ისრაელში მე-5 დღეა, გრძელდება ომი, რომელიც 7 ოქტომბერს, დილით დაიწყო ღაზის სექტორიდან ტერორისტების მასირებული სარაკეტო დარტყმებით, მოძრაობა ჰამასის და „ისლამური ჯიჰადის“ ბოევიკების შეჭრით ქვეყნის ტერიტორიაზე და მძევლების აყვანით. ბოლო მონაცემებით, 1200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ისრაელის მხრიდან, მათ შორის, ბავშვები, 3000-მდე ადამიანი კი დაიჭრა, გაეროში ისრაელის ელჩის ინფორმაციით, ამჟამად ტერორისტებს 150 ადამიანი ჰყავთ მძევლად, რომელთა შორის სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის, აშშ-ის მოქალაქეებიც არიან. საპასუხოდ ისრაელი რამდენიმე დღეა მასირებულ ავიადარტყმებს აყენებს ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებს, საზღვართან მობილიზებულია დაახლოებით 100 000 სამხედრო მოსამსახურე, ჯავშანტექნიკა და საარტილერიო კორპუსი.
ისრაელის თავდაცვის არმიამ (ცახალი) განაცხადა, რომ ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 450 ავიადარტყმა განახორციელა ჰამასის ობიექტებზე.
ღაზის სექტორის მხარეს კი, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს განახლებული მონაცემებით, 1055 ადამიანი გარდაიცვალა, დაღუპულთაგან ნახევარი ქალები და ბავშვები არიან, 5180-ზე მეტი კი დაიჭრა.
ღაზის სექტორის ტერიტორია 263 ათასზე მეტმა მშვიდობიანმა მოქალაქემ დატოვა და დევნილად იქცა. ისრაელმა ბლოკადა გამოუცხადა ღაზის სექტორს – 9 ოქტომბრიდან გაუთიშა ელექტროენერგია და წყალი, აგრეთვე, შეწყვიტა საწვავით და საკვები პროდუქტებით მომარაგება. ამჟამად ადგილობრივებს, პრაქტიკულად, არ შეუძლიათ რეგიონის დატოვება.
გაეროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ღაზის სექტორის ბლოკადა საერთაშორისო სამართალს არღვევს.
„ალყაში მოქცევა, რომელიც საფრთხის ქვეშ აყენებს მშვიდობიანი მაცხოვრებლების სიცოცხლეს და მათ გადარჩენისთვის აუცილებელ პროდუქტებს ართმევს, აკრძალულია საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით“, – განაცხადა გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესმა კომისარმა ფოლკერ ტიურკმა.
ისრაელის მიერ ღაზის სექტორის ტოტალური ბლოკადის წინააღმდეგ გამოვიდა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეებისა და უსაფრთხოების მიმართულებით, ჟოზეპ ბორელი. მან თქვა, რომ ისრაელს აქვს უფლება, თავი დაიცვას, მაგრამ ეს უნდა გააკეთოს საერთაშორისო სამართლის ფარგლებში, „ზოგიერთი გადაწყვეტილება კი საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება“.
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა 10 ოქტომბერს, საღამოს განაცხადა, რომ ისრაელის არმია სრულმასშტაბიან შეტევაზე გადადის. მან ღაზის სექტორთან საზღვარზე მობილიზებულ სამხედროებს მიმართა:
„მე ყველა შეზღუდვა მოვხსენი, ჩვენ აღვადგინეთ კონტროლი რაიონზე და სრულმასშტაბიან შეტევაზე გადავდივართ. ისინი ინანებენ ამ მომენტს, ღაზა აღარასდროს დაუბრუნდება იმას, რაც იყო. მათ, ვინც მოვა ქალების, იმ ადამიანების თავის მოსაჭრელად, მოსაკლავად, რომლებმაც ჰოლოკოსტი გამოიარეს, – ჩვენ მათ გავანადგურებთ მთელი ძალებით და უკომპრომისოდ“, – განაცხადა გალანტმა.
ჰამასს უნდოდა ცვლილებები ღაზის სექტორში და „ახლა ის 180 გრადუსით შეიცვლება იმასთან შედარებით, რასაც ისინი ელოდნენ“, – დასძინა თავდაცვის მინისტრმა.
ისრაელი სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, რომ ისრაელის არმია შევა ღაზის სექტორის ტერიტორიაზე და ფიზიკურად, სახმელეთო ოპერაციის შედეგად გაანადგურებს ჰამასს. ექსპერტები ამბობენ, რომ თუ ამას დღეს არ გააკეთებს ისრაელი, ეს საშინელი ექსტრემისტული ორგანიზაცია ჰამასი ამ კონფლიქტიდან უფრო გაძლიერებული გამოვა.
მასშტაბური გაწვევის შედეგად ისრაელში 300 ათასი რეზერვისტია მობილიზებული.
ისრაელის სანაპიროებთან აშშ-მა სამხედრო გემები გააგზავნა, ხოლო ჰამასის ყოფილი ლიდერი არაბულ სახელმწიფოებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს.
ნიკო აბაშიშვილი
ნახეთ ვითარება ისრაელში ვიდეოში
კომენტარები