ვიდეომსოფლიოპოლიტიკა

ისრაელის ქალაქებზე ჰამასის თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 22 მოქალაქე დაიღუპა, ასობით დაშავდა (ვიდეო)

„ჩვენ ომში ვართ და არა ოპერაციაში, არა ესკალაციაში“ - აცხადებს პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ და პირობას დებს, რომ მოწინააღმდეგე ამ თავდასხმისთვის არნახულ ფასს გადაიხდის

შეიარაღებულმა პალესტინელებმა ღაზის სექტორიდან ისრაელის ტერიტორიაზე შეაღწიეს და საზღვართან რამდენიმე დასახლებაში შევიდნენ. ისრაელის თავდაცვის ძალების ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ისინი ხმელეთით, ზღვით და საჰაერო გზით – პარაპლანების გამოყენებით შემოდიოდნენ ისრაელის ტერიტორიაზე. საგანგებო სამსახურების ინფორმაციით, ამ დროისთვის დაღუპულთა რაოდენობამ 22-ს მიაღწია, ასობით ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ საერთაშორისო მედია იუწყება.

ღაზის სექტორიდან პალესტინელების შეჭრას ისრაელის ტერიტორიაზე წინ უსწრებდა ძლიერი სარაკეტო იერიში – გაუშვეს ათასობით რაკეტა, რომელთაგან ზოგმა თელ-ავივამდეც მიაღწია. სარაკეტო დარტყმამ  შენობების ნგრევა გამოიწვია.

ისრაელის ტერიტორიაზე ისრაელის ჯარისკაცებსა და პალესტინელებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს. რისკის ზონაში აღმოჩნდა ბევრი ადგილობრივი მცხოვრები და ტურისტი, რომლებიც ისრაელის სამხრეთით ებრაული დღესასწაულის – სუკოტის ბოლო დღეს ჩავიდნენ. არსებობს ცნობები, რომ პალესტინელები ისრაელის მაცხოვრებლების სახლებში შეიჭრნენ, თავად მაცხოვრებლები კი შესაძლოა თავშესაფრებში ან საკუთარი სახლების შიგნით დაჯავშნილ ოთახებში იმალებოდნენ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მიმდინარე მოვლენებს სრულმასშტაბიანი ომი უწოდა. მან რეზერვის გაწვევა გამოაცხადა და დაიმუქრა, რომ მოწინააღმდეგე აქამდე არნახულ საფასურს გადაიხდის იმისთვის, რაც ჩაიდინა.

„ისრაელის მოქალაქეებო, ჩვენ ომში ვართ და არა ოპერაციაში, არა ესკალაციაში, ომში! და ჩვენ გავიმარჯვებთ. მტერი აქამდე არნახულ ფასს გადაიხდის!“ – თქვა ნეთანიაჰუმ.

მისივე ცნობით, ფართო სარეზერვო მობილიზაციის ბრძანება გასცა და უსაფრთხოების უწყებების ხელმძღვანელები მოიწვია. ნეთანიაჰუს თქმით, ამ წუთებში ანტიტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობს. მან მოუწოდა ისრაელის მოქალაქეებს, მკაცრად დაემორჩილონ არმიისა და შიდა სარდლობის მითითებებს.

ისრაელში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმაც.

„ჰამასმა სერიოზული შეცდომა დაუშვა დღეს დილით და ისრაელის სახელმწიფოს ომი დაუწყო“, – თქვა გალანტმა და დასძინა, რომ ისრაელის ჯარები „მტრის წინააღმდეგ ყველგან იბრძვიან“ და „ისრაელის სახელმწიფო გაიმარჯვებს ამ ომში“.

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ჰამასის თავდასხმის საპასუხოდ ისრაელმა ოპერაცია „რკინის ხმლები“ დაიწყო.

ისრაელს ღაზის სექტორიდან 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათიდან შეუტიეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს. მან ისრაელის წინააღმდეგ ოპერაცია „ალ-აქსას წარღვნა“ გამოაცხადა და თქვა, რომ ეს არის შურისძიება ალ-აქსას მეჩეთის გამო. ჰამასის ინფორმაციით, ისრაელის მიმართულებით 5000 რაკეტა ისროლეს.

„ჩვენ გადავწყვიტეთ ვთქვათ, რომ ჩვენი მოთმინება ამოიწურა“, – განაცხადა მოჰამედ დეიფმა, ჰამასის დაჯგუფების სამხედრო ლიდერმა. პალესტინის ავტონომიის აღიარებულმა ლიდერმა მაჰმუდ აბასმა, რომელიც ჰამასის მოწინააღმდეგე პარტია ფათხს წარმოადგენს და არა ღაზაში, არამედ მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე იმყოფება, ქალაქ რამალაში მოწვეულ საგანგებო სხდომაზე განაცხადა, რომ პალესტინელ ხალხს აქვს უფლება, თავი დაიცვას „ჩასახლებულთა  და საოკუპაციო ჯარების ტერორისგან“.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა „საომარი მოქმედებისთვის მზადყოფნა“ გამოაცხადა, თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა კი სამხედრო რეზერვისტების გაწვევა დაამტკიცა.

ისრაელის გამანადგურებლებმა ღაზის სექტორში ჰამასის კუთვნილი ობიექტები დაბობმეს. საჰაერო იერიშის ამსახველ ვიდეოს ისრაელის არმია ავრცელებს.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close