იტალიაპოლიტიკა

იტალიის პრემიერ-მინისტრი დაშორდა პარტნიორს, რომელთანაც 7 წლის შვილი ჰყავს – რა გახდა დაშორების მიზეზი

იტალიის პრემიერ-მინისტრი, 46 წლის ჯორჯა მელონი თავის პარტნიორს, 42 წლის ანდრეა ჯამბრუნოს დაშორდა მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა ქალი კოლეგების მიმართ უხამსი კომენტარები გააკეთა.

დაშორების შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ პლატფორმა X-ზე (ადრე ცნობილი, როგორც ტვიტერი) დაწერა:

„ჩემი ურთიერთობა ანდრეა ჯამბრუნოსთან, რომელიც თითქმის 10 წელს გრძელდებოდა, დასრულდა. მადლობას ვუხდი მას იმ მშვენიერი წლებისთვის, რომლებიც ერთად გავატარეთ, იმ სირთულეებისთვის, რომლებიც გამოვიარეთ და იმისთვის, რომ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი – ჩვენი ქალიშვილი ჯინევრა მაჩუქა”, – წერს  მელონი.

იტალიის პრემიერ-მინისტრმა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა, თუმცა, როგორც ირკვევა, მათი დაშორების მიზეზი ორი დღის წინანდელი ჩანაწერები გახდა, რომლებშიც ტელეკომპანია Mediaset-ის ტოქშოუს წამყვანი ანდრეა ჯამბრუნო ქალი კოლეგების მიმართ უცენზურო და უხამს კომენტარებს აკეთებს.

The Guardian-ი წერს, რომ პირველ ჩანაწერში, რომელიც ეთერის მიღმაა გაკეთებული და Mediaset-ის სხვა გადაცემაში გავრცელდა, ჯამბრუნომ თავის კოლეგა ქალს მიმართა: „აქამდე რატომ არ შევხვდით ერთმანეთს?“ მეორე ჩანაწერში ისმის, როგორ ეუბნება ქალ კოლეგას, რომ გადაცემაში კიდევ ერთი მონაწილე სჭირდებათ: „მოდით, ჯგუფური სექსი მოვაწყოთ სამში, ოთხშიც“.

მიმდინარე წლის სექტემბერში მელონიმ ანდრეა ჯამბრუნო დაიცვა მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ „ ქალებს თუ სურთ, გაუპატიურება თავიდან აიცილონ, უმჯობესია არ დათვრნენ“. მაშინ მელონიმ განაცხადა, რომ ჯამბრუნოს სიტყვები არასწორი ინტერპრეტაციით გაავრცელეს.

ამჯერად ჯორჯა მელონიმ თავისი პარტნიორის სექსისტური გამონათქვამები, როგორც ჩვენში სლენგზე იტყვიან, აღარ „გაატარა“. პრემიერის თქმით, გარკვეულ პერიოდში მისი და ანდრეას გზები გაიყარა და ახლა ამის აღიარების დრო დადგა.

„მე დავიცავ იმას, ვინც ვიყავით, დავიცავ ჩვენს მეგობრობას და ნებისმიერ ფასად დავიცავ ჩემს შვიდი წლის გოგონას. მე ვერ შევძელი, მყვარებოდა ჩემი მშობლები ისე ძლიერად, როგორც მას უყვარს დედა და მამა“, – დასძინა მან.

ცნობისათვის: იტალიის პირველი პრემიერ-მინისტრი ქალი ჯორჯა მელონი მარტოხელა დედის გაზრდილია.

მელონიმ თავის ოპონენტებსაც მიმართა: „პირადულზე დარტყმით ჩემი დასუსტების მსურველებს რა დიდი იმედიც არ უნდა ჰქონდეთ, რომ  წვეთით ქვას გახვრეტენ, უნდა იცოდნენ, რომ ქვა ქვად რჩება, წვეთი კი უბრალო წყალია“.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close