მსოფლიოპოლიტიკა

ჰამასმა ორი მძევალი გაათავისუფლა – რა ელოდებათ სხვა მძევლებს (ფოტო)

ჰამასმა გაათავისუფლა ჯუდით რაანანი და მისი 17 წლის ქალიშვილი ნატალი – ამერიკის მოქალაქეები, რომლებიც 7 ოქტომბერს გაიტაცეს კიბუც ნახალ-ოზზე თავდასხმის შემდეგ.  მათ ღაზის საზღვართან ბრიგადის გენერალი გალ ჰირში დახვდა ორ ძალოსანთან ერთად, რომლებმაც გათავისუფლებული დედა-შვილი ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე გააცილეს, სადაც მათ ოჯახის წევრები ელოდებოდნენ.

ჯუდითი და ნატალი ისრაელში აშშ-იდან ჩაფრინდნენ ჯუდითის დედის, თამარ რაანანის 85 წლის იუბილეს და, ასევე, ნატალის საშუალო სკოლის დამთავრების აღსანიშნავად.

დედა-შვილი აშშ-ში დაბრუნებას უფრო ადრე აპირებდა, მაგრამ მათ ბილეთი გადაცვალეს, რომ ისრაელში უფრო მეტხანს დარჩენილიყვნენ.

2 ამერიკელის გათავისუფლებაში შუამავლების როლს კატარი და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ასრულებდნენ. ცნობისათვის, კატარში მდებარეობს ჰამასის პოლიტიკური ოფისი.

მძევლების გათავისუფლების შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა განცხადება გააკეთა, რომ 2 ამერიკელის გათავისუფლება შეძლეს და „მეცხრე ცაზეა სიხარულისგან, რადგან ჩვენი მოქალაქეები, რომლებმაც 14 საშინელი დღე გაატარეს მძევლობაში, თავიანთ ოჯახებს უბრუნდებიან“. მან კატარსა და წითელ ჯვარს მადლობა გადაუხადა დახმარებისთვის.

მძევლების გათავისუფლებამდე მათი ფოტოები ორგანიზაცია Bring Them Home Now-მ („დააბრუნეთ ისინი სახლში ახლავე“) გაავრცელა.

ნატალი რაანანი
ჯუდით რაანანი

ბიბისის ინფორმაციით, ჰამასი შუამავლებთან მუშაობს, რათა სხვა სამოქალაქო მძევლებიც გაათავისუფლოს. მათ მძევლების გათავისუფლების პირობად ცეცხლის შეწყვეტა დაასახელეს, რაზეც ისრაელი უარს აცხადებს.

არსებული ინფორმაციით, ჰამასის ხელში კიდევ 200-მდე მძევალი რჩება. ორგანიზაციის ცნობით კი, მძევლების ნაწილი სხვა ორგანიზაციებს ჰყავთ.

სპეციალისტების ვარაუდით, ჰამასი სამოქალაქო მძევლებისგან განსხვავებით სამხედრო მძევლებით „გააფთრებით ივაჭრებს“, რათა რაც შეიძლება ხელსაყრელ პირობებს მიაღწიოს.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close