ვიდეოსაბერძნეთი

საბერძნეთში ისტორიული წყალდიდობა მოხდა, მოვარდნილმა წყალმა ყველაფერი წალეკა, არის მსხვერპლი (ვიდეო)

ათენის ერთ-ერთ ქუჩაზე წყალმა ადამიანები გაიტაცა

საბერძნეთს ხანძრების შემდეგ ახალი სტიქიური უბედურება დაატყდა თავს. ციკლონმა Daniel-მა ძლიერი უამინდობა გამოიწვია. Ekathimerini-ს ცნობით, ქუჩებში მოვარდნილმა წყალმა ყველაფერი წალეკა. 

ცენტრალური საბერძნეთის საპორტო ქალაქ ვოლოსში ძლიერი წვიმა და ჭექა-ქუხილი დაახლოებით ათი საათის განმავლობაში გრძელდებოდა, მდინარეები ნაპირებიდან გადმოვიდა.

ხელისუფლებამ მოკლე ტექსტური შეტყობინებებით ცენტრალური საბერძნეთის სხვა არეალის მცხოვრებნიც გააფრთხილა, სახლებში დარჩენილიყვნენ.

ყველაზე ძლიერი წყალდიდობა თესალიაში მოხდა, მას უკვე უწოდეს „ისტორიული“, თითქმის მთლიანად დაიტბორა ქალაქი ვოლოსი.

კუნძულ კრეტიდან მანქანები წყალმა ღია ზღვაში ჩარეცხა, ხოლო კრეტის დაბლობი მთლიანად წყალქვეშ მოექცა.

დაიტბორა ასობით სახლი, დანგრეულია ხიდები, გზები. წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია 3 ადამიანი, 4 კი უგზო-უკვლოდაა დაკარგული.

წყალდიდობამ ავტობუსების მიმოსვლა შეაჩერა, მძღოლები მანქანებში ჩაკეტილები აღმოჩნდნენ.

ქალაქ ვოლოსში, ახლომდებარე პილიონის  (პელიონი, ბერძ. Πήλιο) რეგიონსა და საკურორტო კუნძულ  სკიათოსზე პოლიციამ უხვი ნალექის გამო მოსახლეობას გარეთ გასვლა აუკრძალა. პილიონის მთიანეთში ორშაბათს შუაღამიდან სამშაბათ დილამდე მოსული ნალექების მოცულობა რეკორდული იყო (754 მმ, ანუ 754 ტონა წყალი ერთ აკრზე) – ასეთი რაოდენობის ნალექი ერთ დღეში საბერძნეთში არასდროს მოსულა.

ადიდებულმა მდინარეებმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა გზებსა და ხიდებს. ზოგიერთ ადგილას მოსახლეობას დენის მიწოდება შეუწყდა, ელექტროენერგიის გარეშე დარჩა 200 ათასამდე ადამიანი. ხელისუფლება მოქალაქეებს აფრთხილებს, არ დალიონ ონკანის წყალი, რადგან ის წყალდიდობის გამო დაბინძურებულია.

უხვმა ნალექმა წყალდიდობები გამოიწვია ბულგარეთსა და თურქეთშიც.

მანანა ბანძელაძე

წყალდიდობა ათენში

სოციალური ქსელის მომხმარებელი ოლგა სტამბოლოგლუ აქვეყნებს ვიდეოს, რომელშიც ჩანს, ათენში, ევანგელიზმოს მხრიდან მოვარდნილი წყალი როგორ იტაცებს ადამიანებს ვასილისის სოფიასის ქუჩაზე, სხვა მოქალაქეები კი მათ წყლისგან თავის დაღწევაში ეხმარებიან.

ატიკის რეგიონში ძლიერი წვიმის და ჭექა-ქუხილის გამო მოსახლეობამ 112-ისგან გაფრთხილება მიიღო, მინიმუმამდე შეამციროს გადაადგილება და ხელისუფლების მითითებები გაითვალისწინოს. აგიოს ნიკოლაოსის მეტროს სადგური დაიტბორა.

მდინარე ილისოსი ნაპირებიდან გადმოვიდა. დაიტბორა ათენის ცენტრალური მოედანი – ომონიაც.

ათენის ნაციონალური ობსერვატორიის/Meteo.gr-ის ინფორმაციით, დღეს, 7 სექტემბერს საბერძნეთის კონტინენტურ ნაწილში, იონიის ზღვის რეგიონში და ეგეოსის ზღვის ჩრდილოეთ ნაწილის რეგიონში ისევ წვიმას და ლოკალურ შტორმებს ელოდნენ, თუმცა ციკლონი Daniel-ი, რომელმაც ძლიერი წვიმა, ნიაღვრები, ქარიშხალი და ჭექა-ქუხილი გამოიწვია, ნელ-ნელა ტოვებს საბერძნეთს, შესაბამისად, საღამოს უამინდობის მოვლენები შესამჩნევად ჩაცხრა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close