ვიდეოსპორტი

ქართველი სუპერმენის ისტორიული შედეგი – ლაშა ტალახაძე ძალოსნობაში ზედიზედ მეშვიდედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი

ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეშვიდედ მოიპოვა.

საუდის არაბეთში გამართულ ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე მძიმეწონოსანი ლაშა ტალახაძე აკვრაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ლაშამ პირველობა არავის დაუთმო, აგრეთვე, ორჭიდის ჯამშიც.

ქართველმა ათლეტმა ატაცში 208, 215 და 220 კგ დაძლია, აკვრაში კი 245 და 253 კგ დააფიქსირა.

ორჭიდის ჯამში მან 473 კგ-ის დაძლევა შეძლო.

ამ გამარჯვებით ლაშა ტალახაძემ, რომელიც 2 ოქტომბერს 30 წლის ხდება, ისტორიული შედეგი დააფიქსირა – იგი პირველია ქართველ სპორტსმენთა შორის, რომელიც ოლიმპიურ სახეობებში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი გახდა.

შეგახსენებთ, რომ ლაშა ტალახაძე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია (2016 წ. – რიო დე ჟანეირო და 2020 წ. – ტოკიო). ლაშა ზედიზედ 7-ჯერ გახდა ევროპის ჩემპიონი (2016-2023 წლებში).

ამ მხრივ მას მსოფლიოში ჯერჯერობით მხოლოდ ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, რვაგზის მსოფლიო და რვაგზის ევროპის ჩემპიონი ვასილი ალექსეევი (1942 წ. – 2011 წ.) უსწრებს.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, რომელსაც საფრანგეთის დედაქალაქი პარიზი უმასპინძლებს, ლაშა ტალახაძე +102 წონით კატეგორიაში იასპარეზებს (რიო დე ჟანეიროში 2016 წელს ლაშა  +105 წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, ტოკიოში 2020 წელს კი  +109 კგ-ში), რადგან პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ძალოსნობაში მედლები 14 წონითი კატეგორიის ნაცვლად 10-ში გათამაშდება.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close