ჩვენი ფავორიტიჯანმრთელობასაზოგადოება

44 წლამდე – ახალგაზრდა, რომელ ასაკშია ადამიანი მოხუცი?

დაბერების პროცესის შემობრუნებაზე მუშაობა მიმდინარეობს - როგორია პერსპექტივა?

სიბერეს სიცოცხლის დაისს უწოდებენ, ხან – მეორე ახალგაზრდობას, სიცოცხლის ოქროს ხანას ან მესამე ასაკს. ეს არის ადამიანის ცხოვრების ბოლო ეტაპი, რომლის თავიდან აცილებაც შეუძლებელია. ეს ეტაპი გაიარა ან გაივლის ყველა ადამიანი, რომელთა სიცოცხლეც ახალგაზრდობაში ტრაგიკულად არ შეწყდება. მაგრამ ვის უწოდებენ ოფიციალურად მოხუცს? და ახალგაზრდას?

აი, ასეთი ამბებია: ოფიციალურ ასაკს 65+ წელი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში და განვითარებული ქვეყნების უმეტესობაში „ხანში შესულის“ კატეგორიაში „გადასვლის ვადას“ უწოდებენ.

ამავდროულად, 2023 წლის მონაცემებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ახალგაზრდებს მიაკუთვნებს 18-იდან 44 წლამდე ასაკის ადამიანებს. მათივე კლასიფიკაციით, საშუალო ასაკი 45-იდან 59 წლამდეა. ხანში შესულებად ითვლებიან 60-იდან 74 წლამდე ადამიანები, მოხუცებად – 75-იდან 90 წლამდე. 90 წელზე მეტი ხნის ადამიანები კი ძლიერ ხანდაზმულები არიან.

2017 წელს იაპონიის გერონტოლოგიური საზოგადოების კომიტეტი, რომელიც წლების განმავლობაში გულმოდგინედ და მიუკერძოებლად სწავლობდა ზრდის/დაბერების პროცესს სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში, მივიდა დასკვნამდე, რომ „ხანდაზმულებად“ ამჟამად ითვლებიან 75 წელს ზემოთ ადამიანები, 90 წელს გადაცილებულები კი უკვე ძალიან მოხუცები არიან.

სტენფორდის უნივერსიტეტის ეკონომიკის პროფესორმა, ცნობილმა მეცნიერმა ჯონ შოვენმა მათემატიკური მოდელების საფუძველზე დაამტკიცა, რომ თუ ადამიანის გარდაცვალების ალბათობა მომდევნო წელს 2%-ს შეადგენს, მაშინ იგი „მოხუცია“. 1920 წელს ეს ასაკი იყო 55 წლიდან, დღეს უკვე – 70 წლიდან.

თუ თქვენი გარდაცვალების ალბათობა მომავალ წელს 4%-ია, მაშინ „ძალიან მოხუცების“ კატეგორიაში აღმოჩნდებით. 1920 წელს ეს ასაკი იყო 65 წლიდან, დღეს – 76 წლიდან.

ამავე კვლევაში მამაკაცის „საშუალო ასაკად“ 60+ წელი ითვლება, როდესაც ქალისთვის „საშუალო ასაკი“ 65 წლიდან იწყება, 1920 წელს კი „საშუალო ასაკი“ 40 წლიდან იწყებოდა.

პროფესორი შოვენი ირწმუნება, რომ „სამუშაოს შეწყვეტა 60 წლის ასაკში, როდესაც მოქალაქეს ჯერ კიდევ შეუძლია რეგულარულად იაროს სამსახურში, აიღოს ხელფასი და სასარგებლო იყოს საზოგადოებისთვის, უაზრობაა“.

სხვა კვლევამ, რომელიც აშშ-ის სტოუნი ბრუკის უნივერსიტეტის მკვლევრებმა – უორენ სანდერსონმა და სერგეი შერბოვმა ჩაატარეს, აჩვენა, რომ 65 წელი, რომელსაც ადამიანთა უმეტესობა „ხანდაზმულობის“ ასაკად მიიჩნევს, რეალურად არ შეესაბამება ამ კლასიფიკაციას. მეცნიერების თქმით, იმის მაგივრად, რომ ვითვალოთ, რამდენი წელი იცხოვრა ადამიანმა დაბადების შემდეგ, უნდა გავითვალისწინოთ, რამდენი ხნის სიცოცხლე დარჩა მას, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობიდან გამომდინარე.

2015 წელს ინგლისში მოსახლეობის მოსალოდნელი სიცოცხლის ხანგრძლივობა დაბადების მომენტში 79 წელი იყო მამაკაცებისთვის, 82 წელი – ქალებისთვის. ამ კვლევის თანახმად, ჯანსაღი ცხოვრების წესი, რომელიც სიცოცხლის ხანგრძლივობას ზრდის, აგრეთვე, ზრდის საშუალო ასაკის ხანგრძლივობას და სიცოცხლის ბოლო 15 წელს ტოვებს პერიოდად, როდესაც ადამიანი „მოხუცად“ ითვლება. „საშუალო ასაკი 60 წლიდან იწყება“, – ასკვნიან მკვლევრები.

„ასაკი სხვა არაფერია, თუ არა უბრალო რიცხვი. იმდენი წლისა ხართ, რამდენი წლისადაც მიგაჩნიათ თავი“, – აცხადებენ 70 წლის ადამიანები, რომლებიც აგრძელებენ მუშაობას, მისდევენ სპორტს და ნორმალური ცხოვრების (მათ შორის, სექსუალური) წესს. ამას ეთანხმება ჰარვარდის პროფესორი, ცნობილი გენეტიკოსი ჯორჯ ჩერჩი, რომელიც ადამიანის გენომის კარტირების პიონერი იყო  და ამჟამად „დაბერების პროცესის შემობრუნების“ მექანიზმზე მუშაობს.

რამდენიმე თვის წინათ სატელევიზიო პროგრამა „60 წუთში“ პროფესორმა ჩერჩმა თქვა: „ლაბორატორიულ ცხოველებში უკვე აღმოვაჩინეთ 8 სხვადასხვა მექანიზმი, რომელთა საშუალებითაც დაბერების პროცესს უკან შევაბრუნებთ. როდესაც ამ მოვლენასთან დაკავშირებული გენები ეცემიან, ჩვენ ისინი ისევ უნდა წამოვაყენოთ გენების ასლების დამატებით. ადამიანებზე კლინიკური ცდები მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში დაიწყება, როგორც კი ძაღლებზე მიმდინარე კლინიკური ცდები დასრულდება“.

100-ზე მეტი მეცნიერი მთელი მსოფლიოდან ჰარვარდში, პროფესორ ჩერჩის ლაბორატორიაში იმ პროგრამის რეალიზაციაზე მუშაობს, რომელიც ხანდაზმულ ადამიანებს საშუალებას მისცემს, გააუმჯობესონ თავიანთი ცხოვრების ხარისხი ორგანიზმის დაბერების პროცესით დაღდასმული თირკმლების, გულის და სხვა ორგანოების ფუნქციების გენეტიკური გაუმჯობესების ხარჯზე.

მანამდე კი, თუ გვინდა, გადავავადოთ დღე, როდესაც თავს „მოხუცებად“ ვიგრძნობთ, ყურადღება უნდა მივაქციოთ კვებას (ვჭამოთ ცოტა და ჯანსაღი საკვები), ყოველდღიურად მივდიოთ სპორტს, უარი ვთქვათ მავნე ჩვევებზე (მოწევა და სხვ.) და მცირე რაოდენობით მოვიხმაროთ ალკოჰოლი (დასაშვებია წითელი ღვინო), მეტი ვიძინოთ (კარგად გამოვიძინოთ!), შევამციროთ სტრესი და ერთმანეთის მიმართ უფრო მეტი სიყვარული გვქონდეს! 

ნინო ხოშტარია

ტესტი: თქვენს ასაკთან შედარებით უფრო ახალგაზრდა ხართ თუ უფრო ხანდაზმული? – ნახატი-ილუზია

ჰოროსკოპი: მათ წლები არ აშინებთ – ზოდიაქოს ნიშნების წარმომადგენლები, რომლებიც ლამაზად ბერდებიან

მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ხანდაზმულობის ასაკი იტალიაში 75 წლიდან იწყება

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close