მოდა/სილამაზემსოფლიო

მილიონერი ლამაზმანები – THE SUN-მა მსოფლიოს უმდიდრესი სუპერმოდელების რეიტინგი გამოაქვეყნა

გამოცემა The Sun-ის მიერ შედგენილ მსოფლიოს უმდიდრესი სუპერმოდელების რეიტინგში 10 ლამაზმანია, რომელთა ქონება მილიონობით დოლარად ფასდება.

ტოპათეულის სათავეში, ბევრისთვის მოულოდნელად, 60 წლის ამერიკელი მოდელი და მსახიობი კეტი აირლენდი აღმოჩნდა, რომლის ქონება 428 მილიონი ფუნტია (538 მილიონი დოლარი). იგი 1984-იდან 1996 წლამდე ზედიზედ 13-ჯერ  ამშვენებდა Sports Illustrated-ის ყდას, ქონება კი მარკეტინგული კომპანია Kathy Ireland Worldwide-ის შექმნით მოიპოვა.

მეორე-მესამე ადგილი 57 წლის სინდი კროუფორდმა და Victoria’s Secret-ის ყოფილმა „ანგელოზმა“, 43 წლის ჟიზელ ბუნდჰენმა გაინაწილეს: ორივეს ქონება 317 მილიონ ფუნტს (399 მილიონი დოლარი) შეადგენს.

მეოთხე ადგილზეა მუსიკოს დევიდ ბოუის ქვრივი და კელვინ კლაინისა და ჯანი ვერსაჩეს მუზა, სომალელი წარმოშობის 68 წლის მოდელი იმანი, რომლის ქონება 158 მილიონი ფუნტია (198 მილიონი დოლარი).

მეხუთე ადგილი დაიკავა 50 წლის მოდელმა და ტელევარსკვლავმა ჰეიდი კლუმმა 127 მილიონი ფუნტით (159 მილიონი დოლარი), რომელიც, ძირითადად, სატელევიზიო შოუებში (Project Runway, America’s Got Talent და Germany’s Next Top Model) მონაწილეობის წყალობით დააგროვა.

მეექვსე ადგილს იკავებს 59 წლის ელ მაკფერსონი, რომელმაც 75 მილიონი ფუნტი (94 მილიონი დოლარი) გამოიმუშავა. გარდა მოდელობისა, იგი ცნობილია, როგორც მსახიობი. მაგალითად, სიტკომის „მეგობრების“ რამდენიმე ეპიზოდში მან ჯოი ტრიბიანის როლი შეასრულა.

მეშვიდე ადგილზე 49 წლის მოდელი და პროექტ America’s Next Top Model-ის შემქმნელი ტაირა ბენქსია. მისი ქონება 71 მილიონ ფუნტს (89 მილიონი დოლარი) შეადგენს.

მერვე ადგილი 53 წლის ნაომი კემპბელმა დაიკავა. მას ანგარიშზე 63 მილიონი ფუნტი (79 მილიონი დოლარი) აქვს.

მეცხრე ადგილზე 49 წლის ქეით მოსია, რომელმაც 55 მილიონი ფუნტი ($69 მილიონი) გამოიმუშავა.

დაბოლოს, მეათე ადგილზე რეიტინგში ყველაზე ახალგაზრდა მოდელი – 27 წლის კენდალ ჯენერია, რომელიც თავდაპირველად ცნობილი გახდა რეალითი შოუს – Keeping Up with the Kardashians-ის  წყალობით. მისი ქონება 45 მილიონ ფუნტს (56 მილიონი დოლარი) შეადგენს.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close