ვიდეოსაბერძნეთი

წყალდიდობა საბერძნეთში: დაღუპულთა რაოდენობა 10-მდე გაიზარდა, არიან უგზო-უკვლოდ დაკარგულებიც (ვიდეო)

ციკლონმა Daniel-მა უკან დაიხია, აღარ წვიმს, თუმცა სიტუაცია გაუარესდა

საბერძნეთში ციკლონ Daniel-ისა და მისგან გამოწვეული წყალდიდობების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ სამოქალაქო თავდაცვის მინისტრმა ვასილის კიკილიასმა პარასკევს შუადღისას განაცხადა.

წყალდიდობის მსხვერპლთა შორის 3 მამაკაცი და 7 ქალია, რომლებიც ცენტრალურ საბერძნეთში – ვოლოსში, მაგნისიაში, ასევე, ელინოპირგოში, პალამასში, ასტრიცასა და მარატეაში დაიღუპნენ.

ოფიციალური ინფორმაციით, 4 ადამიანი უგზო-უკვლოდაა დაკარგული და მათი ძებნა გრძელდება. მათ შორისაა ავსტრიელი წყვილი, რომელიც თაფლობის თვეს საბერძნეთში ატარებდა. ზოგიერთი მედიასაშუალება წერს, რომ წყალდიდობის შედეგად დაკარგულთა რაოდენობა უფრო მეტია და, პრაქტიკულად, „უცნობი“ რჩება, რადგან თესალიის (ცენტრალური საბერძნეთი) დაბლობზე წყლის ქვეშ აღმოჩნდა მინიმუმ ექვსი სოფელი, სადაც დაახლოებით 6 ათასი ადამიანი ცხოვრობდა.

ათენის ეროვნული ობსერვატორიის მონაცემებით, თესალიის დაბლობზე 750 ათასი ჰექტარი ტერიტორია დაიტბორა. ასობით ერთ- და ორსართულიანი სახლი წყალქვეშ აღმოჩნდა, როგორც სოფელ მეტამორფოსიში (იხ. ვიდეოში).

მდინარე პინიოსის დონემ 10 მეტრს მიაღწია და წყალი ისევ იმატებს

მთავარი მდინარის – პინიოსის ძლიერ ადიდების გამო მდინარის სიახლოვეს მდებარე ლარისის რამდენიმე სოფლის და რაიონის მცხოვრებლებმა პარასკევს ევაკუაციის ბრძანება მიიღეს.

სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო amna-ს ცნობით, უკვე დაიტბორა ლარისის გარეუბანი აგიოს ტომასი.

მეხანძრე-მაშველები და შეიარაღებული ძალები აგრძელებენ გადარჩენის ოპერაციას ჰაერიდან და ნავებით. ადამიანები თავიანთი სახლის სახურავებზე და ზედა სართულებზე ელიან მაშველებს, რათა დატბორილი რაიონიდან უსაფრთხო ადგილას გავიდნენ.

სახანძრო სამსახურის ცნობით, პარასკევს 11 საათამდე ჰაერიდან (ვერტმფრენით) 149 ადამიანი გაიყვანეს უსაფრთხო ადგილას.

სულ 5 სექტემბრიდან 8 სექტემბრის 20:00 სთ-მდე (ათენის დროით) მაშველებმა და შეიარაღებული ძალებმა 2500-ზე მეტი ადამიანი გადაარჩინეს – 2529 ადამიანი გაიყვანეს უსაფრთხო ადგილას. დროის ამ მონაკვეთში სახანძრო სამსახურში 6882 გამოძახება შევიდა, ძირითადად, წყლის ამოტუმბვის, საშიში ხეები მოჭრის და ადამიანთა უსაფრთხო ადგილას ევაკუაციის მოთხოვნით.

გეოლოგიისა და სტიქიური პროცესების მართვის პროფესორის, ეფტიმიოს ლეკასის თქმით, მთლიანად განადგურებულია ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო წარმოების 20-23%, რადგან ნაყოფიერი მიწები ნახევარ მეტრზე მეტი სიმაღლის თიხამ და ლამმა დაფარა, რაც სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოყვანის საშუალებას გამორიცხავს.

მისი შეფასებით, თესალიის დაბლობის ნაყოფიერების აღსადგენად, სულ ცოტა, 5 წელია საჭირო.

რაც შეეხება სასოფლო-სამეურნეო წარმოების დანაკარგებს და ზარალს, პროფესორ ლეკასის შეფასებით, 1 მილიარდ ევროს აღემატება.

მისი თქმით, არცერთ სახელმწიფო სამსახურს არ შეეძლო, წინასწარ განეჭვრიტა, რაც მოხდა. ეს მოითხოვს რთულ სამეცნიერო ცოდნებს, რომლებიც ამ დროისთვის არ გამოიყენება, თუმცა ადრე იგი გაფრთხილებას იძლეოდა, რომ თუ საგანგებო სიტუაციები შეიქმნებოდა, სახელმწიფო მზად უნდა ყოფილიყო, რაც არ მოხდა, ამიტომ საბერძნეთი ახლა 10 დაღუპულს გლოვობს.

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრს კირიაკოს მიცოტაკისის თქმით, დაზარალებულთათვის კომპენსაციების გაცემისას ამჯერადაც 2020 წელს ციკლონ „იანუსის“ მიერ მიყენებული ზარალის ანაზღაურების სქემით იხელმძღვანელებენ.

„ჩვენი მთავარი ამოცანაა – გამოვიყვანოთ ადამიანები და დავაპუროთ. ელექტრო და წყალმომარაგების აღდგენა, აგრეთვე, უპირველესი ამოცანაა“, – თქვა მან ვოლოსის რატუშაში კომპეტენტურ ორგანოებთან შეხვედრისას.

პინიოსზე სიტუაცია კონტროლიდან გამოვიდა, მდინარის დონემ კატასტროფულად მოიმატა, ამიტომ, ლარისის გადარჩენის მიზნით, მიღებულია გადაწყვეტილება გირტონის კაშხლის ჯებირების დანგრევის შესახებ – ვიდეოში ჩანს, როგორ ანგრევს ექსკავატორი ჯებირს.

ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ლარისისა და იმ რაიონების მაცხოვრებლები, სადაც მდინარე პინიოსი მიედინება, მზადყოფნაში არიან, ზოგიერთ სოფელში კი უკვე გაიცა ევაკუაციის ბრძანება. წყლის ნაკადები ვოლოსიდან, კადრიციდან და ტრიკალიდან პინიოსში შეიყარა, რის გამოც მდინარის დონემ 10 მეტრამდე აიწია. 

ლარისის მერმა აპოსტოლოს კალოიანისმა განაცხადა, რომ ტრიკალიდან მეტისმეტად დიდი რაოდენობის წყალი მოდის, ამიტომ შეუძლებელია იმის პროგნოზირება, თუ როგორ განვითარდება სიტუაცია ლარისაში ღამით და მერეც. თუ წყის ნაკადების შეჩერებას ვერ მოახერხებენ და მდინარის დონე კიდევ უფრო მოიმატებს, ლარისამ შესაძლოა ვოლოსის ბედი გაიზიაროს – ქალაქი  200-ათასიანი მოსახლეობით დატბორვის რეალური საფრთხის ქვეშაა.

მისივე თქმით, მსგავსი პრობლემის წინაშე აქამდე არასდროს დამდგარან, ცდილობენ, ზარალი მინიმუმამდე დაიყვანონ და არცერთი ადამიანის სიცოცხლე არ დადგეს საფრთხის ქვეშ, ამიტომ მოუწოდებს მოქალაქეებს, მოუსმინონ ხელისუფლებას და მის მითითებებს დაემორჩილონ. „ჩვენ გვაქვს დახმარების შესაძლებლობა“, – თქვა მერმა.

ქალაქის ზოგიერთი მაცხოვრებელი უკვე ტოვებს საკუთარ სახლს და ნათესავებთან მიდის უსაფრთხო ადგილას.

ნინო ხოშტარია

ამავე თემაზე: საბერძნეთში ისტორიული წყალდიდობა მოხდა, მოვარდნილმა წყალმა ყველაფერი წალეკა, არის მსხვერპლი (ვიდეო)

საბერძნეთში ისტორიული წყალდიდობა მოხდა, მოვარდნილმა წყალმა ყველაფერი წალეკა, არის მსხვერპლი (ვიდეო)

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close