სოხუმის დაცემიდან 30 წელი გავიდა – 3 სიმღერა, რომელიც აფხაზეთის ომის დროს დაიწერა (ვიდეო)
ომის დროს დაწერილი სიმღერები განსაკუთრებული მუხტის მატარებელია. გულგრილად ვერცერთს მოისმენთ, თუმცა თითოეული მათგანი ძალიან განსხვავებულ ემოციებს იწვევს.
სამივე სიმღერა ამ კონფლიქტს სულ სხვადასხვა კუთხიდან აჩვენებს, თუმცა რეალურად რაიმეს ცხადად დანახვა რთულია, როდესაც ჯერ კიდევ ყველგან ტყვიები ზუზუნებს, ყოველდღე ახალ-ახალი საფლავები ითხრება და არავინ იცის, თუ რით დამთავრდება ეს ყველაფერი…
ინგა ბერაძე და გიგი გეგელაშვილი – „საბრძოლო“
ორი ვერსია არსებობს იმის თაობაზე, თუ ზუსტად როდის დაიწერა ეს სიმღერა. ინგა ბერაძე იხსენებს, ჩემმა მეუღლემ, დავით გეგელაშვილმა, ის ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში შექმნა, როდესაც ტამიშთან მიმდინარეობდა ბრძოლებიო. გიგი კი ჰყვება, მამაჩემს ეს სიმღერა სოხუმის დაცემის შემდეგ მოუვიდაო. ერთი მხრივ, იმდროინდელი ამბები ქალბატონ ინგას უკეთ უნდა ახსოვდეს. მეორე მხრივ კი, როდესაც სიმღერას ისმენ, უფრო მეორე ვერსიის გჯერა – მასში მარცხის შემდეგ გაჩენილი შეუპოვრობის განცდა უფრო ჩანს.
მართალია, სიმღერას „საბრძოლო“ ჰქვია (და უამრავ ამბავს ჰყვებიან, თუ როგორ გაამხნევა მან ფრონტის ხაზზე მებრძოლი ჯარისკაცები), მაგრამ ომახიანი არ ეთქმის. უფრო ალბათ განწირული თავდადების განწყობას ქმნის. პირველი სიტყვებიც ხომ ასეთია: „სევდა ჩუმად ათოვს დღეებს“ და მერეც: „მზე ამოვა სისხლისფერი და პატარა ათინათი გადმოგვხედავს სევდიანად ჩვენ“ – ასე გრძელდება. „იუთუბზე“ დატოვებული კომენტარებიც ამას მოწმობს: „ცრემლი მომადგა“, „ვიტირე“, „გულში ჩამწვდა“… – წერს ლამის ყოველი მეორე.
საბრძოლო სიმღერაა, მაგრამ უფრო იმ დროს სამღერი, როდესაც „შავი ღამის ჯინაზე“ ათენებ, გიტარაზე უკრავ და იცი – შეიძლება შენი ბოლო სიმღერაა.
ვალერი ბაღათელია – „რადა“
ვალერი ბაღათელია 70-იან და 80-იან წლებში სხვადასხვა ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლში მღეროდა. ომის დაწყების შემდეგ მისი „Хара харуаа реихабы“ („ჩვენი რაზმის მეთაური“) აფხაზეთის მხარეს მებრძოლთა საომარ ჰიმნად იქცა, თუმცა ეს სიმღერა ომამდე დიდი ხნით ადრეა დაწერილი. „რადა“ კი ომის დროს, ტრაგიკულ ვითარებაში შეიქმნა.
რადა ვალერი ბაღათელიას 6 წლის გოგონა იყო, რომელიც სოფელ კინდღში მოკლეს ბებიასთან და ბაბუასთან ერთად. აფხაზური მხარის ცნობით, მკვლელები ქართველი მებრძოლები იყვნენ. მომხდარის ქართული ვერსია ინტერნეტში ვერ მოვიძიე. თავად მამას ეჭვი არ ეპარებოდა, რომ შვილი ქართველებმა მოუკლეს. არ არის აუცილებელი ტექსტი გესმოდეს – ემოცია ისედაც გასაგებია.
ვალერი ბაღათელიას საფლავი ომის დასრულების შემდეგ სოხუმში აღმოაჩინეს. დღეს სიმღერას რადაზე მისი უფროსი და, რენატა მღერის ხოლმე.
ნატალია მედვედევა – „წავიდეთ ომში“
ეს სიმღერა იწყება სიტყვებით: „ოჩამჩირეში სიკვდილი ლამაზია“. ოჩამჩირეს, ცხადია, ნატალია მედვედევა წესიერად ვერც წარმოთქვამს – „ვ ოჩამშირახ“ – ასე ამბობს. ვნებით აღწერს, თუ რა სასიამოვნოა, როდესაც ფორთოხლის ბაღებში ავტომატს ეფერები და გასროლისას თავი ღმერთად წარმოგიდგენია.
რა დაკარგვია რუს მოდელსა და პოეტს აფხაზეთში? რატომ მოუწოდებს „მუჟიკებს“, რომ ავტომატებით ჩავიდნენ იქ, „სადაც ჯერ კიდევ შუა საუკუნეები მეფობს?“ ვისზე შესტკივა გული – „აქეთ“ მხარის ჯარისკაცებზე თუ „იქით“ მხარის მებრძოლებზე?
არც ერთზე და არც მეორეზე. მომღერალი იმაზე წუხს, რომ მოსკოვში ცხოვრება გაუსაძლისი გახდა – ავი და კარგი რთული გასარჩევია და ვერ გაიგებ, ვინ მტერია და ვინ მოყვარე. აფხაზეთის ომი მისთვის და მისი მეგობრებისთვის ეგზოტიკურ ადგილებში მიმდინარე კონფლიქტია, სადაც დიდ ქალაქში ცხოვრებით იმედგაცრუებული რუსები საკუთარ თავს იპოვიან.
ადგილზე მყოფთათვის ომი ტანჯვა და ტრაგედიაა. ჩამოსულებისთვის კი – ერთგვარი თავგადასავალი.
კომენტარები