სპორტი

ტატო გრიგალაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრებს პირველი, ვერცხლის მედალი ტატო გრიგალაშვილმა (81კგ) მოუტანა.

ფინალურ შეხვედრაში მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების ორგზის გამარჯვებული, 23 წლის ქართველი ძიუდოისტი თურქეთის სახელით მოასპარეზე თანამემამულესთან, ვედატ ალბაირაკთან (ვანო რევაზიშვილი) ვაზარით დამარცხდა. აქვე აღვნიშნავთ, რომ თურქეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ირაკლი უზნაძეა, რომელიც თავადაც თურქეთის სახელით გახდა ევროპის ჩემპიონი 2002 წელს.

ფინალურ ბლოკში მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა ოლიმპიურ, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონს ლაშა შავდათუაშვილსაც (73 კგ), მაგრამ იგი ბრინჯაოსთვის ბრძოლაში კოსოვოელ აკილ ჯაკოვასთან იპონით დამარცხდა.

დღეს გამომსვლელი კიდევ ოთხი სპორტსმენი – გიორგი ტერაშვილი (73 კგ), ეთერ ასკილაშვილი (63 კგ), მარიამ ჭანტურია და ნინო გულბანი (ორივე 70კგ) ასპარეზობას ადრეულ ეტაპზევე გამოეთიშნენ.

ხვალ, 5 ნოემბერს საქართველოს სახელით კიდევ 5 სპორტსმენი იასპარეზებს: ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე (ორივე 90 კგ), ილია სულამანიძე (100 კგ), გურამ თუშიშვილი (+100) და სოფიო სომხიშვილი (+78 კგ).

2022 წელს ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გაიმართა, საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროსა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ოქროს მედლებს ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და ლუკა მაისურაძე (90 კგ) დაეუფლნენ, ბრინჯაოს მედლებს კი – გურამ თუშიშვილი (+100 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ).

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close