ეკონომიკაnewsსაქართველო

ემიგრანტთა ოჯახებს და იმ ადამიანებს, რომელთაც შემოსავალი უცხოურ ვალუტაში აქვთ, ნებისმიერი მოცულობის სესხის უცხოურ ვალუტაში აღების ნება დართეს

აქამდე 200 000 ლარამდე (ეკვივალენტი უცხოურ ვალუტაში) თანხაზე შეზღუდვა მოქმედებდა

ოჯახებს, რომლებიც უცხოეთიდან იღებენ შემოსავლებს, მეზღვაურებს, საერთაშორისო ორგანიზაციებში დასაქმებულებს – ყველას, ვისაც ძირითადი შემოსავალი უცხოურ ვალუტაში აქვს და შეზღუდვის გამო ვერ იღებდა 200 000 ლარამდე სესხს შესაბამის ვალუტაში, ეს შეზღუდვა მოეხსნებათ და ნებისმიერი ოდენობის სესხს მიიღებენ იმ ვალუტაში, რა ვალუტაშიც შემოსავალი აქვთ, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ზემოაღნიშნული კატეგორიის ადამიანებისთვის 200 000-ლარიანი შეზღუდვა 2024 წლის 1-ლი იანვრიდან უქმდება.

„მოგეხსენებათ, არსებობდა შეზღუდვა იმ პირებზე, რომელთაც შემოსავალი უცხოურ ვალუტაში აქვთ და მათ 200 000 ლარამდე ეკვივალენტის სესხის აღება მხოლოდ ლარში შეეძლოთ. ვფიქრობთ, რომ ეს არ იყო მთლად სამართლიანი, იმიტომ რომ ჰეჯირება სწორედ იმას გულისხმობს, რომ პირი იყოს დაცული სავალუტო რისკებისგან. შესაბამისად, იმ პირებს, რომელთაც აქვთ შემოსავალი უცხოურ ვალუტაში, ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ სესხი უცხოურ ვალუტაში. ეს შეზღუდვა, რაც ადრე არსებობდა მათ მიმართ, მოიხსნება. ეს, ჩვენი აზრით, უპირატესად შეეხებათ იმ ოჯახებს, რომელთაც ჰყავთ ემიგრანტები და გზავნილებით იღებენ შემოსავლებს. მეზღვაურებს, რომელთაც აქვთ უცხოურ ვალუტაში შემოსავალი, საერთაშორისო ორგანიზაციებში მომუშავე პირებს და სხვა მსგავს კატეგორიას, ვისაც ძირითადი შემოსავალი აქვს უცხოურ ვალუტაში, ხოლო შეზღუდვის გამო ვერ იღებდა 200 000 ლარამდე სესხს შესაბამის ვალუტაში. ანუ ვისაც აქვს შემოსავალი უცხოურ ვალუტაში, ნებისმიერი ოდენობის სესხს მიიღებენ იმ ვალუტაში, რა ვალუტაშიც აქვს შემოსავალი. ადრე იყო შეზღუდვა 200 000 ლარამდე, ახლა ეს შეზღუდვა მოვხსენით“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ძალიან ლოგიკურია.

200 000 ლარამდე სავალუტო სესხების შეზღუდვა 2019 წლის პირველი იანვრიდან შევიდა ძალაში, ის სამოქალაქო კოდექსში შესული ცვლილებით განისაზღვრა. სებ-ის ახალი ჩანაწერის მიხედვით კი, მოქალაქეებს, რომელთაც შემოსავალი უცხოურ ვალუტაში აქვთ, მომავალი წლიდან თავისუფლად შეეძლებათ ნებისმიერი მოცულობის სესხი მათთვის სასურველ ვალუტაში აიღონ.

ნანა ძნელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close