საზოგადოებასაბერძნეთი

წყალდიდობის შედეგად საბერძნეთში 15 ადამიანი დაიღუპა, 2 დაკარგულს ეძებენ, თესალია ზარალს ითვლის

წყალი დაბინძურებულია, მკვდარ ცხოველებთან კონტაქტი სახიფათოა - უპირველესი პრობლემა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვაა

ცენტრალურ საბერძნეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა. ორი ადამიანი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

დაკარგულია ქონება, დანგრეულია სახლები, განადგურდა მოსავალი, ასობით ცხოველი დაიხრჩო. თესალია თავის ჭრილობებს აფასებს, რადგან ქარიშხალ „დანიელის“ მიერ მიყენებული ზარალი ყველაზე კოშმარული სახით ჩანს მას შემდეგ, რაც წყალი უკან იხევს.

მდინარე პინიოსის დონე ახლა 8 მეტრზეა, ლიმიტი 7 მეტრს შეადგენს, თუმცა ხელისუფლება ჯებირების აგებას განაგრძობს წყლის შესაკავებლად,  ხოლო მოსახლეობა კვლავ მზადაა, ახალი წყალდიდობის შემთხვევაში სახლები დატოვოს.

მეხანძრე-მაშველები სამაშველო სამუშაოებს, ხოლო გასული სამშაბათიდან, 5 სექტემბრიდან დღემდე სულ 4486  ადამიანი გადაარჩინეს და სამშვიდობოს გაიყვანეს.

ელექტროენერგიისა და წყლის გარეშე დარჩენილ პელიონის სოფლებში დრამატული ვითარებაა. ძლიერ არის დაზიანებული გზები, რის გამო ბევრი სოფელი რჩება მოწყვეტილი რჩება მთავარ გზებიდან.

ქალაქი ვოლოსი უზარმაზარ ნაგავსაყრელს ჰგავს, ის კვლავ რჩება სასმელი წყლის გარეშე.
ლარისას პრეფექტურაში ევაკუაცია გრძელდება ჯანულისა და ნეა სმირნის რაიონებში მუშათა სახლების დატბორილ ადგილებში.

გაფრთხილება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისთვის

უპირველესი პრიორიტეტი ახლა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვაა დამდგარი წყლის გამო შექმნილი მნიშვნელოვანი რისკების გამო.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ირინი აღაპიდაკიმ ERT-სთან საუბრისას გააფრთხილა მოსახლეობა, რომ „არსებობს ორი ძირითადი წყარო, რამაც შეიძლება ამ მხარეში ინფექციური დაავადებების აფეთქება გამოიწვიოს “ – ესენია უსაფრთხოების სტანდარტების შეუსაბამო წყლის გამოყენება და მკვდარ ცხოველებთან კონტაქტი.

„ერთი არის არასათანადო წყლის გამოყენება, ეს არის ჩამდგარი წყალი, ტალახი, წყლის მთელი ის ნაწილი, რომელიც წყალდიდობისგან მოდის. მნიშვნელოვანია, მოქალაქეებმა გაიგონ, რომ ეს წყალი პოტენციურად დაბინძურებულია, რადგან გადატანილი მასალების გარდა, მასში არის მღრღნელების, ჩამორეცხილი ცხოველების და ა.შ. ლეშები. ასე რომ, მოქალაქეებმა არ უნდა მიიღონ ეს წყალი ზღვიდანაც კი, რადგან ზღვაში ჩაირეცხა მკვდარი ცხოველებიც და გადასატანი მასალებიც ამოირეცხა, ეს წყალი სარეცხადაც არ უნდა გამოიყენონ, არც საკუთარ სახლში სარესტავრაციო სამუშაოების ჩასატარებლად“.

მისი თქმით., შექმნილია საგანგებო ჯგუფი, სანიტარიულ ეპიდემიოლოგიურ ლაბორატორიაში ამოწმებენ ყველაფერს, თითოეულ რაიონში მუშავდება ოპერატიული გეგმა, იღებენ წყლის სინჯებს და ანალიზის პასუხის მიღების შემდეგ ადგილობრივი ხელისუფლება წყალს მიმოქცევაში უშვებს.

გარდა ამისა, მან დაასახელა ის ადგილები, სადაც წყალმომარაგება აღდგა: „ვოლოსში ადგილობრივმა ხელისუფლებამ ასევე განაცხადა, რომ სისტემაში გაშვებული წყალი არ არის განკუთვნილი დასალევად და არც დასაბანად. ეს წყალი შესაფერისია სამუშაოს შესასრულებლად, მაგ., მოქალაქეებს შეუძლიათ სახლში გარეცხონ ქსოვილები, გამოიყენონ ასეთი ამოცანებისთვის და ა.შ. დასაბანად კი ადამიანებმა წყალი 100 გრადუსზე უნდა ადუღონ სამი წუთი, გააცივონ და შემდეგ გამოიყენონ“.

მისი თქმით, სასმელი წყალი უნდა იყოს უსაფრთხო, ხელისუფლება ტონობით ჩამოსხმულ წყალს ურიგებს მოსახლეობას ყოველდღიურად, რათა მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას.

მან გააფრთხილა მოქალაქეები, რომ მკვდარი ცხოველების შეხებაც საშიშია. 

„რეგიონის სამსახურებთან და, რა თქმა უნდა, კომპეტენტურ სოფლის განვითარების სამინისტროსთან თანამშრომლობით უკვე დავიწყეთ ყველა საჭირო ქმედება. დაიწყო ცხოველების შეგროვება, დაწვა და სანიტარიული დაკრძალვა. კიდევ უფრო ვაძლიერებთ რეგიონის ძალებს, რომ ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად განხორციელდეს, დამოკიდებული ვართ მისასვლელი გზების აღდგენაზე, მოგეხსენებათ დაგეგმილია დახოცილი ცხოველების შეგროვებაც“, – განაცხადა ქალბატონმა აღაპიდაკიმ.

დაზარალებულთათვის პლატფორმა გაიხსნა

აღსანიშნავია, რომ ორშაბათს, 9 სექტემბერს, დილის 10 საათისთვის გაიხსნა პლატფორმა  – arogi.gov დაზარალებულთათვის, ხოლო როგორც პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა განაცხადა, სახელმწიფო ბიუჯეტი ფერმერებისა და მესაქონლეებისთვის მიყენებულ ზარალს სრულად დაფარავს.

„ევროაქტივის“ ცნობით, წინასწარი მონაცემებით, წყალდიდობის შედეგად მიყენებული ზარალი 2,5 მილიარდ ევროს აღწევს.

მიცოტაკისი უახლოეს დღეებში შეხვდება ევროკომისიის პრეზიდენტ ურუსულა ფონ დერ ლაიენს, რათა უზრუნველყოს, რომ საბერძნეთმა ევროკავშირისგან სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად საჭირო დაფინანსება დროულად მიიღოს.

წყალდიდობა საბერძნეთში შტორმმა „დანიელმა“ გამოიწვია, რომელიც ქვეყნის ცენტრალურ ნაწილს 5 სექტემბერს დაატყდა თავს. მსგავსი სიძლიერის სტიქია საბერძნეთში 1930-იანი წლების შემდეგ არ მომხდარა.

ბუნებრივი კატასტროფის ზონა 10 სექტემბერს კიდევ ერთხელ მოინახულა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მთავრობა დაზარალებულ მოსახლეობას ფინანსურ დახმარებას გაუწევს.

რამდენიმე დღის წინ მიცოტაკისმა თქვა, რომ კომპენსაციების გასაცემად 2020 წელს ციკლონ „იანუსით“ გამოწვეული ზარალის ანაზღაურების სქემას გამოიყენებენ.

ნინო ბაჯელიძე

მსგავს თემაზე: „ბართლომეს ღამე გამოვიარეთ“ – ციკლონმა „იანუსმა“ საბერძნეთის კუნძულებს სერიოზული ზარალი მიაყენა (ვიდეო)

საბერძნეთში ისტორიული წყალდიდობა მოხდა, მოვარდნილმა წყალმა ყველაფერი წალეკა, არის მსხვერპლი (ვიდეო)

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close