მოგზაურობაპოლიტიკა

ევროპის ქვეყნებში მოგზაურობის მსურველთათვის სისტემა ETIAS-ის დანერგვა კიდევ ერთხელ გადაიდო

ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობისთვის, უვიზო მიმოსვლის ფარგლებში, 59 ქვეყნის (მათ შორის, საქართველოს) მოქალაქეებისთვის 2023 წლის ბოლოდან სავალდებულო უნდა გამხდარიყო „ევროპის სამოგზაურო ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემაში“ (ETIAS)  რეგისტრაცია და წინასწარი დასტურის მიღება, თუმცა მიმდინარე წლის გაზაფხულზე სისტემის ამოქმედების ვადა 2024 წლამდე გადაიდო. ახლახან კი ცნობილი გახდა, რომ ETIAS-ი არა 2024, არამედ 2025 წლიდან შევა ძალაში.

ევროკავშირის სააგენტომ, რომელიც ციფრული მიმოსვლის სისტემის დანერგვას უზრუნველყოფს კავშირის ტერიტორიაზე, 19 ოქტომბერს შეატყობინა წევრ სახელმწიფოებს, რომ ცვლილებების განხორციელებისთვის მეტი დრო სჭირდება.

სააგენტოს ცნობით, შესვლა-გასვლის ციფრული სისტემა, რომელიც ბლოკის ტერიტორიაზე ევროკავშირის მოქალაქეობის არმქონე ადამიანების შესვლას აღრიცხავს, 2024 წლის მეორე ნახევრიდან ამოქმედდება, მოგზაურობის მსურველთათვის ETIAS-ში სავალდებულო რეგისტრაციის სისტემა კი 2025 წლის პირველი ნახევრიდან შევა ძალაში.

ETIAS სისტემის ამოქმედების შემდეგ სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებმა, რომლებსაც ევროპის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობა შეუძლიათ, გამგზავრების წინ ელექტრონული ანკეტა უნდა შეავსონ, რომელსაც სისტემა დაამუშავებს და მოგზაურს ავტორიზაციას ელექტრონული ფოსტით გაუგზავნის. ამ მომსახურების საფასური 7 ევროა იმ შემთხვევაში, თუ მოგზაურის ასაკი 18-იდან 70 წლამდეა. 18 წლამდე და 70 წელს ზემოთ მოქალაქეები თანხის გადახდისგან თავისუფლდებიან.

ახალი სისტემა იმ 59 სახელმწიფოს მოქალაქეებს შეეხება, რომლებიც მის ამოქმედებამდე შენგენის ზონაში უვიზოდ შედიოდნენ.

ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ახალი სისტემის ამოქმედებით ევროპაში მოგზაურობა უფრო უსაფრთხო გახდება.

ცნობისთვის, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების, აგრეთვე, ევროპის სხვა ქვეყნების – ისლანდია, ნორვეგია, შვეიცარია და ლიხტენშტაინი – მოთხოვნით, 59 ქვეყნის მოქალაქეებმა „ევროპის სამოგზაურო ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემაში“ რეგისტრაცია უნდა გაიარონ. სიაში შესულ ქვეყნებს შორის, საქართველოსთან ერთად, არის ავსტრალია, არაბთა გაერთიანებულ საამიროები, აშშ, დიდი ბრიტანეთი, იაპონია და სხვ.

ამავე თემაზე: რა უნდა იცოდეთ ევროპაში წასვლის წინ – ETIAS

რა უნდა იცოდეთ ევროპაში წასვლის წინ 2023 წლიდან – ETIAS

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close