ამერიკის მთავრობა, სავარაუდოდ, ამ უქმეებზე ნაწილობრივ შეწყვეტს მუშაობას. კანონმდებლები – სენატი და წარმომადგენელთა პალატა კვლავ ვერ თანხმდებიან მომავალი ფისკალური წლის ბიუჯეტის მოცულობაზე, უკრაინის დახმარების, საიმიგრაციო კონტროლის, საზღვრის დაცვის თუ სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების – ღარიბი ამერიკელების დახმარების საკითხზე.
დემოკრატების მიერ მართული სენატი 7-კვირიან გეგმაზე მუშაობს, რომელიც მთავრობის მუშაობას ამ დროით გაახანგრძლივებს და კანონმდებლებს ნოემბრის შუა რიცხვებამდე მისცემს ვადას, რომ ბიუჯეტზე შეთანხმდნენ.
თუმცა წარმომადგენელთა პალატის სპიკერი კევინ მაკკარტი სენატის გეგმისთვის პალატაში კენჭისყრასაც არ აპირებს. გარდა ამისა, პალატაში ხუთშაბათ ღამით კენჭი უყარეს 4 სამთავრობო უწყების ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს. სენატში მათი დამტკიცების ალბათობა ძალიან მცირეა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ისინი მთავრობის დახურვას თავიდან ვერ აიცილებდა.
სამთავრობო სტრუქტურებში ხუთშაბათ დილიდან დაიწყეს თანამშრომლების გაფრთხილება, რომ მათ შესაძლოა მთავრობის დახურვა შეეხოთ. იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, სამსახურში გამოცხადება შესაძლოა მხოლოდ ორგანიზაციის ფუნქციონირებისთვის არსებითი მნიშვნელობის პერსონალს მოსთხოვონ.
სენატის რესპუბლიკელი ლიდერი მიჩ მაკკონელი ამბობს, რომ მთავრობის ნაწილობრივ დახურვას მძიმე გავლენა ექნება თუნდაც ისეთ საკითხზე, როგორიც სამხრეთიდან მიგრანტების შემოდინებაა. „მთავრობის დახურვა არ ნიშნავს პაუზის ღილაკზე თითის დაჭერას. ჩვენ არ გვეძლევა შესაძლებლობა შემდეგ იქიდან განვაგრძოთ, სადაც გავჩერდით. სანამ მნიშვნელოვან პოლიტიკურ წინსვლას მივაღწევთ, შეიძლება ბევრი და მნიშვნელოვანი უკვე მიღწეული პროგრესი ბევრ საკითხზე დავკარგოთ კიდეც“, – ამბობს რესპუბლიკელი სენატორი.
თუ კანონმდებლები მოკლევადიანი ფინანსირების საკითხზე შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, 4 მლნ ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე და სახელმწიფო მოხელე ხელფასს ვერ მიიღებს, თუმცა ძირითადი სამსახურები – როგორიცაა საჰაერო მოძრაობის მართვის პუნქტები და საზღვარზე გაშვების ოფიციალური პუნქტები – კვლავაც იქნება დაკომპლექტებული პერსონალით. პენსიონერებმა შესაძლოა დროულად ვერ მიიღონ ყოველთვიური სახელმწიფო გადასახდელები გადასახადების გადასახდელად და პროდუქტების საყიდლად, ხოლო ეროვნული პარკები შესაძლოა დაიხუროს.
ბოლო 10 წლის განმავლობაში აშშ-ში მთავრობის მუშაობის ასეთი შეჩერება 4-ჯერ მოხდა, თუმცა უმეტესად ის ერთ ან 2 დღეს გრძელდებოდა, სანამ კანონმდებლები კომპრომისამდე არ მივიდნენ და მთავრობის მუშაობა მთლიანად არ განაახლეს, თუმცა ერთი დახურვა, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დროს მოხდა, 35 დღე გრძელდებოდა, რამდენადაც ტრამპი წარუმატებლად ცდილობდა ამერიკა-მექსიკის საზღვრის გასწვრივ კედლის მშენებლობის დაფინანსების მოპოვებას.
კომენტარები