაში, აუქციონზე ორ ნაწილად გაიყიდა  – ოთხშაბათს  და ხუთშაბათს.

ყველაზე მაღალი ფასი, რაც კი პიკასოს ნამუშევრებში დღემდე გადაუხდიათ, არის 179.4 მლნ აშშ დოლარი – 2015 წელს სწორედ ამ ფასად გაიყიდა აუქციონზე 1955 წელს შექმნილი Les femmes d’Alger – Version O („ალჟირელი ქალები – ვერსია ო“) და ეს თანხა იმ დროისათვის ყველაზე მაღალი იყო ხელოვნების ნაწარმოებებში საჯარო ვაჭრობაზე ოდესმე გადახდილ საფასურთა შორის.

Les femmes d’Alger – Version O

„ალჟირელი ქალების“ რეკორდი 2017 წელს მოიხსნა, როდესაც ნიუ-იორკში, „კრისტის“ აუქციონზე ლეონარდო და ვინჩის მიერ ხეზე ზეთის საღებავებით შესრულებული შედევრი Salvator Mundi (ლათ. „სამყაროს მხსნელი“) 450.3 მლნ აშშ დოლარად გაიყიდა.

Salvator Mundi, 1499-1510

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close