ვიდეოქართველები უცხოეთშისპორტი

კვარაცხელიას ჟესტმა გოლის გატანის შემდეგ „ვერონას“ ფეხბურთელები და გულშემატკივრები გააღიზიანა, თუმცა მალე გაირკვა, ვინც იყო ადრესატი (ვიდეო)

„ნაპოლიმ“ 3:1 მოიგო, ორი ბურთი კვარამ გაიტანა

დღეს იტალიის ჩემპიონატის – სერია A-ს მორიგი, მე-9 შეხვედრა ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ სტუმრად „ვერონასთან“ გამართა და მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხა. „ვერონას“ კარში გატანილი გოლებიდან პირველის ავტორი მატეო პოლიტანო იყო, მომდევნო 2-ის კი – ხვიჩა კვარაცხელია. ხვიჩამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ფენომენალური ფეხბურთელია, თუმცა მატჩს ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია.

საქმე ისაა, რომ პირველი გოლის შემდეგ „ნაპოლის“ ქართველი ფორვარდის მიერ ნაჩვენებმა ჟესტმა მასპინძლები შეურაცხყო და გააღიზიანა, რასაც მცირე კონფლიქტი მოჰყვა.

კვარაცხელიამ „ვერონას“ კარში თავისი პირველი გოლი პირველი ტაიმის დასრულებამდე 2 წუთით ადრე გაიტანა, გახარებული, ტრიბუნებისკენ შებრუნდა და არათითი ასწია, რომელზეც, ჩვეულებრივ, საქორწინო ბეჭედს იკეთებენ. კვარამ ამით მიანიშნა, რომ გოლი თავის მეუღლეს – ნიცა თავაძეს მიუძღვნა, რომელთანაც ცოტა ხნის წინ ჯვარი დაიწერა.

„ვერონას“ ფეხბურთელები და გულშემატკივრები ხვიჩას ჟესტმა გააღიზიანა, რადგან შეურაცხყოფად მიიღეს,  თუმცა როდესაც ჟესტის ადრესატი და მნიშვნელობა გაირკვა, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა.

იტალიის მოქმედი ჩემპიონი გასვლით, მე-9 მატჩში „ვერონასთან“ დღევანდელი მოგების შემდეგ სატურნირო ცხრილში 17 ქულით მე-5 ადგილზეა და 5 ქულით ჩამორჩება პირველ ადგილზე მყოფ „ინტერს“, რომელსაც ასევე 9 მატჩის შემდეგ 22 ქულა აქვს.

თავად ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატში მიმდინარე სეზონზე  უკვე 3 გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა. სულ კი ბოლო შვიდ მატჩში, სანაკრებო თამაშების ჩათვლით, მის ანგარიშზე 5 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა,; ბოლო ორ კვირაში ზედიზედ სამ შეხვედრაში ხვიჩამ  ოთხი გოლი გაიტანა.

ნახეთ „ნაპოლის“ დღევანდელი მატჩის საუკეთესო მომენტები, მათ შორის, კვარას გოლებიც.

24 ოქტომბერს „ნაპოლი“ „უნიონ ბერლინთან“ ჩემპიონთა ლიგის მატჩს გამართავს სტუმრად, ხოლო იტალიის ჩემპიონატის მე-10 ტურში 29 ოქტომბერს „მილანს“ უმასპინძლებს „სტადიო მარადონაზე“.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close