ბრიტანეთის მეფე ჩარლზი III და დედოფალი კამილა სამდღიანი სახელმწიფო ვიზიტით საფრანგეთში იმყოფებოდნენ.
ჩარლზი პირველი ბრიტანელი მონარქი გახდა, რომელმაც საფრანგეთის სენატის მთავარ პალატაში სიტყვა წარმოთქვა. მან პირობა დადო, რომ ყველაფერს გააკეთებს საფრანგეთთან ალიანსის გასაძლიერებლად და კლიმატის ცვლილებასთან უფრო ეფექტიანად საბრძოლველად ახალი ანტანტის შექმნაზე ისაუბრა.
წინა დღეს ვერსალის სასახლეში მეფის პატივსაცემად საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის სახელით გრანდიოზული ბანკეტი გაიმართა.
ბანკეტის წინ განსაკუთრებული გულთბილი ურთიერთობა დამყარდა დედოფალ კამილასა და ბრიჯიტ მაკრონს შორის – წვეულების დაწყებამდე წითელ ხალიჩაზე დედოფალს, რომელსაც Dior-ის კაბა ამშვენებდა, საფრანგეთის პირველი ლედი, ფრანგული უშუალობით, მოსასხამის მორგებაში დაეხმარა.
ამ ინციდენტის მიუხედავად ქალბატონებმა შესანიშნავი დრო გაატარეს და დამეგობრდნენ კიდეც. ეს განწყობა მეორე დღესაც იგრძნობოდა, როცა სამეფო წყვილი პარიზის მახლობლად მდებარე სპორტულ ცენტრს სტუმრობდა.
ბრიტანეთის 76 წლის დედოფალი-კონსორტი და საფრანგეთის 70 წლის პირველი ლედი ერთმანეთს მაგიდის ჩოგბურთში შეეჯიბრნენ. დამარცხების მიუხედავად დედოფალი კამილა და მეფე ჩარლზი ხალისიან გაწყობაზე იყვნენ.
ვიზიტი მარტში იყო დაგეგმილი, თუმცა საპენსიო რეფორმების წინააღმდეგ გამართული აქციების გამო გადაიდო.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები